„იმისათვის, რომ სისხლის ერთი უანგარო დონაციით  სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოთ, მხოლოდ სურვილია საჭირო!“ - 14 ივნისი სისხლის უანგარო დონორთა მსოფლიო დღეა - მშობლები

„იმისათვის, რომ სისხლის ერთი უანგარო დონაციით  სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოთ, მხოლოდ სურვილია საჭირო!“ - 14 ივნისი სისხლის უანგარო დონორთა მსოფლიო დღეა

2024-06-14 09:50:26+04:00

14 ივნისი სისხლის უანგარო დონორთა მსოფლიო დღეა. ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და იგი ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება იმ საჭიროებებზე, რაც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებზე დამზადებული პროდუქტების ხელმისაწვდომობას უკავშირდება, ასევე უანგარო, რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა და მათი როლის ხაზგასმა ჯანდაცვის სისტემაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლის უანგარო დონაცია, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია ერთჯერადად გაღებულ სისხლის და ყველაზე მეტად ვის შეიძლება დასჭირდეს სისხლი, ამ და სხვა საინტერესო თემებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორი, ნინო გოკიელი გვესაუბრება.

- უანგარო დონორები ითვლებიან ყველაზე უსაფრთხო დონორებად, ვინაიდან სისხლით გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკი ამ ჯგუფში მინიმალურია! ისინი არ მალავენ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ! უანგარო დონორი გახლავთ უსაფრთხოებისა და სანდოობის მაღალი გარანტი! იმ დონორების შემთხვევაში, რომლებიც სისხლს ფულადი ან სხვა სახის ინტერესისთვის აბარებენ, არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის რისკი. უანგარო დონორების შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ამგვარი საფრთხისგან დაზღვეული ვართ.

სისხლის უანგარო დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე. თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია, არ გაქვთ გადატანილი ჰეპატიტი B ან C, სიფილისი, არ ხართ დაავადებული აივ ინფექციით და მალარიით, არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი! - შეგიძლიათ თამამად გაიღოთ სისხლი და აჩუქოთ სიცოცხლე!

ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია მარტივია, გახდე სისხლის რეგულარული, უანგარო დონორი, თუმცა ამ სიმარტივის მიღმა დიდი პასუხისმგებლობისა და ძლიერი სოლიდარობის გამოხატვაა, იმ ადამიანების მიმართ, ვისი სიცოცხლეც დამოკიდებულია დონორზე.

444782522-3796596667249154-4495552687718083442-n-1718349036.jpg

- წელიწადში რამდენჯერ არის შესაძლებელი სისხლის ჩაბარება?

ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს სისხლის ჩაბარება შეუძლია წელიწადში ხუთ-ექვსჯერ, ისე რომ საკუთარ ჯანმრთელობას არანაირი ზიანი არ მიაყენოს. ჩვენი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეუძლია გახდეს სისხლის უანგარო დონორი!

- სისხლის ჩაბარების გარდა, კიდევ რა გზით არის შესაძლებელი უსაფრთხო სისხლის პროდუქტების მარაგების შექმნა?

- სამწუხაროდ, მიუხედავად ბოლო პერიოდის ტექნოლოგიური მიღწევებისა, რასაც სამედიცინო სფეროს განვითარებაში ვხედავთ, დღემდე სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა!

- ვის შეიძლება დასჭირდეს სისხლი და მისი კომპონენტები?

- ამ საჭიროებისგან დაზღვეული არავინ ვართ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს სისხლი სიცოცხლის შესანარჩუნელად! სისხლის საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, ანემიის, ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს!

- როგორ მიმდინარეობს დონაციის პროცესი, რამდენად უსაფრთხოა ის თავად დონორისთვის?

- სისხლის დონაცია უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურაა, რასაც დაახლოებით 10 წუთი სჭირდება! იმისათვის, რომ გახდეთ დონორი მოგიწევთ სპეციალური კითხვარის შევსება. სისხლის ბანკში ვიზიტის დროს, უშუალოდ დონაციის წინ, გულწრფელად უნდა უპასუხოთ კითხვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჰეპატიტების, სიფილისის ან შიდსის რისკების, მიღებული მედიკამენტებისა და მოგზაურობის შესახებ. არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის, პულსის, სისხლში ჰემოგლობინის დონის განსაზღვრის შემდგომ, თქვენს შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაიღოთ სისხლი! სისხლის გაღების შემდეგ, სისხლმბადი ორგანოები აქტიურდება და ძვლის ტვინი ახალ სისხლს გამოიმუშავებს. გახსოვდეთ: სისხლის უანგარო დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა კითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი! დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება შემდეგ ინფექციებზე: შიდსის ვირუსზე, სიფილისზე, B და C ჰეპატიტზე. სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა!

„ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს“, უსაფრთხო და საუკეთესო სტანდატრის დაცვით დონაციის ჩატარების მდიდარი გამოცდილება აქვს. ამ მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია სტაბილურად იკავებს წამყვან ადგილს საქართველოში მოქმედ მსგავსი პროფილის სუბიექტებს შორის. ამის მიზეზი ხანგძლივი დროის განმავლობაში, სწორად დახარჯული ენერგია და დაგროვილი გამოცდილებაა. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ ქართულ ჯანდაცვის სფეროში ოპერირება, როცა სისხლის უანგარო დონაციის შესახებ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენები არსებობდა. დაუღალავი და მაღალი პასუხისმგებლობით გაწეული საქმიანობის შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევძელით ამ რეალობის შეცვლა!

ჩვენი სისხლის ბანკი ამჟამადაც რეგულარულად უწევს ორგანიზებას სისხლის უანგარო დონაციის აქციებს და წარმატებულად ვთანამშრომლობთ, როგორც კერძო სექტორთან, ისე სახელმწიფო უწყებებთანაც. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობაზე საგრძნობლად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება და ასევე სახელმწიფოს მონაწილეობა პროცესში. გვახარებს ფაქტი, რომ ამ კეთილ საქმეში, ჩვენს ორგანიზაციას შეაქვს საკუთარი წვლილი და ობიექტურად თუ ვიტყვით, არცთუ მოკრძალებული. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული დონაციის აქციების ფარგლებში, დონორის ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანის მიყენების თუნდაც უმნიშვნელო შემთხვევაც კი არასოდეს ყოფილა.

- რა რაოდენობით სისხლის ჩაბარება უწევს უანგარო დონორს ერთჯერადად?

- ასაღები სისხლის სტანდარტული ოდენობაა 450 მლ. თუ დონორი პირველად აბარებს სისხლს, არის 22 წლამდე ასაკის და 55 კგ-მდე წონის, სისხლის აღება შესაძლებელია 250მლ-იან პაკეტში. დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა. შესაბამისად, ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებული იქნას სამი სხვადასხვა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად! უპირველესად, დონაციის დღეს დონორს არ უნდა აღენიშნებოდეს რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება.

- ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მარაგები და მასზე ხელმისაწვდომობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, თუმცა არც თუ ისე იშვიათად სისხლის გარკვეულ ჯგუფების დეფიციტი იქმნება. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არასოდეს შეიქმნას სისხლის დეფიციტი?

- სისხლის ახალი გაუმჯობესებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის 2022 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უსაფრთხო ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული კანონი 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

საქართველოს თითეული მოქალაქის ინტერსებშია, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს უანგარო დონორების წილი. უანგარო რეგულარული დონორები არიან ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის მარაგების შექმნის გარანტი.