არაერთი ბიოგრაფის მტკიცებით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შვილებს ხშირად აწუხებთ „არასასურველი შვილის“ კომპლექსი, რადგან გამუდმებით აკლიათ მშობლებთან კონტაქტი და და მათი მზრუნველობა. სამაგიეროდ, აღმოჩნდა, რომ არც ზედმეტ ყურადღებასა და განებივრებას მოაქვს კარგი შედეგი - ამის ნათელ დადასტურებად პრინც ენდრიუს მაგალითი მოჰყავთ. ელისაბედ მეორის მესამე შვილმა, რომელსაც დედოფალი ყველაზე მეტი სიყვარულითა და ყურადღებით ანებივრებდა, საბოლოოდ ყველა ტიტული დაკარგა, ჩამოერთვა ქონება, გაეხვა სამარცხვინო სკანდალებში, გააძევეს სასახლიდან. დედოფლის რჩეული და ფოლკლენდის ომის გმირი დღეს იშვიათად გადის სახლიდან და ცდილობს უარყოფითი ემოციები საკვებით ჩაიხშოს. ის დიდი ხანია ზედმეტ წონას ებრძვის და ახლობლების თქმით, ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
ძირითად დროს ჯირითსა და გოლფის თამაშში ატარებს, მაგრამ ამბობენ, რომ უმეტესად, სახლში ზის და ტელევიზორს უყურებს. მისი გარემოცვის წევრების შეფასებით, მას მხოლოდ საკვები ანიჭებს სიამოვნებას.
როგორც ცნობილია, პრინცი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებების გამო სკანდალში გაეხვა და პრაქტიკულად, ყველაფერი დაკარგა. როგორ მივიდა დედოფლის რჩეული და ნებიერა შვილი ამ მდგომარეობამდე?
საგულისხმოა, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი მესამე შვილის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს ეკოლოგიურ მოძრაობას, რომელიც ორ შვილზე მეტის ყოლას ეწინააღმდეგებოდა. დედოფალმა მის სურვილებს ანგარიში არ გაუწია და კიდევ ორი ვაჟი გააჩინა.
ვინაიდან უფროს და-ძმასთან 10-12 წლიანი ასაკობრივი სხვაობა აშორებდა, ენდრიუს მათთან ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონდა.
სამაგიეროდ, დედამ გაცილებით მეტი დრო დაუთმო მესამე შვილს, ვიდრე პირველ ორს ”ის, რა თქმა უნდა, დედის ფავორიტი გახლდათ. ძალიან თავნება ბავშვი იყო - პრინცმა ფილიპმაც კი მას „სახლის პატრონი უწოდა“ - ამბობს სამეფო ბიოგრაფი ნაიჯელ ქოტორნი.
ნაიჯელის თქმით, ენდრიუს გაჩენისთანავე, მისმა უდიდებულესობამ ბიძაშვილს მისწერა, რომ ბავშვი "მომხიბვლელი" და აქედანვე „განწირული იყო საშინლად განებივრებისთვის". შედეგად, ენდრიუს არასოდეს ეშინოდა იმის თქმის ან გაკეთების, რის გამოც დასჯიდნენ. მას არასოდეს სჯიდნენ და ამით ხშირად სარგებლობდა. ერთხელ პორტ სტენლიში ფოლკლენდის კუნძულების ზავის დროს, სადაც 255 ჯარისკაცი დაიღუპა, პრინცმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ეს "იდეალური ადგილია პატარძლის თაფლობის თვეში წასაყვანად".
მისი არერთი ულამაზო და უტაქტო საქციელის მიუხედავად, ელისაბედ მეორე მუდამ მის მხარეს იყო და ყოველთვის იცავდა შვილს, ამაყობდა მისით.
იმისდა მიუხედავად, რომ იორკის ჰერცოგი 2001 წელს აქტიური სამხედრო პერსონალის სიიდან ამორიცხეს, ის 2010 წელს კონტრადმირალი გახდა, ხოლო 2015 წელს კიდევ უფრო დააწინაურეს. 2011 წელს მისმა უდიდებულესობამ მის შვილს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა, სამეფო ვიქტორიანული ორდენის რაინდის დიდი ჯვარი.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ენდრიუ მონარქების ერთდერთი შვილი იყო, რომელმაც საომარ მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა ფოკლენდის კუნძულებისთვის.
