ფუფუნებით ცნობილმა ვარსკვლავებმაც კი ფულის დაზოგვა დაიწყეს, მეორად სამოსს იძენენ და წითელ ხალიჩაზეც ნაცვამი კაბით გამოდიან - ხელმომჭირნეობა და ეკონომია მოდური გახდა - მშობლები

ფუფუნებით ცნობილმა ვარსკვლავებმაც კი ფულის დაზოგვა დაიწყეს, მეორად სამოსს იძენენ და წითელ ხალიჩაზეც ნაცვამი კაბით გამოდიან - ხელმომჭირნეობა და ეკონომია მოდური გახდა

2024-07-04 15:34:28+04:00

2020 წელს, როდესაც მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და პანდემიის გამო ადამიანები მოგზაურობას, საყიდლებზე სიარულს, რესტორნებსა და გასართობ სივრცეებში ფულის დახარჯვას ვეღარ ახერხებდნენ, საზოგადოების ცნობიერებაში ბევრი რამ შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ხალხმა გააცნობიერა, რომ სახლში ძვირად ღირებული ტანსაცმლით კი არა, პიჟამათი ყოფნა მოუწევდათ, ლოგომანია დაივიწყეს და არჩევანი პრაქტიკულ ნივთებზე შეაჩერეს. მიხვდნენ, რომ ბევრი რამ, რაც ადრე ღირებული ეგონათ, სულაც არ ყოფილა ასეთი საჭირო და აუცილებელი. ბოლო პერიოდში კი საკუთარი ფინანსების ხმამაღლა განხილვა სულ უფრო პოპულარული გახდა. "შემიძლია ამის ყიდვა, მაგრამ ფულის დახარჯვა არ მინდა" - ამ და კიდევ მსგავს არაერთ ფრაზას, ალბათ, ხშირად გავიგონებთ არა მხოლოდ ირგვლივ მყოფებისაგან, არამედ მსოფლიოში ცნობილი და მდიდარი ადამიანებისაგანაც. შედეგად "ხმამაღალი ბიუჯეტირების" ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომელიც გვეხმარება, საკუთარ ხარჯებზე კონტროლი ავიღოთ და უპირატესობა მივანიჭოთ იმას, რაც მართლა გვჭირდება.

1-1720093091.jpg

პანდემიის შემდეგ დამკვიდრებულმა ტენდენციამ, რომლის თანახმადაც, არ ღირს განსაკუთრებით დიდი თანხის დახარჯვა იმაში, რაც რეალურად არ გვჭირდება, ვარსკვლავებიც აიყოლია და მათ საჯაროდ თავიანთი გადაწყვეტილებების შესახებ არაერთხელ ისაუბრეს.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2022 წელს ქეით ბლანშეტმა თქვა, რომ მას აღარ სურს ახალი კაბების ყიდვა და წითელ ხალიჩაზე გამოჩნდება იმით, რაც უკვე აქვს.

3-1720093107.jpg

მინიმალიზმი პამელა ანდერსონსაც შეუყვარდა და ბოლო დროს ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სადა მაკიაჟით ან საერთოდ მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. მსახიობი აღნიშნავს, რომ გააცნობიერა, რამდენიმე საათი ვიზაჟისტთან ჯდომა დროის უაზროდ კარგვაა და ამავდროულად, ჰოლივუდის ტოპ-ვიზაჟისტების მომსახურებაც საკმაოდ ძვირი ღირს. ანდერსონი აღნიშნავს, რომ თანხის უფრო სასარგებლო საქმეებისთვის დახარჯვა შეუძლია.

4-1720093128.jpg

ცნობილი ადამიანები თანხას არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თავიანთ ბიზნესზეც ზოგავენ და შესაძლოა, პარადოქსულია, მაგრამ ეს მათ კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

5-1720093145.jpg

მაგალითად, ბოლო დრომდე, სოციალურ ქსელში ერთი სარეკლამო პოსტის გასაკეთებლად, ცნობილი სახეები მთელ პროდიუსერულ გუნდებს ქირაობდნენ. ახლა კი, მაგალითად, საკმარისია, კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს ჩანთით მანქანიდან გადმოვიდეს ან შვილი პარკში წაიყვანოს და ბრენდის ჩექმა მოირგოს, რომ ეს რეკლამისა და გამოხმაურების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

