"არ არსებობს წამალი, საშუალება, რომელიც გველს ხანგრძლივად დააფრთხობს" - ვის უნდა მიმართოთ, თუ გველს შენიშნავთ და რა მეთოდები ამცირებს ქვეწარმავლების გამოჩენის რისკს - მშობლები

"არ არსებობს წამალი, საშუალება, რომელიც გველს ხანგრძლივად დააფრთხობს" - ვის უნდა მიმართოთ, თუ გველს შენიშნავთ და რა მეთოდები ამცირებს ქვეწარმავლების გამოჩენის რისკს

2024-06-03 16:22:38+04:00

ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ქვეწარმავლებიც გააქტიურდნენ. მოქალაქეები ქუჩაში, საკუთარი სახლის ეზოში, სადარბაზოებში გველს ხშირად აღმოაჩენენ და არ იციან, ასეთ დროს რა უნდა გააკეთონ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ნიკა არაგველი გვესაუბრება, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალს აღმოაჩენთ და რა სერვისებით შეგიძლიათ, ისარგებლოთ:

- იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავალი დააფიქსირეთ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე (2 421 424) უნდა დარეკოთ. ჩვენი რეაგირების ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მივა ადგილზე და ვითარებას შეისწავლის. ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, დაიჭერენ და განარიდებენ. შესაბამისი ჯგუფის გამოძახება უფასოა. თუ ქვეწარმავალი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს, მოთხოვნის შემთხვევაში, ტერიტორიის რეპელენტით დამუშავება ხდება, რაც კონკრეტული არალის ქვეწარმავლის დამაფრთხობელი ხსნარით შეწამვლას გულისხმობს. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, 100%-იან დაცვას არ უზრუნველყოფს, თუმცა პრევენციის ერთ-ერთი სახეა, რაც ქვეწარმავლის განმეორებით გამოჩენის რისკებს ამცირებს. საერთო სარგებლობის სივრცეებისათვის, მუნიციპალური ტერიტორიის დამუშავება უფასოა. კერძო საკუთრებისათვის კი 1 კვადრატული მეტრის ე.წ. შეწამვლა 50 თეთრი ღირს. როგორც გითხარით, რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება, ისევე, როგორც სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოს გამოყენება, რომელიც ვიბრაციას გამოსცემს, პრევენციისთვისაა და რისკებს ამცირებს. თუმცა, 100%-იანი დაცვა არ აქვს.

- რა შეიძლება ადამიანებმა პრევენციისათვის გააკეთონ?

- პირველ რიგში, ქვეწარმავალი ყოველთვის იმ ტერიტორიაზეა, სადაც მისთვის მყუდრო გარემოა და საკვებს მოიპოვებს. ქვეწარმავალი ძირითადად მღრღნელებით იკვებება. ამიტომ, ჯერ მღრღნელების საწინააღმდეგო პრევენციაა მნიშვნელოვანი. ასევე, ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელია. არ უნდა იყოს ისეთი ნივთები დალაგებული, სადაც ქვეწარმავალი შეძრომას და გაჩერებას მოახერხებს. ბალახი უნდა გათიბოთ და გარემო ამ კუთხითაც მოაწესრიგოთ.

- მოსახლეობაში ქვეწარმავლებისაგან თავდასაცავად სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ. მაგალითად, რეზინს ცეცხლს უკიდებენ, გოგირდს იყენებენ. რამდენად ეფექტურია მსგავსი მიდგომა?

- მსგავსი ხერხები ნამდვილად არ მოქმედებს და მითია.

- სახლში ხომ არ შეიძლება იყოს რაიმე ისეთი ცხოველი, ფრინველი, რომლებიც ქვეწარმავალს შეაშინებს ან შეჭამს?

- ასეთი არ არსებობს. ქვეწარმავალი მიდის ყველგან, სადაც საკვებს მოიპოვებს. ტყეში კი, სადაც ბევრი სხვადასხვა ცხოველი და ფრინველია, იქაც კი ბინადრობს.

- თუ ადამიანი ქვეწარმავალს სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩენს, ვიდრე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიდან დასახმარებლად მივლენ, რისი გაკეთება შეუძლია ან პირიქით, რა არ უნდა გააკეთოს?

- პირველ რიგში, როდესაც ადამიანი ქვეწარმავალს აღმოაჩენს, მაქსიმალურად განერიდოს იმ ტერიტორიას და რაც შეიძლება სწრაფად დარეკოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში. ნებისმიერ შეტყობინებაზე, სააგენტოს შესაბამისი ჯგუფები მზად არიან, რომ დროული რეაგირება ჰქონდეთ. ამიტომ, ჩვენი პირველი რეკომენდაცია სწორედ ეს არის - ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, განერიდონ ტერიტორიას და დარეკონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში. ახლოს ნუ მიხვალთ და ნურც დაჭერას შეეცდებით. თუ ადამიანი ჰერპეტოლოგი არ არის, ნამდვილად გაუჭირდება იმის გარჩევა, ქვეწარმავალი შხამიანია თუ არა. ამიტომ, სპეციალისტის მისვლა აუცილებელია.