ბრიტანეთის მთავრობამ პრინცს უსაფრთხო პოზიცiაზე გადაყვანაც შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. ენდრიუ ბრძოლის ეპიცენტრში იყო და როგორც ვერტმფრენის პილოტმა, რამდენიმე საბრძოლო მისიის შესრულება მოახერხა. მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ ფოლკლენდებში მან ადრენალინის ისეთი დოზის გადაჭარბება განიცადა, რომ სამუდამოდ დაკარგა ოფლიანობის უნარი.
ომის შემდეგ პრინცი დაქორწინდა. მისი ცოლი სარა ფერგიუსონი იყო; ბრიტანულ ტაბლოიდებს ის მაშინვე არ მოეწონათ და არაერთი ცუდი სათაური მოარგეს მის შესახებ გამოქვეყნებულ სიახლეებს. სამეფო ოჯახი, მათ შორის პრინცი ენდრიუ, არანაირად არ რეაგირებდა პრესის მხრიდან სარას ბულინგსა და შეურაცხყოფაზე.
კარისკაცებს შორის ენდრიუ ცნობილი იყო, როგორც უცნაური ექსცენტრიკი, რომელიც შეპყრობილი იყო პლუშის ფუმფულა დათუნიებით. ერთ-ერთმა მოსამსახურემ, რომელიც ბუკინგემის სასახლეში მუშაობდა, გაზეთ The Sun-ს განუცხადა, რომ პრინცს 72 დათვი ჰყავდა, საზღვაო ფორმებში გამოწყობილი.
”ნახევარი საათი მჭირდება მათ დასალაგებლად. ძილის წინ დათვები ოთახში უნდა გავანაწილო. ყველას აქვს გამოყოფილი ადგილი. ენდრიუს ორი საყვარელი დათვი მისი საწოლის კიდეებზე უნდა დავსვა, კიდევ ორი მის ფეხებთან იატაკზე. დანარჩენებსაც თავ-თავისი ადგილები ჰქონდათ ” - ამბობს მოსამსახურე. მისივე თქმით, მსახურები რომ შეცდნენ და დათვები არასწორ ადგილას დასვან, ენდრიუ ბრაზდება და უყვირის მათ.
1992 წელს ტაბლოიდებმა სარა ფერგიუსონის ფოტოები საყვარელთან ერთად გამოაქვეყნეს. ამის შემდეგ ენდრიუს სხვა არჩევანი არ ჰქონდა - მხოლოდ განქორწინება. ისინი საბოლოოდ 1996 წელს განქორწინდნენ, მაგრამ ფიზიკურად ერთმანეთს არ დაშორებიან: ახლაც, თითქმის 30 წლის შემდეგ, ენდრიუ კვლავ სარა ფერგიუსონთან ცხოვრობს, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავს.
ამავდროულად, ნაცნობებისა და ყოფილი ქვეშევრდომების ისტორიების მიხედვით, სწორედ ამ წლებში შეიძინა ენდრიუმ ფლეიბოის რეპუტაცია. სამეფო უშიშროების ყოფილი ოფიცრის პოლ პეიჯის თქმით, პრინცი ქალბატონებს ყოველ ორ დღეში ცვლიდა: ”ვხუმრობდით, რომ მბრუნავი კარი სჭირდებოდა საძინებელში”, - ამბობს პეიჯი.
„ენდრიუ არასოდეს ეწეოდა, არც ნარკოტიკს იღებდა და არც სვამდა. მას ერთი გატაცება ჰქონდა - სექსი“ - ამბობს სამეფო ბიოგრაფი ფილ დამპიერი.
ენდრიუ ამერიკელ ფინანსისტს ჯეფრი ეპშტეინს დაუმეგობრდა, რომელმაც მთელი კრიმინალური ქსელი შექმნა არასრულწლოვან გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციაში ჩართვის მიზნით. ეპშტეინი მდიდარ და გავლენიან ადამიანებს უახლოვდებოდა. მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებთან ბილ კლინტონთან და დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან, კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინთან, მსახიობ კევინ სპეისთან, მილიარდერ ბილ გეითსთან და სხვებთან.
ეპშტეინის ზოგიერთმა მსხვერპლმა მოგვიანებით აღიარა, რომ აიძულეს სექსი ჰქონოდათ პრინც ენდრიუსთან. ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე იმ დროს მხოლოდ 17 წლის იყო. მისი თქმით, პრინცთან ერთად იბანავა, შემდეგ საძინებელში გადავიდნენ სექსის მიზნით. გოგონას თქმით, ეს მის ცხოვრებაში "ყველაზე მძიმე ათი წუთი" იყო.
