ბავშვთა გასტროენტეროლოგი, პროფესორი ციცი ფარულავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა იწვევს ყველაზე ხშირად ბავშვებში მუცლის ტკივილს და კიდევ რა ჩივილები შეიძლება ახლდეს ამ პრობლემას:
- მუცლის ტკივილი არის მთავარი ჩივილი, რომლის გამოც პაციენტი გასტროენტეროლოგთან და პედიატრთან მიდის. არსებობს ცალკე ცნება - მორეციდივე მუცლის ტკივილი. თუ მინიმუმ 2 თვის განმავლობაში პაციენტს პერიოდული, გახანგრძლივებული მუცლის ტკივილის ეპიზოდები აქვს, რომელსაც შეიძლება თან სხვა სიმპტომებიც ახლდეს. მაგალითად, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, შებერილობის შეგრძნება, უმადობა, ხასიათის, გუნება-განწყობის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, გასტროენტეროლოგი და პედიატრი დილემის წინაშე დგება - ეს ორგანული პათოლოგიაა თუ ფუნქციური დაავადება? ორგანული დაავადება ნიშნავს, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიღაც ორგანოში ან ანთებითი, სტრუქტურული, მეტაბოლური ან ონკოლოგიური პრობლემები მიდის. უმეტეს შემთხვევაში, თითქმის 90%-ში, მუცლის ტკივილი ორგანული დაავადება არ არის. ეს არის ფუნქციური დარღვევა. ფუნქციურ დარღვევისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების გარკვეული კომბინაცია გვაქვს, რომლის მიზეზის დადგენა ობიექტური მარკერებით ვერ ხერხდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - სამედიცინო კვლევების შემდეგ არსად არანაირი ცვლილება არ მოიძებნა. მაგრამ, პრობლემა არსებობს და ბავშვი და მშობელი წუხს. მშობელი განსაკუთრებით ღელავს, ამბობს, რომ ყველა სპეციალისტს მიმართა, არსად არაფერია დარღვევა, მაგრამ ბავშვს მუცლის ტკივილი მაინც უგრძელდება. ბავშვიც შეწუხებულია და ექიმიც ღელავს, არაფერი გამოეპაროს. ფუნქციური დარღვევების მიმართ განსაკუთრებით ბოლო 2-3 დეკადის განმავლობაში ძალიან გამახვილდა ყურადღება. მივხვდით, რომ ეს ძალიან ხშირი პრობლემაა, მივხვდით, რომ დინამიკაში, ცხოვრების რეჟიმიდან და კვებიდან გამომდინარე, ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტიური ხდება. რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი დატვირთვა ოჯახის ბიუჯეტზე, ჯანდაცვის ხარჯებზე და ამავდროულად, მედიკამენტების ჭარბად გამოყენების მიზეზიცაა.
ბავშვთა გასტროენტეროლოგი მარიამ ღუღუნიშვილიკი განმარტავს, რომ ნაწლავსა და ნერვულ სისტემას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შესაძლოა, ბავშვს მუცლის ტკივილი შფოთვის ფონზე განუვითარდეს.
- ნაწლავი ძალიან დიდია. შესაბამისად, დიდი ფუნქცია და უნარებიც აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემა და კონკრეტული ნაწლავის ნერვული სისტემა ერთმანეთთან ჩვენდა უნებურად ძალიან დიდ კომუნიკაციაშია. ჩვენთვის ამას სასიკეთო დატვირთვაც აქვს, თუმცა ხანდახან - უარყოფითი. გააჩნია, რა კუთხით წარიმართება კომუნიკაცია. ამას ტვინსა და ნაწლავს შორის ,,ჩუმ საუბარს“ ეძახიან. გარემოზე ბავშვის რეაგირება ძალიან ინდივიდუალურია და ყველა თავის ემოციასა და შფოთვას სხვადასხვანაირად გამოხატავს. ზოგი ტკივილის, ზოგი კი სხვა ქმედებების სახით. მშობელს უნდა ჰქონდეს უნარი, განარჩიოს, რამდენადაა ბავშვი ამ შფოთვაში ჩართული და რამდენად ახდენს მასზე გარემო გავლენას. ხშირ შემთხვევაში, ექიმებიც ვდარდობთ, რომ რამე არ გამოგვეპაროს და მშობელს გულდასმით ვუსმენთ. ხშირ შემთხვევაში, ბავშვსაც ძალიან ბევრი რამის გადმოცემა შეუძლია. იქნება ეს სიტყვიერი თუ ქცევითი. ექიმი ხშირად ქცევით ხვდება, რამდენადაა ტკივილი შფოთვასთან დაკავშირებული.