"ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ჩემი ამერიკაში გაშვება სახიფათო იყო, მაგრამ ხელი არაფერში შეუშლიათ, პირიქით, მოტივაცია მომცეს" - რას იხსენებს FLEX-ის პროგრამის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, რომელიც აშშ-ში 15 წლის ასაკში წავიდა - მშობლები

"ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ჩემი ამერიკაში გაშვება სახიფათო იყო, მაგრამ ხელი არაფერში შეუშლიათ, პირიქით, მოტივაცია მომცეს" - რას იხსენებს FLEX-ის პროგრამის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, რომელიც აშშ-ში 15 წლის ასაკში წავიდა

2024-06-07 10:49:47+04:00

ქართველი მოსწავლეები FLEX-ის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლისა და იქაურ სკოლებში სწავლის შესაძლებლობას ყოველწლიურად განსაკუთრებით ელოდებიან. ერთი წლის განმავლობაში მათ აქვთ შანსი, განსხვავებულ გარემოში იცხოვრონ, ენა სრულყოფილად შეისწავლონ, ჩაერთონ ბევრ განსხვავებულ პროექტსა და აქტივობაში, დაუმეგობრდნენ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან და არსებული გამოცდილება სამომავლო წარმატებისთვის გამოიყენონ. დღეს გაგაცნობთ კომუნიკაციის სპეციალისტს, თამუნა კვარაცხელიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართველია, რომელიც ამ პროგრამით საქართველოდან წავიდა და თანაც, ბნელ 1990-იან წლებში მოხვდა იმ დროისთვის განსაკუთრებით გამორჩეულ სამყაროში. ის საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება და გვესაუბრება იმაზეც, თუ რა გავლენა მოახდინა შემდგომ განვითარებაზე ამ გამოცდილებამ:

- ამერიკული გამოცდილება ჩემთვის სამომავლო წარმატებებისა და განვითარების თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში დავიბადე, გავიზარდე და ამ სივრციდან თინეიჯერობის ასაკში ამერიკაში, სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში მოვხვდი. ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება მივიღე, ენა სრულყოფილად შევისწავლე, იქ ცხოვრებამ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი უნარი და ჩვევა გამომიმუშავა, რაც აქამდეც მომყვება. ახლა კომუნიკაციის კონსულტანტი ვარ, ვთანამშრომლობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩართული ვარ ევროკავშირის, USAID, EBRD, გაეროს პროექტებში.

FLEX-ის პროგრამის წინაისტორია 1992 წლიდან იწყება, თუმცა მაშინ ეს სახელი არ ერქვა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკელი სენატორის, ბილ ბრედლის ინიციატივით ამოქმედდა "თავისუფლების მხარდამჭერი აქტი", რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბავშვების ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთწლიან გაცვლით პროგრამას, ამერიკულ სკოლებში სწავლასა და ამერიკულ ოჯახებში ცხოვრებას ითვალისწინებდა. თავიდან პროგრამა საპილოტე ხასიათს ატარებდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან 1500-მდე ბავშვი უნდა შეერჩიათ. საქართველოდან იმ წელს 35 მოსწავლე წავედით. მაშინ შერჩევის კრიტერიუმები შედარებით განსხვავებული იყო. ბავშვებს არჩევდნენ ძირითადად ისეთი სკოლებიდან, სადაც ინგლისური ენის შესწავლა გაძლიერებულად, მე-2 კლასიდან იწყებოდა. ქუთაისის ცნობილ მე-3 სკოლაში ვსწავლობდი და მე ვიყავი პირველი ქუთაისელი, რომელიც ამ პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, 1993 წელს ამერიკაში, ტექსასის შტატში, ჰიუსტონის ერთ-ერთ დასახლებაში აღმოვჩნდი და 1 წელი იქ ვსწავლობდი.

მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა, არც YouTube და არ გვქონდა ის ფუფუნება, რაც ახლანდელ ბავშვებს აქვთ - ინგლისურ ენას სხვადასხვა საშუალებით დამოუკიდებლად და სრულყოფილად დაეუფლონ. სკოლაში ინგლისური გაძლიერებულად კი ისწავლებოდა, თუმცა ამერიკაში რომ ჩავედი, აღმოვაჩინე რომ ჩემი ინგლისური სულაც არ იყო საკმარისი (თან, ტექსასის სპეციფიკური აქცენტის გათვალისწინებით). მაშინ საქართველოში უცხოელებიც კანტიკუნტად იყვნენ და უმეტესობას მათთან საუბრის გამოცდილებაც არ გვქონდა.

ამერიკაში ცხოვრება საერთოდ განსხვავებული გამოცდილება გამოდგა. საბჭოეთის დროს ამერიკის მიმართ არც თუ ისე კეთილი განწყობა იყო და საზოგადოებას ბევრი არასწორი წარმოდგენა ჰქონდა. ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ჩემი ამერიკაში გაშვება საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ მაინც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ჩემი განვითარებისათვის ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. ხელი არაფერში შეუშლიათ. პირიქით, ძალიან წამახალისეს და მოტივაცია მომცეს, მასწავლებლებთან ერთად. იცოდნენ, რთული იქნებოდა. ინტერნეტიც არ იყო იმ დროს და თვეში ერთხელ, ისიც რამდენიმე წუთით ვახერხებდით ტელეფონზე საუბარს, წერილები თვეების დაგვიანებით ჩამოდიოდა (ზოგიც, სულაც, ჩემი დაბრუნების მერე ჩამოვიდა). თუმცა, ჩემი განვითარებისა და წინსვლისთვის ეს ნაბიჯი გადადგეს და მხარი დამიჭირეს.

საგანგებოდ შერჩეულ ამერიკულ ოჯახებში გაგვანაწილეს. ყველა ბავშვი მოხვდა ისეთ ოჯახში, სადაც მსგავსი ინტერესები ჰქონდათ. როგორც საკუთარი შვილები, ისე მიგვიღეს. შესაბამისად, ვალდებულებებიც ისეთივე გვქონდა, როგორც მათი ოჯახის სხვა წევრებს. ოთახის დალაგება, ძაღლის გასეირნება, ოჯახის ერთობლივ საქმიანობაში ჩართვა თუ სხვა - როგორც თავიანთ შვილს ავალებდნენ, ისევე გვთხოვდნენ ჩვენც. შემდგომში დამოუკიდებლად ცხოვრებაში ეს მიდგომა განსაკუთრებით დამეხმარა. გაგიკვირდებათ და, ბევრ ამერიკელ ოჯახს საკმაოდ მკაცრი წესები აქვს, თავისებურ დისციპლინას მოითხოვენ. ბოლო ხანებში ჩასული ბავშვებიდან , ვიცი, ბევრს უკვირს, რამდენად მომთხოვნები შეიძლება იყვნენ ამერიკელი მშობლები ქართველ მშობლებთან შედარებით.

როდესაც ამერიკაში წავედი, 15 წლის ვიყავი. ჩემ ირგვლივ იქ ნამყოფი არავინ იყო და შესაბამისად, ვერც მათ გამოცდილებას გავიზიარებდი. თუმცა, ძალიან მინდოდა წასვლა და ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ვიყავი. შესარჩევ ეტაპზეც უპირატესობა ენიჭებოდათ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც კომუნიკაცია და გარემოსთან ადაპტირება არ უჭირდათ, ახალი გამოცდილების მიღება უნდოდათ.

შეიძლება ითქვას, რომ იმ წლებში შესარჩევი ეტაპი შედარებით მარტივი იყო. რადგან, დიდი არჩევანიც არ ჰქონდათ. მაგალითად, ქუთაისში მხოლოდ ერთი სკოლა იყო, სადაც მე-2 კლასიდან იწყებოდა ინგლისური ენის სწავლება. ჯერ სკოლამ ჩაატარა შიდა კონკურსი, შემდეგ ამერიკული კომისიის თანხლებით ტესტი ვწერეთ, გავიარეთ გასაუბრება და სააპლიკაციო დოკუმენტები შევავსეთ. როგორც გითხარით, მაშინ პროგრამის საპილოტე წელი იყო. იმის გამო, რომ საპილოტე პროგრამამ გაამართლა, პროგრამა და მისი დაფინანსება გაგრძელდა და შემდეგი წლიდან უკვე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, FLEX დაერქვა. დღევანდელი მონაცემებით, თუ არ ვცდები, 2000-ზე მეტი ბავშვს მიეცა უკვე ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

nasa-1993-1-1717748832.jpeg

- სწავლების პროცესში რას ხედავდით განსხვავებულს - ქართულ და ამერიკულ განათლების სისტემას შორის, თქვენი შეფასებით, იმ პერიოდში, რა სხვაობა იყო?

- იმ პერიოდში საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა განათლების სისტემა იყო და ყველა საგანი სავალდებულო იყო. ამერიკული მოდელი კი განსხვავდებოდა. იყო რამდენიმე სავალდებულო საგანი (მაგალითად, ისტორია, ინგლისური ენა ან ლიტერატურა და რომელიმე მათემატიკური საგანი, ასაკის მიხედვით) და ამავდროულად, არჩევითი საგნებიც (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ბიოლოგია, სხვადასხვა ენა), რომლებსაც ჩვენი ინტერესების მიხედვით ვირჩევდით ერთი ან ორი სემესტრით. ძალიან საინტერესო იყო რომ აუცილებლად უნდა აგვერჩია რამე "სახალისო" საგანიც (გუნდში, ორკესტრი, რომელიმე სპორტი).

სწავლების მიდგომაც განსხვავდებოდა. უპირატესობა ენიჭებოდა არა ფაქტების გაზეპირებას, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების და მსჯელობის უნარების განვითარებას. მაგალითად, ისტორიაში ერთხელ რიჩარდ ნიქსონის პერიოდის სკანდალს გავდიოდით. ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა მკითხა: "აბა, შენ რას იზამდი ნიქსონის შემთხვევაში? მის ნაცვლად, რა გადაწყვეტილებას მიიღებდი? როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცა?" ეს ჩემთვის, დაახლოებით იგივე იყო, ეჭვქვეშ დამეყენებინა ან გამეკრიტიკებინა დავით აღმაშენებლის რომელიმე გადაწყვეტილება. საბჭოთა სკოლებში უსიტყვოდ უნდა მიგვეღო და მოგვწონებოდა ის, რასაც ფაქტად გვაწვდიდნენ, რაც იმ დროს სწორად ითვლებოდა და მსჯელობას დრო აღარ ეთმობოდა. განსხვავებაც ამაში იყო, ამერიკაში თავისუფალ აზროვნებას გვაჩვევდნენ. გავაცნობიერეთ, რომ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მთავარია, გქონდეს არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ოჯახში საკუთარი აზრის გამოთქმა ყოველთვის თავისუფლად შემეძლო და სკოლაშიც გამორჩეული პედაგოგები მყავდა, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა განათლების სისტემაში მაინც მიუღებელი იყო დადებითად მიჩნეული ისტორიული პიროვნებებისა თუ ლიტერატურული პერსონაჟის კონკრეტული ნაბიჯების გაკრიტიკება მოსწავლის მიერ და ალტერნატიული აზრების შეთავაზება. ამერიკულ სკოლაში კი სწავლა უფრო მეტად უნარების გამომუშავებაზე იყო ორიენტირებული. სხარტად აზროვნებას გვაჩვევდნენ და გვაჩვენებდნენ, როგორ უნდა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში ის, რასაც ვსწავლობდით.

