მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:
- გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირა განსხვავებული იქნება. მართალია, ჯერ არ აღნიშნულა ის მაღალი ტემპერატურები, რომლებიც ივლისისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, დედაქალაქში 2021 წელს 40 გრადუსიც კი დაფიქსირდა. გასულ დღეებში, დედაქალაქში მაქსიმალური ტემპერატურა +33-დან +37 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. რაც შეეხება ამ კვირას, 15-დან 17 ივლისამდე მთელ საქართველოში ყველაზე ცხელი დღეები იქნება. დედაქალაქში შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +37-დან +38 გრადუსამდე მოიმატოს. 18-19 ივლისს შესაძლოა, ტემპერატურამ დაიკლოს, მაგრამ სინოტივის გამო, მგრძნობელობა მაღალი იქნება, ამიტომ ადამიანები იფიქრებენ, რომ რამდენიმე გრადუსით დაკლება არც აღნიშნულა. კვირის ბოლოს დედაქალაქში შესაძლებელია, +38, +39 გრადუსი დაფიქსირდეს.
16-17 ივლისს, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, შესაძლებელია, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +40, +41 გრადუსს მიუახლოვდეს. სანაპირო რაიონებში, დაახლოებით, +35, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება. 18-19 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა ცოტა დაიკლებს. თუმცა 20-21 ივლისს კვლავ მოიმატებს.
სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია, დაახლოებით, +36, +37 გრადუსი. რაჭაში, მთიან რაიონებში +35 გრადუსი იქნება , ხოლო მაღალ მთაში +30 გრადუსი. ტემპერატურა მცხეთა-მთიანეთშიც, დაახლოებით, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთის 18-19 ივლისს ჰაერის ტემპერატურა, დაახლოებით, +31, +33 გრადუსამდე იქნება. 20-21 ივლისიდან კი მოიმატებს და შესაძლებელია, +38 გრადუსს მიუახლოვდეს.