პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება... "ყოფილა შემთხვევა, აბიტურიენტს ტელეფონი ჯიბეში ჩარჩენია" - როდის არ გასწორდება ნაშრომი და რა შემთხვევაში დაგატოვებინებენ გამოცდას - მშობლები

პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება... "ყოფილა შემთხვევა, აბიტურიენტს ტელეფონი ჯიბეში ჩარჩენია" - როდის არ გასწორდება ნაშრომი და რა შემთხვევაში დაგატოვებინებენ გამოცდას

2024-06-05 13:05:38+04:00

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერენ. დეტალური განრიგი კი თქვენს საგამოცდო ბარათში იქნება, რომლის ამობეჭდვასაც საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებთ. დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას იმ აუცილებელი წესების შესახებ, რომლებიც გამოცდამდე და გამოცდის მიმდინარეობისას უნდა გაითვალისწინოთ:

რეგისტრაცია გამოცდამდე ერთი საათით ადრე იწყება. ბარათზე რეგისტრაციის დაწყების დროა მითითებული. თქვენსავე ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით, საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

აბიტურიენტმა გამოცდის დღეს თან უნდა იქონიოს:

საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება - ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა:

  • წყლის (პლასტმასის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში;
  • შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).

აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე.წ. "შპარგალკის", მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას. თუნდაც, ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს;
  • წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას, აბიტურიენტი გაფრთხილებას იღებს. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია, აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნას.

გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; ამიტომ, პასუხების ფურცელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
  • ნაშრომი არ გასწორდება, თუ აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას. გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში გამოცდიდან მოიხსნებით.

შესაბამისი წესების შესახებ ინფორმაციას დეტალურად აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობით. ამავდროულად, საგამოცდო ცენტრშიც, გამოცდის დაწყების წინაც მოგაწოდებენ ინფორმაციას.

"ყოფილა შემთხვევა, აბიტურიენტს ჯიბეში ტელეფონი ჩარჩენია. ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ეს მიზეზია იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი დაატოვებინონ. გელიან კალამს, რომელსაც მიიტანენ, ადგილზე შეამოწმებენ და თუ ის კალამი კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს, დაატოვებინებენ." - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ საგამოცდო ცენტრში 8 საათზე მიბრძანდნენ და არა 9 საათზე... უფრო დამშვიდებულები შეხვალთ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

თამარ იაკობაშვილი