- როდის აქტიურდებიან ქვეწარმავლები ყველაზე მეტად?

-მოგეხსენებათ, ზაფხული არის ის პერიოდი, როდესაც ქვეწარმავლები განსაკუთრებით აქტიურდებიან. როდესაც დაცხება, ქვეწარმავალიც ბუნებრივ არეალში მაშინ გამოდის. უკვე სექტემბრიდან ქვეწარმავლებთან დაკავშირებული შეტყობინებები განახევრებულია. ყველაზე აქტიური ფაზა მაისი-ივნისი-ივლისის მონაკვეთია.

ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი გვესაუბრება, რა შეგიძლიათ, პრევენციის მიზნით გააკეთოთ და როგორ შეიძლება, განასხვაოთ, ქვეწარმავალი შხამიანია თუ არა:

- არ არსებობს წამალი და საშუალება, რომელიც გველს ტერიტორიიდან ხანგრძლივი პერიოდით დააფრთხობს. შეწამვლითი ღონისძიებები, აპარატები, რომლებსაც მიწაში არჭობენ და ვიბრაციას გამოჰყოფს, რეალურად, ძალიან მცირე ეფექტისაა. ამიტომ, როდესაც გველს დაინახავთ, ნუ მიეკარებით, თავად დაჭერასა და მოკვლას ნუ ეცდებით. ვიდრე ეკიპაჟი მოვა, თვალი უნდა მიადევნოთ, თუ სად წავა, რომ სპეციალისტებს მისი აღმოჩენა გაუმარტივდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდეს და ადამიანებმაც, როდესაც ქვეწარმავალს შენიშნავენ, დროულად დარეკონ შესაბამის სამსახურში, რადგან ქვეწარმავალი ცოცხალი არსებაა და გაქცევას ეცდება. შეიძლება, სადღაც ერთ ადგილას შეძვრეს და მომდევნო ან შემდეგ დღეებში გამოვიდეს. ამიტომ, სწრაფი რეაგირება აუცილებელია. ერთადერთი, რაც ადამიანს შეუძლია საკუთარ ეზოში გააკეთოს, არის ის, რომ გარემო მოაწესრიგოს. გველს თავშესაფარი არ უნდა ჰქონდეს. არ უნდა ეყაროს ნივთები, სამშენებლო მასალები, სადაც ქვეწარმავალი შეძვრება და თავს შეაფარებს. არ უნდა იყოს დიდი ბალახი, მოუწესრიგებელი მწვანე საფარი. ტერიტორიაზე თაგვები არ უნდა იყვნენ, რადგანაც გველი თაგვს ჭამს. მიმზიდველი გარემო არ უნდა ჰქონდეს. ის შეიძლება, შემოვიდეს, თუმცა აღარ გაჩერდება და წავა. ქვეწარმავლები აქტიურდებიან იმ პერიოდიდან, როდესაც გარემოში ტემპერატურა იმატებს. ხშირად გრილ ადგილს ეძებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შესაძლოა, სარდაფში, გრილ ადგილში აღმოვაჩინოთ. არის შემთხვევები, როდესაც სახლშიც შედის. ასეთ დროს, შესაძლოა, ჩანთით პროდუქტებთან ერთად მიიტანოთ, კედელზე სუროებს აჰყვეს, პირველ სართულზე შესრიალდეს...

- როგორ შეიძლება ადამიანმა განასხვაოს, ქვეწარმავალი შხამიანია თუ არა?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. ბევრი სახეობის გველი, რომლებიც არ არის შხამიანი, შხამიანს ჰგავს. თავად მიემსგავსებიან, ბაძავენ ხოლმე. შხამიანი გველი სხვა გველებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია. ძალიან მსხვილია, ვიწრო კისერი, დიდი თავი, მოკლე, წვრილი კუდი აქვს, ზურგზე სხვადასხვა ფორმის ფიგურით. ძირითადად, ნაცრისფერია, შავი ლაქებით და ვერტიკალური გუგა აქვს.

- გველხოკერაზე ხშირად ამბობენ, რომ თავად ჭამს გველს და უსაფრთხოა. რამდენად მართალია ეს?

- გველხოკერა ხვლიკია, რომელიც თბილისის მასშტაბით ფართოდ გვხვდება. დიდი ზომისაა და ბევრს გველში ეშლება. მას გველისთვის დაზიანების მიყენება არ შეუძლია. პატარა გველი შეიძლება, შეჭამოს, მაგრამ დიდ გველს ვერაფერს უშვრება. თავად გველხოკერა უვნებელია, არ იკბინება და საფრთხეს არ წარმოადგენს.

თამარ იაკობაშვილი

რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და რას გვირჩევს სპეციალისტი, თუ გველს გადავეყარეთ - თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია
შხამიანი გველები ხვდებიან ისეთ ადგილებშიც, სადაც წესით არ ბინადრობენ... - ჰერპეტოლოგის გაფრთხილება მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ბუნებაში ატარებენ