მილიარდერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი მთელ მსოფლიოში, ილონ მასკი მეთორმეტედ გახდა მამა. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ბავშვი 2024 წლის დასაწყისში დაიბადა, თუმცა აქამდე არც მისი დაბადება იყო ცნობილი და ახლაც არ ვიცით სქესი და სახელი. 2021 წელს ილონს სამოქალაქო ცოლმა, რომელთანაც ბოლო წლებია ცხოვრობს, კორპორაცია Neuralink-ის ტოპმენეჯერმა შივონ ზილისმა, ტყუპი გაუჩინა - ვაჟები. არც მათი სახელებია ცნობილი. თუმცა გასაკვირი არ იქნება, მათაც რაიმე საოცრება ერქვათ, რადგან ილონმა ყოფილ ცოლთან გაჩენილ ერთ შვილს X Æ A-Xii, შემოკლებით X დაარქვა.
ამჟამად ოფიციალურად, ტესლას მფლობელს 12 შვილი ჰყავს. 6 შვილი გაუჩინა პირველმა ცოლმა, მწერალმა ჯასტინ უილსონმა (პირველი შვილი, ნევადა, 10 კვირისა გარდაიცვალა უეცარი სიკვდილის სინდრომით), კიდევ სამი გაუჩინა გრაიმსმა და ახლა კიდევ სამი - ზილისმა. თუმცა "ბლუმბერგის" მონაცემებით, არ არის გამორიცხული მასკს კიდევ ჰყავდეს სხვა, საზოგადოებისგან დამალული შვილები.
ილონ მასკი აბორტების წინააღმდეგია. გარდა ამისა, ცნობილია ქალების სიყვარულით და დიდი გატაცებით, ჰყავდეს ბევრი შვილი. ცოტა ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ მილიარდერს რომანები აქვს ხელქვეითებთან და SpaceX-ში აწინაურებს კიდეც მათ, ვინც მასთან სქესობრივ კავშირზე თანხმდება. უფრო მეტიც, ერთმა ქალმა, რომელიც სტატიაში იყო ნახსენები, აღნიშნა, რომ მასკმა არაერთხელ შესთავაზა, მისგან შვილი გაეჩინა, ხოლო უარის მიღების შემდეგ მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილი სურს, სულაც არ იდებს თავს ალიმენტების გადახდაზე. შარშან დაიჟინა, რომ გრაიმსისგან შეძენილი შვილების მეურვეობაზე სასამართლო ტეხასში გამართულიყო, რადგან ტეხასის კანონების თანახმად, მას ექნებოდა საშუალება, ყოფილი მიჯნურისა და მისი სამი შვილის დედისთვის რაც შეიძლება ნაკლები თანხა ეხადა.