6-1720093161.jpg

ინფლუენსერები, ბლოგერები იმდენად გააქტიურდნენ და პანდემიის შემდეგ, ონლაინ გაყიდვები ისე სწრაფად გაიზარდა, რომ ადამიანებს რეკლამის დამატებითი წყაროები აღარ სჭირდებათ. თავად შეიძლება წარადგინონ აუდიტორიის წინაშე ის, რისი ჩვენებაც ადრე სარეკლამო გუნდის დახმარებით შეეძლოთ. მაგალითად, საკმარისია, ჰეილი ბიბერმა დილით ერთი სელფი გადაიღოს, დაწეროს საკუთარი ბრენდიდან იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც კანის მოვლის რუტინაში იყენებს, რომ საიტზე ამ პროდუქტის გაყიდვები საგრძნობლად გაიზრდება. მას მარკეტოლოგების დიდი გუნდი აღარ სჭირდება. პირადად შეუძლია მისწვდეს იმ აუდიტორიას, რომელიც მისთვის საინტერესო და მომგებიანია.

7-1720093179.jpg

2024 წელს ხმამაღალი ბიუჯეტირების ტენდენციას კანიე უესტიც შეუერთდა. თავისი ბრენდის Yeezy-ის ახალი კოლექციის რეკლამა ტელეფონით გადაიღო და მომხმარებლებს მოუწოდა, რომ საიტზე გადასულიყვნენ და ფეხსაცმელი ეყიდათ. მეტი არაფერი... შედეგად, მან 20 მილიონი ღირებულების სპორტული ფეხსაცმელი გაყიდა.

მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, ბრენდები გუნდის შემცირებას ცდილობენ და სურთ, ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგი მიიღონ. სულ უფრო მეტად ისწრაფვიან სიმარტივისკენ და მათთვის აუდიტორიასთან მისვლა ბევრად უფრო მარტივია.

9-1720093198.jpeg

ცნობილი ადამიანები შეიძლება, მასობრივ ბაზრობებში ვნახოთ და აღმოვაჩინოთ ისიც, რომ მათ ბიუჯეტური ბრენდების სამოსი და აქსესუარები აქვთ. ბრენდომანია სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება.

აღნიშნული ტენდენციის ჩამოყალიბება მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისებმაც გამოიწვია. ფულის მასობრივად დაზოგვის სურვილი Pinterest-მა 2024 წლის პროგნოზში გლობალურ ტენდენციად გამოაცხადა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რო უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი გლობალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ, ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ამ საკითხზე ფიქრი, ჯობს ყურადღება გაამახვილოთ.

2-1720093229.jpg

ამ ტენდენციის მნიშვნელობა ის კი არ არის, რომ ყოველი თეთრი დაზოგოთ და მოიკლოთ ის, რაც ძალიან გჭირდებათ, არამედ იმის გაცნობიერებაა, რომ შესაძლოა, თანხას სრულიად არამიზნობრივად ხარჯავთ. შესაძლოა, გაქვთ ის ფეხსაცმელი, რომელიც ცნობილი ადამიანის რჩევით იყიდეთ, მაგრამ არ მოგწონთ და არც კომფორტულად გრძნობთ თავს. მისი შეცვლა ბიუჯეტური ვარიანტით თავისუფლად შეგიძლიათ.

ცნობილი ადამიანები სულ უფრო ხშირად უზიარებენ თავიანთ გამომწერებს ინფორმაციას, თუ სად არის ფასდაკლება, როგორ შეუძლიათ, ბიუჯეტურ ფასში იყიდონ ის, რაც მოსწონთ. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს აღარ რცხვენიათ, სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებულ ნივთებზე გააკეთონ აქცენტი და არა მაინცდამაინც ძვირად ღირებულ პროდუქციაზე.

მეტიც, გოგონები ხმამაღლა, აბსოლუტურად თავისუფლად ამბობენ, რომ, მაგალითად, ზედა, ჯინსი ძალიან იაფად იყიდეს. ამიტომ, ჯობს, ყურადღება გავამახვილოთ იმის ყიდვაზე, რაც გვინდა და რეალურად გვჭირდება და არა იმაზე, რაც პოპულარული და ბრენდულია.