ამ წლის დასაწყისში ლეგენდარულმა მოდელმა კრისტი ბრინკლიმ 70 წლის იუბილე იზეიმა, თუმცა ასაკის მიუხედავად, არც მოდელობა შეუწყვეტია და გარეგნობითა და მუდმივი პოზიტივით უამრავი ქალისთვის რჩება მაგალითად. მორიგი ფოტოსესია Social Life-ისთვის მოაწყო და კიდევ ერთხელ უჩვენა საზოგადოებას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
როცა კრისტის სილამაზეზე და უბერებელ სხეულზე ესაუბრებიან, ხშირად ამბობს ღიმილით: "უბრალოდ, მხედველობის სათვალე მოვიხსენი და სხვებსაც იგივეს ვურჩევ. ჩემს ფოტოებს გამადიდებელი ლინზების გარეშე ვუყურებ".
ინტერვიუში ასევე საუბრობს შინაგან განწყობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია და გარეგნულ დეტალებზე, როგორიცაა მაგალითად ალისფერი ლაქი ფეხის ფრჩხილებზე, რაც აგვირგვინებს ნებისმიერ ლუქს.
ასევე ამბობს, რომ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში მებაღეობა ეხმარება. მიწას რომ ზელს ხელით, ამ დროს ძალიან ახლოს არის ბუნებასთან და მთლიანად იწმინდება მისი აურა. ამბობს, რომ ეს ძალიან ეხმარება, თავი ცოცხლად იგრძნოს.
რაც შეეხება პატარა სიამოვნებებს თუ კვების რეჟიმს, კრისტის თქმით, მისი დიდი სიყვარულია ცხელი შოკოლადი, რომელსაც ხშირად ამზადებს, განსაკუთრებით, როცა მთელი ოჯახი იკრიბება.
დღეში 10 წუთს უთმობს ხელებისა და ფეხების ვარჯიშს, პრესს. დარბის, დაკავებულია იოგით, აერობიკით, ცეკვებით, ფიტნესით, სერფინგით, ველოსიპედით, ცურვით.
ცხოვრების აქტიური წესიც მიაჩნია მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოდ. ბევრი რამ გამოსცადა და სცადა - იყო მწერალი, ილუსტრატორი, ფოტოგრაფი, მოდელი, მომღერალი, ა ადამიანთა და ცხოველთა უფლებების დამცველი, აქტივისტი და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა უფრო გააახალგაზრდავა.
კრისტის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა ჯანმრთელობის საკითხებზე და ექიმებთან ვიზიტები, რათა არ გამოგვეპაროს მნიშვნელოვანი ცვლილებები. სწორედ ერთ-ერთ პროფილაქტიკურ ვიზიტზე აღმოაჩინა ცოტა ხნის წინ სიმსივნე ადრეულ სტადიაზე. საფეთქელთან ხალის მსგავსი ახალი წარმონაქმნი შენიშნა და ექიმს დაუკავშირდა. ნიმუში ბიოფსიისთვის გააგზავნეს და კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოდელს ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ადრეულ სტადიაზე აღმოაჩნდა.
ცნობილი მოდელი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი კრისტი ლი ჰადსონია, 1954 წლის 2 თებერვალს დაიბადა ამერიკაში. მშობლები მალე განქორწინდნენ და დედამისი სატელევიზიო სცენარისტ დონ ბრინკლიზე გათხოვდა, რომლის გვარიც აიღო შემდეგ კრისტიმ.
1972 წელს დაამთავრა Palisades High School, ასევე მიიღო ფრანგულენოვანი განათლება სპეციალურ კოლეჯში და 1973 წელს პარიზში გაემგზავრა, რომ ხელოვნება შეესწავლა. იმავე წელს ამერიკელმა ფოტოგრაფმა ეროლ სოიერმა შენიშნა პარიზის საფოსტო განყოფილებაში და პირველი ფოტოებიც მან გადაიღო, შემდეგ კი ამერიკული სამოდელო სააგენტოს მფლობელი გააცნო და ასე დაიწყო კრისტის სამოდელო კარიერა.
1982-2013 წლებში 5 ფილმსა და სერიალში გადაიღეს. მოდელის კარიერის მანძილზე მისი ფოტო 500 ჟურნალის ყდაზე იყო გამოქვეყნებული.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი მხატვარი ჟან-ფრანსუა ალიუ გახლდათ. შემდეგ თითქმის ათი წელი იყო ცნობილი მუსიკოსის ბილი ჯოელის მეუღლე, რომელთანაც ეყოლა პირველი შვილი - ალექსა რეი ჯოელი. 1994 წელს გაჰყვა ცოლად უძრავი ქონების აგენტ რიჩარდ ტაუმბანს, რომელთანაც ვაჟი ჯეკ პერის ტაუმბანი შეეძინა, თუმცა ამ ქორწინებამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა. 1996-2008 წელს არქიტექტორ ჰელსი კუკთან იყო ქორწინებაში და 44 წლისამ მესამე შვილი - სეილორ ლი ბრინკლი-კუკი გააჩინა.
უკვე 51 წლის იყო კრისტი, როცა მრავალწლიანი სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა CoverGirl-თან. 57 წლისამ კოსმეტიკის საკუთარი ხაზი შექმნა, 58 წლისამ Haute Living-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და 60 წლის იუბილე იმით აღნიშნა, რომ "ფლეიბოის" ყდაზე გამოქვეყნდა საცურაო კოსტიუმში გადაღებული მისი ფოტო. და ახლაც, 70 წლისა, ისევ მოთხოვნადი მოდელია.