მთელი ქონება დედის სახელზე გააფორმა და განქორწინებისას ცოლს არაფერი ერგო... - როგორ ცხოვრობს იბა აბუკი ორ შვილთან ერთად
შარშან გაზაფხულზე მსოფლიო პრესა წერდა ამ ამბის შესახებ. 4-წლიანი ქორწინების შემდეგ ცნობილი მაროკოელი ფეხბურთელის აშრაფ ჰაკიმის ასევე ცნობილმა ცოლმა - ესპანელმა მსახიობმა ჰიბა აბუკმა განქორწინება გადაწყვიტა. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. ჰიბა ჰაკიმიზე 12 წლით უფროსია, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მათი გახმაურებული რომანისთვის. "პსჟ"-ს ფეხბურთელმა მალევე გადაწყვიტა დაქორწინება და ერთად ყოფნისას ორი ვაჟიც შეეძინათ...
თუმცა როგორც ჩანს, პრობლემებმა მალევე იჩინა თავი. 2023 წელს კი ჰაკიმის გაუპატიურებაში დასდო ბრალი 24 წლის გოგონამ და სერიოზული სკანდალი აგორდა. ამბობენ, რომ ეს ბოლო წვეთი იყო და ჰიბა საბოლოოდ წავიდა ქმრისგან. თუმცა რაც ამის შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
იბა განქორწინების პროცესზე ქონების ნახევარს მოითხოვდა და ასევე ფულად დახმარებას - აშრაფის ხელფასი საფეხბურთო კლუბში თვეში 1 მლნ ევროა. თუმცა ვერც ქონება მიიღო და ვერც ფული. აღმოჩნდა, რომ ჰაკიმის არანაირი ქონება არ გაუფორმებია საკუთარ სახელზე - ყველაფერი დედაზე, საიდუ მუზე იყო გაფორმებული. უკვე რამდენიმე წელია, საიდუ საკუთარ საბანკო ანგარიშზე იღებს შვილის მიერ გამომუშავებულ ფულს, მათ შორის ათობით მილიონ ევროს, რომელიც ამასობაში ხელფასის სახით დაგროვდა. უძრავი ქონებაც სულ დედის სახელზე აქვს რეგისტრირებული. დედამისს მისი გულშემატკივრებიც კარგად იცნობენ, რადგან ხშირად მატჩის შემდეგ დედასთან მიდის და ეამბორება ხოლმე.
სხვათა შორის, გაუპატიურების ფაქტს ჰაკიმის ყოფილი ცოლიც გამოეხმაურა და დედაც. "მე და ჩემი შვილების მამამ ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე გადავწყვიტეთ დაშორება. განქორწინების ტკივილის გარდა, ახლა მომიწევს ამ სირცხვილთან შეჯახებაც. დრო დამჭირდა, რომ შოკიდან გამოვსულიყავი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს ცხოვრებაში მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები მსხვერპლის მხარეს. ბრალდების მთელი სერიოზულობის გათვალისწინებით, სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი მაქვს", - დაწერა ჰაკიმის ყოფილმა ცოლმა.
ხოლო რაც შეეხება ჰაკიმის დედას, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა: "ჩემი გული მკარნახობს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და ის ძალიან კარგად არის აღზრდილი. არ იმსახურებს იმას, რაც მის თავს ხდება. ვკითხე მომხდარის შესახებ და დაიფიცა, რომ უდანაშაულოა".
ამ ამბების შემდეგ წელიწადი გავიდა. ჰიბა აბუკი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ესპანეთში. ახალ სერიალში გადაიღეს, დადის საპრემიერო ჩვენებებზე და თავისუფალ დროს შვილებს უთმობს. ამბობს, რომ მათ გვერდით ძალიან ბედნიერია.