ხონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლის მე-12 კლასელი მონაწილეობდა და მათ მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი და გამორჩეული ნომერი შესთავაზეს. თუმცა, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია ნომერმა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცეკვავს ეტლში მჯდომი გოგონა მეგობრებთან ერთად. საცეკვაო ნომერში კუხის საჯარო სკოლის უკვე კურსდამთავრებული, ანი კაკაბაძე მონაწილეობდა. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი და ღონისძიების ორგანიზატორი მარიკა რუხაძე გვიყვება, როგორ გაჩნდა მასშტაბური ბოლო ზარის მოწყობის იდეა:
- ღონისძიების ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი ხონის მუნიციპალიტეტის მერიაა. ეს მასშტაბური მუნიციპალური ბოლო ზარი იყო, რომელშიც მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა სკოლის მე-12 კლასელი იყო ჩართული. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მათთვის დასამახსოვრებელი დღე გვეჩუქებინა. გვინდოდა, ისინი გაგვეერთიანებინა, ერთმანეთისათვის გაგვეცნო და დაგვემეგობრებინა. მართლაც, ბავშვები სხვადასხვა სკოლიდან ძალიან დამეგობრდნენ, იხალისეს და მიზანი, რისთვისაც ეს ღონისძიება დავგეგმეთ, ნამდვილად შესრულდა. ეს იყო დასამახსოვრებელი, დაუვიწყარი დღე არა მარტო მე-12 კლასელებისათვის, არამედ ყველა ხონელისათვის, დამსწრე საზოგადოებისათვის. ყველა კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო. ორგანიზატორებმა, ქორეოგრაფებმა, მოსწავლეებმა ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. თავად მუსიკოსი ვარ და სასიმღერო ნომრების მომზადებაშიც ვმონაწილეობდი. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო.
რაც შეეხება საცეკვაო ნომერს, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა, ნამდვილად ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი ნომერი იყო. ანი კაკაბაძე კუხის საჯარო სკოლის უკვე კურსდამთავრებულია. ძალიან აქტიური, მიზანდასახული, ნიჭიერი და მონდომებული გოგონაა. ერთი რეპეტიცია არ გაუცდენია არც ცეკვის, არც სიმღერის მიმართულებით. მონდომებამ და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო.
ცეკვა ქრისტინე ზაქრაძემ დადგა და ანის ამ ნომერში ჩართვა სწორედ ქრისტინეს დამსახურებაა. ანი ასევე სიმღერებშიც აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა, ეს საცეკვაო ნომერი მთელი ღონისძიების გვირგვინი იყო, რისთვისაც ბავშვებსაც და ქორეოგრაფსაც დიდი მადლობა. ასევე, დიდი მადლობა, ქალაქის მერს, ღონისძიების ორგანიზატორებს, ყველა ქორეოგრაფს, მასწავლებელს.
მიხარია, რომ ჩვენს მასშტაბურ ბოლო ზარს ამხელა გამოხმაურება მოჰყვა. მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლიდან ამას უკვე ტრადიციული სახე ექნება და კვლავ გაიმართება. შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მეტი გამოცდილება გვექნება და სიახლეებსაც შევძენთ.
თამარ იაკობაშვილი