უკვე რამდენიმე წელია, განათლების კოალიციის ინიციატივით "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსი ტარდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამორჩეულ მასწავლებლებს თავიანთი აქტივობებისა და მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული პროექტების მიხედვით აფასებენ. ახლახან 2024 წლის კონკურსის ათეულის წევრი მასწავლებლები გამოვლინდნენ. ათეულის ერთ-ერთი წევრი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო ქუხილავაა. ის საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, სასკოლო აქტივობების პარალელურად, არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ამბობს, რომ მიუხედავად რთული პირობებისა, არასოდეს კარგავს მოტივაციას და იმავეს გადასცემს მოსწავლეებსაც. "ვცდილობ, სკოლაში ბავშვებს პატარ-პატარა სიხარულის მიზეზი დავახვედრო. ჩემი პროფესიაც გამუდმებით ამაზე ფიქრია", - გვეუბნება სოფიო ქუხილავა და გვიყვება იმ პროექტების შესახებ, რომელთა გამოც მან მნიშვნელოვანი აღიარება დაიმსახურა და საუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვდა:
- უკვე 14 წელია, ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. თუმცა, გარდა საგნის სწავლებისა, მოსწავლეებთან ერთად არაერთ აქტივობას ვახორციელებ. ვხელმძღვანელობ სხვადასხვა კლუბს, ვინაიდან ვთვლი, რომ არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების ხელშესაწყობად და გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია. მედიაწიგნიერების კლუბს, ეკოკლუბს, საგნობრივ კლუბს ვხელმძღვანელობ და სხვადასხვა მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.
გარდა კლასგარეშე აქტივობებისა, ვარ რამდენიმე რაიონული კონკურსის ორგანიზატორი. მათ შორისაა ინგლისური ენის კონკურსი, რომელიც უკვე მესამე წელია, ტარდება. კონკურსის მიზანი კონკურენტულ გარემოში საკუთარი ცოდნის გამოვლენა და ინგლისურ ენაზე პრეზენტაციის უნარის განვითარებაა.
მეორე "მდგრადი სკოლის" კონკურსია, რომელიც გარემოსდაცვითი აქტივობების წახალისებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის მიზნით დავაორგანიზე და ჩართულია არა მხოლოდ სვანეთის, არამედ თბილისის, კახეთისა და ზუგდიდის სხვადასხვა სკოლა. უკვე მეორე წელია, აღნიშნულ კონკურსს ვაკეთებ.
ვარ ასევე მომხსენებელი ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც ჩემს კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ. ასევე, სათემო აქტივისტთა კლუბის დამფუძნებელი ვარ. კლუბი მოსწავლეებისაგან შედგება და ერთად ვცდილობთ, თემის პრობლემების იდენტიფიცირებას და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიებას, ვაორგანიზებთ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციას. უკვე მესამე წელია, გვაქვს ეკომეგობრული ჩანთების, ბლოკნოტებისა და კალენდრების სტარტაპი. მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მოხმარებას პოპულარიზაციას ვუწევთ. კონკურსის "მე, ციფრულ სამყაროში’’ ფარგლებში 150 ლარი მოვიგეთ. ფრიდონ ნიჟარაძის ნახატებით გაფორმებული კალენდრის ონლაინ ვერსია დავამზადეთ და იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტეთ, მოგებული თანხით დაგვებეჭდა კიდეც. დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობთ. მოგებული 150 ლარით არაერთი საქველმოქმედო აქცია დავაორგანიზეთ. ასევე, ვაწარმოებთ გირჩის მურაბას და გვაქვს სვანური მარილის სოციალური საწარმო,რომლის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს ყოფილ მოსწავლე, ახლა უკვე კოლეგასთან ერთად. ვფიქრობ, ჩემი ეს აქტიურობა გახდა იმის წინაპირობა, რომ ჩემმა კოლეგებმა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარმადგინეს.