ენდრიუმ უარყო გაუპატიურება, მაგრამ გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ის 17 წლის ვირჯინია ჯუფრესთან ერთად ჩახუტებული ჩანს ეპშტეინის თანამზრახველის გისლაინ მაქსველის ლონდონის ბინაში.
2019 წელს ენდრიუმ კიდევ ერთხელ სცადა თავისი უდანაშაულობის დამტკიცება და BBC-ს ინტერვიუ მისცა. მისდა სამწუხაროდ, ინტერვიუს არ მოჰყოლია ის ეფექტი, რასაც ელოდა. ახლა მთელმა ბრიტანეთმა მიაქცია ყურადღება მის ცოდვებს.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ენდრიუს სამეფო ოჯახის უფროსი წევრის მოვალეობები ჩამოერთვა და ჩრდილში გადაინაცვლა.
პრინცი ცდილობდა ყურადღება არ მიეპყრო, მაგრამ ამან არ უშველა: აშშ-ში ვირჯინია ჯუფრემ მას უჩივლა. დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა დიდი ხნის გასული იყო, მაგრამ სარჩელი ნიუ-იორკის ბავშვთა მსხვერპლის აქტის წყალობით მიიღეს წარმოებაში, რომელიც საშუალებას იძლევა არასრულწლოვნებზე სექსუალურად მოძალადე პირების დევნას განურჩევლად იმისა, თუ როდის იყო ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო პროცესის პირველივე დღეებში ახალი ფაქტები გამოჩნდა პრინცი ენდრიუს წინააღმდეგ.
ენდრიუს ადვოკატებმა შეძლებისდაგვარად იბრძოლეს, მაგრამ უშედეგოდ. პრინცი დათანხმდა ჯუფრესთვის 12 მილიონი ფუნტის გადახდას. ამრიგად, მან ფაქტობრივად აღიარა დანაშაული - ყოველ შემთხვევაში საზოგადოების თვალში.
პრინცს ჩამოართვეს ტიტული, დარჩა მოახლეების გარეშე და ბუკინგემის სასახლიდანაც გააძევეს.
მალევე ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ენდრიუს ჩამოერთვა ტიტული და სამხედრო წოდებები. პრინცი, როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, ამ გადაწყვეტილებით გაოგნებული იყო. ელოდა, რომ ოჯახი დაეხმარებოდა ჯუფრისთვის თანხის გადახდაში, მაგრამ პირიქით მოხდა.
Daily Record-ის წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ ენდრიუ ფინანსური კრახის წინაშე იდგა - მას საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა აეკრძალა და საკუთარი ძალებით მრავალმილიონიანი ხარჯები ვერ დაფარა. გადაწყვიტა შვეიცარიული სათხილამურო შალე გაეყიდა, მაგრამ ქონებაც ჩამოართვეს.
როდესაც ჩარლზი მეფე გახდა, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. უფროსმა ძმამ ენდრიუს სამეფო ლოჟა დაატოვებინა, დაიკავა მისი ოფისი ბუკინგემის სასახლეში და გაათავისუფლა მისი თანამშრომლები. არავინ იცის, რა დაემართათ დათუნიებს, მაგრამ აშკარად კარგი არაფერი. „მეფემ ნათლად თქვა, ენდრიუ აღარ არის სამეფო ოჯახის მოქმედი წევრი. ახლა ის მარტოა“. - განუცხადა წყარომ The Sun-ს.
ანალიტიკურმა კომპანია YouGov-მა აღმოაჩინა, რომ ენდრიუ სამეფო ოჯახის ყველაზე საძულველი წევრი გახდა. გამოკითხვის მონაწილეთა 86 პროცენტი მის წინააღმდეგ იყო განწყობილი, თუმცა თავად ეს სტატისტიკის გარეშეც იცოდა.
2022 წელს, როდესაც დედოფალი დაკრძალეს, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიყენა იშვიათი შესაძლებლობა, პირადად ეთქვა პრინცისთვის, რას ფიქრობდნენ მასზე ბრიტანელები - ცერემონიის დროს მამაკაცმა ხმამაღლა წამოიყვირა: „ენდრიუ, ბებერი გარყვნილი!“