ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში"იმედის დღე"საუბრობს იმ მიზეზებზე, რომლებიც მამაკაცებში უშვილობას განაპირობებს:
- აღნიშნულ პრობლემას ექსპერტები გლობალურ პრობლემას უწოდებენ. ზოგადად, რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება, სტატისტიკურად, ყოველ მე-20 მამაკაცთან აღინიშნება. თუმცა, ქვეყნების მიხედვით ეს სტატისტიკა განსხვავებულია. სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი ანუ სპერმატოგენეზის პროცესი ბოლო 40 წლის განმავლობაში 50%-თაა შემცირებული. ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაშო მონაცემია. ხშირად, ჰორმონული დისბალანსი ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი და განმაპირობებელი რისკფაქტორია. როდესაც ჰორმონულ დისბალანსზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ტესტოსტერონზე ვაკეთებთ აქცენტს. ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონი გახლავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ანდროგენია. ის პასუხისმგებელია როგორც მამაკაცის ჯანმრთელობაზე, ასევე მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე. როდესაც ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, ეს მნიშვნელოვანწილად სპერმაში სპერმატოზოიდების ხარისხსა და განაყოფიერების უნარს ამცირებს. ასევე პრობლემაზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, მათ შორის, სიმსუქნე.
იმ მამაკაცებს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს, 50%-ით მეტი ალბათობა აქვთ იმისა, რომ დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. იგივე შეიძლება ვთქვათ მოწევაზე. მწეველებსა და არამწეველებში ამ მაჩვენებლების შედარების საკმაოდ ვალიდური მონაცემებია. მწეველებთან 30%-ით მეტია იმის ალბათობა, რომ დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ერთ-ერთი რისკფაქტორია და ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებს შესაძლოა, 30%-ით დაბალი ტესტოსტერონი ჰქონდეთ. 30 წლის ასაკის შემდეგ ტესტოსტერონის მაჩვენებელი 1-2%-ით ქვეითდება.
ალექსანდრე ხელაია, უროლოგი, ანდროლოგი საუბრობს, ყველაზე ხშირად რა არის მამაკაცების უშვილობის მიზეზი:
- პირველ ადგილზე თანამედროვე მამაკაცის ცხოვრების წესია. ყოველთვის ვეუბნები მამაკაცებს, ყოველ დღე ერთი ღერით რომ შეამცირონ სიგარეტი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის მოხმარებას შეწყვეტენ. ცხოვრების წესი და ჩვენი საკვები უპირველესია. ჭარბი წონა, დიაბეტი, ალკოჰოლი, თამბაქო მამაკაცის უშვილობის პრობლემას განაპირობებს. ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. კომპლექსური პრობლემაა.
იმისათვის, რომ პრობლემა გამოვიკვლიოთ, სპერმის ანალიზის ჩაბარება და ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია.
მედიცინა უშვილობის პირველად და მეორეულ ფორმას გამოყოფს. მეორეული ფორმის დროს, შესაძლოა, ოჯახში, პირობითად, 2 ბავშვი უკვე იყოს, მესამის გაჩენა სურთ, მაგრამ ვეღარ ახერხებენ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და პირველადი უშვილობის ფორმას სტატისტიკურად არანაირად არ ჩამოუვარდება.
გადატანილ ინფექციებსაც საკმაოდ დიდი როლი აქვს. ამაზე ხშირად ვსაუბრობ. ყველა მამაკაცი, ვიდრე დაოჯახებას დააპირებს, ექიმთან უნდა მივიდეს და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე შემოწმდეს.
საქართველოში მამაკაცების უნაყოფობის პრობლემა მზარდია. მთელ მსოფლიოში მეტაბოლური სინდრომის ეპიდემიაა. კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ომეგა 3, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. დადგენილია, რომ იმ წყვილებში, რომლებიც 28 დღის განმავლობაში 8-ზე მეტ ულუფა ზღვის პროდუქტებს იღებენ, დაორსულება გაცილებით სწრაფად ხდება.