თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რომელ დაავადებებს შეიძლება უკავშირდებოდეს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება და რატომაა ასეთ დროს სპეციალისტის ჩართვა აუცილებელი:
- ქოშინი ცალსახად გახშირებული სუნთქვაა. საშუალოდ, წუთში სუნთქვა 12-დან 20-მდეა. ამას რომ გადააჭარბებს, სწრაფად სუნთქვა რომ სურს, იმისთვის, რომ ორგანიზმის ჟანგბადის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, ამას ქოშინი ჰქვია. ხოლო, სუნთქვის გაძნელება, შეიძლება სუნთქვის სიხშირის მატებასთან დაკავშირებული არ იყოს და ადამიანს ჩასუნთქვა ან ამოსუნთქვა უძნელდებოდეს. ამის კლასიკური მაგალითია ასთმა. როცა, შესაძლებელია, პაციენტს გახშირებული სუნთქვა არ ჰქონდეს, მაგრამ შეტევის დროს მას ძლიერად გახანგრძლივებული ამოსუნთქვა აქვს. ამოსუნთქვას თან ახლავს სტვენა, ანუ მისი სუნთქვა ხმაურიანია. ეს სუნთქვის გაძნელების კლასიკური მაგალითია, რასაც დაავადება იწვევს. სუნთქვის გაძნელების ფსიქოემოციური მაგალითიც არსებობს, როცა ადამიანი ამოსუნთქვას ბგერის გამოცემასთან ასოცირებულს ხდის. ქართულ ენაში ამას ხვნეშას, ოხვრას ვუწოდებთ. ხშირად მიმართავენ იმიტომ, რომ ასე ამოსუნთქვა უადვილდებათ, თითქოს, რაღაც ენერგიას ხარჯავენ... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეიძლება დაავადებასთან ასოცირებულიც იყოს. არ შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ თუ ადამიანი ოხრავს, ის მარტო ფსიქოემოციურია. მაგრამ, შეიძლება სუფთა ფსიქოემოციურიც იყოს.
პაციენტებისაგან ხშირად მომისმენია, რომ ამოსუნთქვა უჭირთ. ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის განსაზღვრა ერთმანეთში ერევათ ხოლმე. ამოსუნთქვის გაძნელება კონკრეტულ დაავადებებთანაა ასოცირებული. თუმცა, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რა არის ამოსუნთქვა და რა - ჩასუნთქვა. ამოსუნთქვას ხშირად ჩასუნთქვას არქმევენ იმიტომ, რომ რაკი ,,ა“-ს ვამბობთ და პირს ვაღებთ, რატომღაც ეს აქტი ამოსუნთქვასთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, ეს ჩასუნთქვაა იმიტომ, რომ ორგანიზმში ჰაერი ჩადის. როცა ორგანული პათოლოგია არ არის და ეს შეიძლება შფოთვასთან ასოცირდებოდეს, როცა ადამიანი ფსიქოემოციური დატვირთვის ფონზე გაძლიერებულად სუნთქავს, ამ დროს ყველაზე ხშირად შესაძლოა, ჩასუნთქვის პროცესი გაძნელდეს, შესამჩნევი გახდეს და პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ ბოლომდე ვერ სუნთქავენ. ეს ძალიან დიდ პროცენტში ფსიქოემოციურ მომენტებთანაა დაკავშირებული. ხოლო, რაც შეეხება სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას, პათოლოგიას, რა საკვირველია, ძალიან საყურადღებოა. მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, ასთმის დროს, მაშინ, როცა რეალური საფუძველი აქვს სუნთქვის გაუარესებას. თუმცა, ეს ექიმმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს.