მშობლების სიურპრიზი და ატირებული მასწავლებელი - "ეს იყო ყველაზე ემოციური... როგორ გინდა, შენი ხელით გადაჭრა ლენტი და კალთაში გამოზრდილი ბარტყი გასაფრენად გაუშვა" - მშობლები

მშობლების სიურპრიზი და ატირებული მასწავლებელი - "ეს იყო ყველაზე ემოციური... როგორ გინდა, შენი ხელით გადაჭრა ლენტი და კალთაში გამოზრდილი ბარტყი გასაფრენად გაუშვა"

2024-06-13 14:40:55+04:00

139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ შორენა თამაზაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, მისი ორიგინალური მიდგომებით, საინტერესო პროექტებით და რაც მთავარია, ბავშვების უანგარო სიყვარულით, რომელსაც ისინი მუდამ ასხივებენ მის მიმართ. შორენა მასწავლებელმა კიდევ ერთი ოთხწლიანი ციკლი გაიარა პატარებთან ერთად და დაემშვიდობა მათ, თუმცა ეს დღე იმდენად ემოციური და გამორჩეული გამოდგა, ჩვენი ყურადღებაც კვლავ მიიპყრო.

ღონისძიებაზე, რომელიც სკოლის ეზოში სწორედ შორენა მასწავლებლის, მისი მოსწავლეებისა და მშობლების მიერ მოწყობილ "მომავლის ბაღში" შედგა, ბავშვებმა დადგეს სახალისო გამოსვლები, იმღერეს, იცეკვეს მშობლებთან ერთად, ბოლოს კი საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს საყვარელ პედაგოგს და მისი ატირებაც მოახერხეს. შორენა მასწავლებელი თავად გვიამბობს ამ ემოციურ დღეზე:

- ეს იყო მშობლების სიურპრიზი… მოულოდნელად ბავშვები დააყენეს წრეზე. სათითაოდ მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ ამ ოთხი წლის გამო… ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, ძლივს ვიკავებდი თავს: „მადლობა მეგობრობისთვის”, „გმადლობთ სამშობლოს სიყვარულისთვის”, „მადლიერი ვარ ყოველი რჩევისთვის”, „მადლობა ძმაკაცობისთვის”, „მადლობა მომავლის ბაღისთვის” და ამ ლენტიან ვარდებს მჩუქნიდნენ, რომლის ბოლოც მაჯაზე ჰქონდათ მობმული. ასე შეიკრა წრე. მერე მომაწოდეს მშობლებმა მაკრატელი და - გაუშვით ბავშვებიო… ეს იყო ყველაზე ემოციური... როგორ გინდა, შენი ხელით გადაჭრა ლენტი და კალთაში გამოზრდილი ბარტყი გასაფრენად გაუშვა... დავიწყე ლენტების გადაჭრა... აღარ ვუყურებდი ბავშვებს - თუ ვის ლენტს ვჭრიდი... უბრალოდ ჩუმად ვეუბნებოდი - წადით, გიშვებთ!.. არ უნდა მეტირა..არ უნდა გადამედო ბავშვებისთვის ეს სევდა... სამადლობელი სიტყვის თქმა რომ დავიწყე, ხმა გამებზარა და თვალებზე ხელი ავიფარე.. ასე დარჩა ეს კადრი, რომელსაც „დაწყებითი კლასის მასწავლებლის დიდი, მაგრამ ტკბილი სევდა” დავარქვი.

...„მომავლის ბაღთან” დავშორდით ერთმანეთს და კვლავ ამ ბაღთან დავთქვით შეხვედრა, როცა ერთმანეთი მოგვენატრება...

7a614594-f1d1-4e24-b430-5e103a11ba36-1718275951.jpg

99c6ebb7-19ac-4d3f-93d5-6ec516562db6-1718275951.jpgf7a7742e-8b5e-4128-a9ae-8f537886e6b2-1718275951.jpgc34720a4-bd2f-4fab-9759-b714eb527ec0-1718275974.jpg