- როდესაც საქართველოში დაბრუნდით, რა აღმოაჩინეთ ახალი, რა შეცვალა თქვენ შემთხვევაში იმ ფაქტმა, რომ ამერიკაში სწავლობდით?

- საქართველოში რომ დავბრუნდი 1994 წელს, მძიმე პერიოდი იყო, აფხაზეთის ომის შედეგად ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანი დამხვდა. თითქმის ყველა შავ ტანსაცმელს ატარებდა, არავინ იღიმოდა. ამას თან ერთოდა უშუქობა, უწყლობა, გამოცარიელებული მაღაზიები, უმუშევრობა. ამ გარემოში მოხვედრა მარტივი არ იყო, თუმცა, ჩემი ამერიკული ოჯახი ამისთვისაც მამზადებდა, მიხსნიდნენ, რა შეიძლება დამხვედროდა, როცა უკან დავბრუნდებოდი.

ერთ-ერთი მთავარი, რაც ამერიკაში ვისწავლე, არის მიმღებლობა. ტექსასის შტატი, სადაც ვცხოვრობდი, გამორჩეულია მრავალფეროვანი მოსახლეობით, უამრავი განსხვავებული რელიგიის, კანის ფერის, ინტერესების, შეხედულების თუ ეროვნების მქონე ადამიანს შეხვდებით. ამიტომ, განსხვავებული ადამიანების მიღება იყო ერთ-ერთი, რაც ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების პერიოდმა მასწავლა. პირველად ამერიკულ სკოლაში ვნახე, როგორ შემოვიდა ბიჭი ეტლით კლასში და თანაკლასელებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩვეულებრივად ჩაერთო. საბჭოთა სკოლაში ასეთი რამ არ არსებობდა და იმ მომენტში ძლივს შევძელი დამემალა გაოცება. ძალიან ბევრ ადამიანს დავუმეგობრდი და დავრწმუნდი, მთავარი ღირებულება ადამიანობაა და არა მისი წარმოშობა, კანის ფერი თუ ფიზიკური შესაძლებლობა. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში განსხვავებული ადამიანების მიმართ სტიგმა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სახლში მალავდნენ ან ბავშვთა სახლებში "აბარებდნენ", განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს "აქრობდნენ", ხოლო ფერადკანიან ადამიანებს არასრულფასოვნად მიიჩნევდნენ, ამერიკის თავისუფალი გარემო განსაკუთრებით მომეწონა. ჩვენს ქვეყანაში უამრავი სტერეოტიპი არსებობდა, რომელთა საპირისპიროც პირველად სწორედ ამერიკაში სწავლის პერიოდში ვნახე.

- პროფესიულად რაში გამოგადგათ ამერიკული გამოცდილება?

- როცა საქართველოში დავბრუნდი, გადავწყვიტე, იურისტი გავმხდარიყავი. მაშინ ფაკულტეტების დიდი არჩევანიც არც კი იყო. თუმცა, რახან ინგლისური ენა კარგად ვიცოდი, ძალიან ხშირად თარჯიმნად ვმუშაობდი. 16-17 წლიდანვე, იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მქონდა. ბევრ სხვადასხვა თემაზე მიწევდა თარგმნა. შესაბამისად, ამ ყველაფერს თავადაც ვსწავლობდი და ვიმახსოვრებდი. ეს კი თვალსაწიერის გაფართოებაში ძალიან დამეხმარა და სხვა სფეროებშიც გამიხსნა კარი. მაგისტრატურაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დავამთავრე, ისევ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით (მასკის პროგრამა) და ახლა კომუნიკაციის სპეციალისტი ვარ.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება?

როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ბევრი რამ ამერიკაში ვნახე პირველად - IMAX ფორმატის კინოთეატრი, აკვაპარკი, ჰარდ როკ კაფე; ჩასვლისთანავე შევიძინე ჩემი პირველი კოვბოის ჩექმა და ბარბის თოჯინა (დიახ, 15 წლის ასაკში!).

თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება, ალბათ, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში ვიზიტი იყო. მხოლოდ ფილმებიდან ვიცოდი მისი არსებობის შესახებ და იქ მოხვედრილს, ზღაპარში მეგონა თავი. ჩემი ამერიკელი მამობილი კოსმოსურ ცენტრში მუშაობდა და მისი წყალობით რამდენიმე ისეთ დარბაზშიც შემიშვეს, სადაც სხვა მნახველების შესვლა არ შეიძლება. თუმცა, ფოტოების გადაღება მეც მეკრძალებოდა.

პროგრამის დასრულებისას ვაშინგტონში გვქონდა რამდენიმედღიანი შეკრება. კაპიტოლიუმშიც წაგვიყვანეს ექსკურსიაზე და ამ ჩვენი პროგრამის სულისჩამდგმელს, სენატორ ბილ ბრედლისაც შევხვდით. თურმე, ნუ იტყვით და, კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ყოფილა ეს ორმეტრიანი კაცი.

white-house-june-1994-1717748875.jpeg

- რა რჩევებს მისცემდით იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა ემზადებიან გაცვლითი პროგრამით ამერიკაში წასვლისთვის ან სურთ, FLEX-ის პროგრამაში სამომავლოდ მიიღონ მონაწილეობა?

- პირველ რიგში, მინდა ვუთხრა, არ შეეშინდეთ. თუმცა, ვფიქრობ, ახალი თაობა მსგავსი გამოცდილებისთვის უფრო მეტადაა მზად, ვიდრე მე ვიყავი 30 წლის წინ. იყავით ღია და გახსნილები ახალი ურთიერთობებისა და გარემოს მიმართ. სხვა ქვეყანაში ცხოვრების, სხვა კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ. შეიძლება გამოწვევებმაც იჩინოს თავი, თუმცა, ესეც ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია და ამით კიდევ უფრო გაიზრდებით. შეეცადეთ, ბევრი ადგილობრივი მეგობარი შეიძინოთ, განსხვავებული ადამიანები. მხოლოდ სწავლაზეც ნუ ფოკუსირდებით, - ჩაერთეთ სპორტულ ღონისძიებებში, სოციალურ პროექტებში, დამატებით მოხალისეობრივ აქტივობებში.

შესარჩევ ეტაპზე ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ამავდროულად, ამერიკულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში აქტიური ახალგაზრდები განსაკუთრებით უყვართ. შერჩევის ეტაპზეც თქვენი უნარების, ადაპტაციისა და ღიაობის უნარი გადამწყვეტი იქნება.

- რაში ეხმარება ახალგაზრდას საზღვარგარეთ სწავლა და როგორ ფიქრობთ, რატომაა მნიშვნელოვანი, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება?

- საზღვარგარეთ სწავლა ახალგაზრდას ეხმარება, საკუთარისგან განსხვავებულ კულტურულ გარემოში იცხოვროს და მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღოს, გააფართოოს თვალსაწიერი, მიიღოს ის, რაც კარგია და მოარგოს მის ყოველდღიურობას.

ამერიკამ ჩემში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში გახდა მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ძალა, ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობ, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ჩვენსავე რეალობაზე მორგება, ჩვენი იდენტობის დაკარგვის გარეშე.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის გვერდითაა. უმძიმეს წლებში ჰუმანიტარული დახმარებით და შემდგომ უკვე განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებით იმდენი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმე გაკეთდა, რომ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენს ქვეყანაში სფერო არ დარჩენილა, რომლის განვითარებაშიც ამერიკას საკუთარი წვლილი არ აქვს შეტანილი - იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა თუ სხვა. ახლაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა მიმდინარეობს და ამისთვის მადლობა ამერიკელ ხალხს.

თამარ იაკობაშვილი