დიახ, ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის 1 ივნისს გამოჩნდა ონლაინსივრცეში პირველი ქართულენოვანი ვებგვერდი მშობლებისთვის - mshoblebi.ge. ვებგვერდი, სადაც მშობელი წაიკითხავს ყველაფერს - საჭიროს, საინტერესოს, გასართობს თუ თავშესაქცევს. აქ ხომ ერთად არის თავმოყრილი, უკვე ათასობით სტატიის არქივის მქონე რუბრიკები ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიაზე, განათლებაზე, ოჯახურ და ცოლქმრულ ურთიერთობებზე - იმაზე, რაც მუდმივად გვაღელვებს და გვაინტერესებს. და კიდევ - გასართობი და თავშესაქცევი, ხან - საჭორაო ამბებიც, როგორც ხანდახან მოუნდება ხოლმე საქმეებითა და საზრუნავით გადაღლილ დედას, 10 წუთით რომ ჩამოჯდება ფინჯან ყავაზე.
10 წლის წინ ქართულენოვანი ვებგვერდის შექმნის იდეა სწორედ ასეთ, ჩვეულებრივ დედებს გაუჩნდათ - შორენა ბურდილაძესა და ლელა ზურებიანს, რომლებიც ახლაც გვერდის რედაქტორები არიან. როცა ისინი, უკვე გამოცდილი ჟურნალისტები, თავადაც მშობლები გახდნენ, აღმოაჩინეს, რომ არ იყო ინტერნეტსივრცეში ისეთი გვერდი ქართულ ენაზე, სადაც აღმოაჩენდნენ საჭირო ინფორმაციას, პასუხებს აქტუალურ შეკითხვებზე, სანდო რჩევებს და ა.შ. ეს იდეა და სურვილი გაუმხილეს "მედია პალიტრას" და ასე დაიბადა mshoblebi.ge.
გვერდს ძალიან მალე გამოუჩნდა ერთგული მკითხველები, ფეისბუქზე ჩვენს გვერდს 280 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებს შორის კი არის სტატიები, რომლებსაც 2-3-მილიონიანი ნახვა აქვს, ყოველდღიურად საშუალოდ 50 ათასი ადამიანი ვიზიტორი ჰყავს ვებპლატფორმას, ხოლო წლის განმავლობაში - 3 მილიონზე მეტი მკითხველი.
ყველაზე დიდ დაინტერესებას იწვევს თემები ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიაზე, ორსულობა-მშობიარობაზე, დედების მიერ გაზიარებული გამოცდილებები, ჯანსაღი რეცეპტები, განათლების საკითხები და ასევე ამბები, რომლებსაც თავად მშობლები - ჩვენი ერთგული მკითხველები გვწერენ და გამოქვეყნებას გვთხოვენ ხოლმე. რუბრიკები ქვერუბრიკებად არის დაყოფილი - მაგალითად, ფსიქოლოგიის რუბრიკაში აღმოაჩენთ ერთად თავმოყრილ სტატიებს 6 წლამდე ასაკის მოზარდებზე, 6-დან 12 წლამდე მოზარდებზე, გარდატეხის ასაკის მქონე მოზარებზე და ასევე სტატიებს, რომლებიც შვილის ასაკის მიუხედავად აქტუალურია ყველა მშობლისთვის.ასეა დაყოფილი ყველა რუბრიკა - თემატურად და თითოეულ რუბრიკაში ასობით სტატიაა თავმოყრილი, იქნება ეს სპეციალისტების ინტერვიუები, კვლევები თუ გამოცდილი მშობლების რჩევები. ასე გაცილებით მარტივია მკითხველისთვის ორიენტირება და სწორედ მისთვის საჭირო სფეროების პოვნა.
ვებგვერდზე არის სტატიები, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის მკითხველი დააგროვა. მაგალითად, სტატია, უნდა თუ არა ოჯახს დედის მსხვერპლი? - 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა!!!
mshoblebi.ge ყველა ასაკისა და მდგომარეობის ადამიანისთვის შეიქმნა, რომელსაც კი ოჯახური ურთიერთობები და მშობლური თემები აინტერესებს. აქ შეგხვდებათ თემები ორსულებისთვის, მამებისთვის, ბებია-პაპებისთვის, ცოლ-ქმრისთვის, ამიტომაც არის, რომ ათი წლის განმავლობაში უამრავი მკითხველი, გულშემატკივარი შევიძინეთ და გარდა ამისა, ყველა სფეროდან გამოცდილი ადამიანები - ექიმები, პედაგოგები, ფსიქოლოგები და ა.შ., - გვენდობიან და სიამოვნებით გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ჩვენი მკითხველისთვის.
ვებგვერდის შემქმნელები და თანამშრომლები უკვე 10 წელია, აქტიურად ვზრუნავთ იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს მკითხველის საჭიროებები, სურვილები, აქტუალური თემები, მოგაწოდოთ ყოველთვის გადამოწმებული, სანდო ინფორმაცია, სიახლეები და რჩევები ყველა სფეროდან, რომელიც კი შეიძლება მშობელს აინტერესებდეს, აღელვებდეს და სჭირდებოდეს! თქვენთან ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და გვინდა, ის დიდი შრომა და ზრუნვა, რასაც ამ საქმეში ვდებთ, სასიკეთოდ წაგადგეთ თქვენ და თქვენს შვილებს, ჩვენ და ჩვენს შვილებს.