2024 წლის 1-ელი ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი ID ბარათის გაცემა 15 მარტიდან დაიწყო. 1-ელი ივლისიდან კი არაელექტრონულ პირადობის მოწმობებს ვეღარ გამოიყენებთ.
"15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია. არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს." - წერია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდზე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქციით უკვე 105 131-მა მოქალაქემ ისარგებლა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1 ივლისიდან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობით შეძლებთ სარგებლობას. 1-ელ ივლისამდე ID ბარათის შეკვეთა უფასოა. სტანდარტული ვადით, პირადობის მოწმობის დამზადებას 10 სამუშაო დღე სჭირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 240 10 10
თამარ იაკობაშვილი