"ორი ბავშვი ერთად რომ რჩება, მაშინვე ინგლისურად იწყებენ ლაპარაკს... თუკი მრცხვენია, რომ მეგობარს ქართულად ველაპარაკო, პიროვნულადაც არ ვარ შემდგარი" - ცნობილი პედაგოგი ახალგაზრდების მეტყველებისა და მთავარი ხარვეზების შესახებ - მშობლები

"ორი ბავშვი ერთად რომ რჩება, მაშინვე ინგლისურად იწყებენ ლაპარაკს... თუკი მრცხვენია, რომ მეგობარს ქართულად ველაპარაკო, პიროვნულადაც არ ვარ შემდგარი" - ცნობილი პედაგოგი ახალგაზრდების მეტყველებისა და მთავარი ხარვეზების შესახებ

2024-07-03 11:34:31+04:00

ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ცნობილი პედაგოგი მანანა ბეგიაშვილი ახალგაზრდების მეტყველების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს იმ მთავარ ხარვეზებს, რომლებსაც მათზე დაკვირვებით ამჩნევს:

- ძალიან ხშირად, ჩვენ გარშემო ვმეტყველებთ ისე, როგორც წარმოგვიდგენია, ისე, როგორც გვესმის. ფაქტობრივად, მეტყველება ჩვენი ცნობიერების ერთგვარი გასაღებია. მოსწავლეებთანაც მიწევს მუშაობა და შედარებით უფროს თაობასთანაც, სტუდენტებთან. პირველი, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, ინგლისურად მეტყველებაა. მოგეხსენებათ, ინგლისური ენა ძალიან დამკვიდრებულია, ისევე, როგორც, მაგალითად, ჩემი ახალგაზრდობის დროს ცდილობდნენ, რომ რუსულად ესაუბრათ და ეს კარგ ტონად ითვლებოდა. დღესდღეობით, ასე სწორედ ინგლისური ენა გახლავთ. მარტოები დარჩებიან თუ არა, ძირითადად, ინგლისურად საუბრობენ. ამას მილიონი მიზეზი აქვს. მათმა თანატოლებმა და მათმა წრემ ინგლისური მშვენივრად იცის. ასე რომ, მაინცდამაინც დასამალი არაფერია. ალბათ, ჩემს თაობას უფრთხიან, მაგრამ მთლად უცოდინრები არც ჩვენ გახლავართ... აქ, ალბათ, ხაზგასმაა იმისა, რომ "რა კარგები ვართ!" სნობიზმს ფართო მნიშვნელობა აქვს და საკუთარი თავის არც თუ ისე კარგად წარმოჩენას ნიშნავს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, სნობი ადამიანი ყოველთვის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი და საკუთარ ძალებში დაურწმუნებელია. მტკიცე ფსიქიკის ადამიანს არასდროს სჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა იცის და რამდენად მეტია სხვაზე. პირიქით, ეს მათ მდაბიურ ბუნებას უსვამს ხაზს. რა თქმა უნდა, ინგლისური რომ კარგად უნდა იცოდნენ, ამას საუბარი არ უნდა. ის მსოფლიოში, ნებისმიერ სახელმწიფოში, მშობლიური ენის შემდეგ, მეორე ენაა. მაგრამ არ შეიძლება, ორი ბავშვი ერთად რჩებოდეს და მაშინვე ინგლისურად იწყებდეს ლაპარაკს. ისეთი გრძნობა მრჩება, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთს არ ენდობიან და ერთმანეთთან ცდილობენ იმის წარმოჩენას, თუ რა კარგები და ჭკვიანები არიან. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, ინგლისურის მასწავლებელმა გვირჩია, ერთმანეთთან ისაუბრეთ და ენას გაიტეხთო. მოდი, შევთანხმდეთ იმაში, რომ როდესაც ენა რაღაც დონემდე იცი და საუბრობ იმ ენაზე ისეთ ადამიანთან, რომელმაც ეს ენა, დაახლოებით, იმავე დონეზე იცის, ამით შეცდომებს, პირიქით, უფრო იმტკიცებ. რა თქმა უნდა, ენასაც გაიტეხენ და ყველაფერს შეძლებენ, მაგრამ თუ უნდათ ინგლისური ოდესმე მაღალ დონეზე ისწავლონ, ეს არაფერში გამოადგებათ.

რაც შეეხება ჩვენს მშობლიურ ენას, ყველა დიქტორი, გამომსვლელი თავს ვალდებულად თვლის, რომ თქვას "მთელს ქვეყანაში". "ს" არაა საჭირო. ან კიდევ, გავრცელებული შეცდომაა: "ჩემის აზრით". ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი აკადემიურობა და პრესტიჟულობა მიანიჭონ. ალბათ, ხშირად მოგვისმენია: "მისი გამოსვლა ძლიერ სენსიტიური და ემოციური იყო." "სენსიტიური" და "ემოციური" ერთი და იგივეა და ერთად რა საჭიროა?! ან საერთოდ, სიტყვა სენსიტიურის თქმა რა საჭიროა, როდესაც მშვენიერი სიტყვა გვაქვს - ემოციური. მადლობა, ღმერთს, რომ დღეს "პოლსა" და "შკაფს" აღარავინ ამბობს. მაგრამ, მეორე მომენტია, რა საჭიროა, ყოველ წუთს "დრაივი"? თქვით "მოქმედება", "შინაგანი ცეცხლი". "პრეზენტაცია" ძალიან დამკვიდრებული სიტყვაა, ქართულად კი წარდგენაა. აღარაფერს ვამბობ "ემანსიპაციაზე", "იმპროვიზაციაზე"...შედარებით მისაღები ფორმებია, მაგრამ მაინც საშიშია. იმიტომ, რომ ენას წონას კი არ ვაძლევთ, პირიქით, ვაცლით. მესმის, რომ ენა აუცილებლად უნდა გამდიდრდეს. ისიც მესმის, რომ ენა ცოცხალია, მაგრამ ენის მიღმა ყოველთვის რაღაც დიდი, დიადი, მშობლიური დგას. თუკი მრცხვენია, რომ მეგობარს ქართულად ველაპარაკო, მგონი, პიროვნულადაც არ ვარ შემდგარი.