- მოსწავლეებისათვის მსგავსი აქტივობები დამატებითი მოტივაციაა. სოფელში, სადაც 7-8 თვე ზამთარია, მათ ძალიან ბევრი ფერი სჭირდებათ, რომ შემართება შეინარჩუნონ და ერთფეროვანი ზამთრის მუქი დღეები გაიმრავალფეროვნონ. ვფიქრობ, სხვადასხვა აქტივობა და უნარის განვითარება მათ ეხმარება იმაში, რომ ცხოვრებისთვის მოეზადნონ. ისწავლონ არა სკოლისა და ნიშნისთვის, არამედ ისწავლონ ცხოვრებისთვის. სოციალური მეწარმეობაც ეხმარება მათ, რომ ცხოვრებაში თავიანთი როლი დაინახონ და მრავალმხრივი უნარები საკუთარი თავის გამოვლენისა და რეალიზებისთვის გამოიყენონ.
- ზოგადად, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში არაერთ გამოწვევას ვაწყდებით. ცხადია, მაღალმთიან რეგიონში ეს გამოწვევები უფრო მეტია. რესურსებიც ნაკლებადაა, სკოლებიც ისე არაა კეთილმოწყობილი, როგორც სხვაგან. სოფლის სკოლებს, მით უმეტეს მაღალმთიან რეგიონებში, ბევრი შესაძლებლობა არ აქვთ. თუმცა, ეს ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი არასდროს გამხდარა. თუ არ გვაქვს რესურსი, თავად ვქმნით. მაგალითად, კინოკლუბისთვის სივრცე გვჭირდებოდა. თუმცა, ისეთი ადგილი, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე დაეტეოდა და ფილმს ერთად ვუყურებდით და განვიხილავდით, არ იყო. ამიტომ, სკოლის სხვენი ავითვისეთ. სახალხო დაფინანსებით მოვაწყვეთ და ახლა არა მხოლოდ ფილმის ჩვენების სივრცე გვაქვს, არამედ სხვადასხვა საგნის მასწავლებლისთვის დამატებითი რესურსია, რომ დადგან სპექტაკლები, ბაღის აღსაზრდელები მოვიწვიოთ და უყურონ ანიმაციებს. რა თქმა უნდა, სირთულეა ის ფაქტორი, რომ ძალიან დიდი და ხანგრძლივი ზამთარი გვაქვს. შეიძლება, დღეების განმავლობაში გზებიც ჩაიკეტოს, არ იყოს შუქი და ერთმანეთთან კომუნიკაციაც გაგვიჭირდეს - როგორც აღვნიშნე, ბევრი ფაქტორია, რომლებმაც შესაძლოა, დემოტივაცია გამოიწვიოს, მაგრამ როცა სკოლაში ასწავლი, პირველ რიგში, თავად უნდა შეიქმნა განწყობა და გქონდეს მოტივაცია, რომ მოსწავლეებსაც გადასდო ეს მუხტი, რომ არასდროს დაკარგონ უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ განვითარებაში და ყოველდღიურობისაგან მაქსიმუმი მიიღონ.
- ინგლისური ენის შესწავლა ახლა ბევრად მარტივია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ძალიან ბევრი ონლაინ პლატფორმა, რესურსი არსებობს და დაინტერესებულ მოსწავლეს შეუძლია, დამოუკიდებლადაც შესანიშნავად ისწავლოს. შედარებით დაბალ კლასებში მოტივაცია უფრო მეტად სჭირდებათ. ამიტომ, ვცდილობ, რომ რუტინული გაკვეთილები არასდროს გვქონდეს. შევისწავლოთ სიმღერით, თამაშით, დავდგათ დიალოგები. მრავალფეროვანი აქტივობები მეხმარება, მათში ინტერესი გავაღვივო. კლუბებსაც როდესაც ვაყალიბებ, ვფიქრობ, რა მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტად მუშაობა. მაგალითად, ვნახე, რომ მოსწავლეებს საუბრის თვალსაზრისით უფრო ჰქონდათ ბარიერი. ამიტომ, საუბრის კლუბი ჩამოვაყალიბე და სხვადასხვა სახალისო აქტივობით ვცდილობდით, მოსწავლეებს ეს ბარიერი დაეძლიათ და ინგლისურად უფრო თავისუფლად ამეტყველებულიყვნენ. ამიტომ, ჯერ ვადგენთ პრობლემას, შემდეგ კი სათანადო სტრატეგიას შევიმუშავებთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და ბარიერის დაძლევა.
