ხშირად მემკვიდრეებს შორის დავა ისე მწვავდება, რომ ერთადერთი გამოსავალი სასამართლოსთვის მიმართვაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა ქონების გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს კარგავენ, რადგან ქონებას უხმაუროდ ვერ ინაწილებენ, საერთო ენის გამონახვას ვეღარ ახერხებენ. ამ შემთხვევაში კანონის დაცვით ანდერძის დაწერა ყველაზე კარგი გამოსავალია და, ალბათ, ჯობია, ყველა მშობელმა ქონება შვილებს სიცოცხლეში გაუნაწილოს. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა - ორივე საფუძვლით.
სამემკვიდრეო საკითხებზე დეტალურად გვესაუბრება სამოქალაქო საქმეთა დავებში გამოცდილი ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
- ამ საკითხს სამემკვიდრეო სამართალი არეგულირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა მემკვიდრეებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა - ორივე საფუძვლით. თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი, მაშინ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე უნდა მოხდეს.
- კანონი ხუთი რიგის მემკვიდრეს სცნობს.როცა მამაკაცი გარდაიცვლება და მას მეუღლე ჰყავს, მიაჩნიათ, რომ მთელი ქონება მისია, არადა, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის მშობლებიც და შვილებიც. ასეთ დროს ისინი თანაბრად მიიღებენ ქონებას ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები ან მშვილებლები. ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
- საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სამართლებრივი ინფორმაცია. იყო შემთხვევა, როცა კლიენტს მართლა სჯეროდა, რომ მის დას არაფერი ეკუთვნოდა, რადგან ის დაოჯახებულია. ხშირად გვიწევს ახსნა, რომ ყველა შვილს ერთნაირი უფლება აქვს სამკვიდროს მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე არ არის ცნობილი უღირს მემკვიდრედ.