- სკოლა ჩემს ცხოვრებაში 24/7-ზეა. ხომ არის პროფესიები, როცა ადამიანებს სამსახურის დასრულების შემდეგ პროფესიული თვალსაზრისით, საქმე აღარ აქვთ და შეუძლიათ, თავისუფალი დრო ისე გამოიყენონ, როგორც თავად სურთ. სკოლა მუდმივად ჩემთანაა...სკოლიდან რომ მოვდივარ, შემდეგი დღის გაკვეთილებსა და აქტივობებს ვგეგმავ, ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ მოსწავლეებს ხალისი ჰქონდეთ. ბავშვს სკოლაში მისვლა უნდა უხაროდეს. ჩვენი, მასწავლებლების, მთავარი მიზანი ბავშვის ბედნიერება უნდა იყოს. ვცდილობ, სკოლაში ბავშვებს პატარ-პატარა სიხარულის მიზეზი დავახვედრო. ჩემი პროფესიაც გამუდმებით ამაზე ფიქრია. ორი პატარა შვილი მყავს. ჯერჯერობით ბაღში დადიან. სხვათა შორის, ამ მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩემმა იდეამ გაიმარჯვა და ბაღის ეზო მოეწყო. მათთვის ისეთი ბედნიერებაა ეზოში თამაში, სათამაშოები, საქანელები, სათამაშო სახლი... ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ბაღის ეზო გვაქვს მთელ რაიონში.
- პირველ რიგში, შენი პროფესია უსაზღვროდ უნდა გიყვარდეს. თუ არ გიყვარს, კარგი მასწავლებელი ვერ იქნები. მეორე, უნდა იყო ინოვატორი და არ შეგეშინდეს სიახლეების. 21-ე საუკუნის მოქალაქეს სულ სხვა უნარ- ჩვევები უნდა ჰქონდეს,რომ სწრაფად ცვალებად სამყაროსთან ადაპტაცია შეძლოს და ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს. ამიტომ, უნდა შეეცადო, რომ მოსწავლეს მისცე ისეთი უნარები, რაც მას თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიან ადამიანად გადააქცევს. შეეცადო, გახდეს კარგი მოქალაქე და ადამიანი. გარდა ამისა, კარგი მასწავლებელი თვითგანვითარებაზე ყოველთვის უნდა ზრუნავდეს. არასდროს უნდა შეწყვიტოს სწავლა...
- 2010 წელს სვანეთში შევქმენი ოჯახი. აღმოჩნდა, რომ სოფლის სკოლა ინგლისურის მასწავლებელს ეძებდა. ასე აღმოვჩნდი წვირმის საჯარო სკოლაში. ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს, შესაბამისად, ჩემთვის ხალხთან საერთო ენის გამონახვა რთული არ იყო,პირიქით საკმაოდ ადვილად მოვახერხე თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ერთადერთი, რაც შედარებით რთული აღმოჩნდა, გარემო პირობებთან შეგუება იყო. არ ვიყავი მიჩვეული ასეთ მკაცრ ზამთარს და სხვა გარემო პირობებს, თუმცა მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან პოზიტიურმა ურთიერთობამ ეს ყველაფერი გადამატანინა და ახლა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, ენაც ვისწავლე და ვცდილობთ, თემში შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მოსახლეობას აქედან წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდეს. სოფელში, რომელიც ყოველწლიურად იცლება, მნიშვნელოვანია გაჩნდეს მეტი შესაძლებლობა, რომ წასვლის ნაცვლად, ადამიანებს უკან დაბრუნება მოუნდეთ.ეს, რა თქმა უნდა, ამბიციური განაცხადია, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
თამარ იაკობაშვილი