ჰედი ლამარი მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ულამაზესი მსახიობი ქალი და ასევე, როგორც გამომგონებელი. ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ეს მშვენიერი მსახიობი ქალი თან ტექნოლოგიურ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორია.
ჰედვიგა ევა მარია კისლერი 1914 წლის 9 ნოემბერს დაიბადა ვენაში, ავსტრიაში. ერთადერთი შვილი იყო ბანკის მმართველის ემილ კისლერის და მისი ცოლის, პიანისტ გერტრუდა კისლერის (რომელიც მდიდარი უნგრელი ებრაელების ოჯახიდან იყო) ოჯახში.
16 წლის ჰედვიგა სახლიდან წავიდა და ტეატრალურ სკოლაში ჩააბარა, თან კინოში გადაღებაც დაიწყო. მისი დებიუტი შედგა გერმანულ-ავსტრიულ ფილმში "ფული ქუჩაში". მაშინვე აღიარეს მისი გამორჩეული სილამაზე და ევროპის ულამაზეს ქალად დაასახელეს. შემდეგ სხვა პროექტებიც გამოჩნდა, ყველაზე დიდი წარმატება კი მოუტანა ავსტრიულმა ფილმმა "ექსტაზი" - შიშველი გოგონას ტბაში ბანაობის სცენა ათ წუთს გრძელდებოდა და უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. ისე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ფილმი აკრძალეს.
1937 წელს, უიღბლო ქორწინების შემდეგ, ჰედვიგა ქმრისგან თავისი მოახლის სამოსში გამოწყობილი გაიქცა და ნიუ-იორკში გაემგზავრა. ჰოლივუდში ხელგაშლილები შეხვდნენ - "ექსტაზის" შესახებ უკვბე ყველამ იცოდა. იქვე ურჩიეს, ძნელად გამოსათქმელი გვარ-სახელი შეეცვალა და აიღო ფსევდონიმი ჰედი ლამარი.
ჰოლივუდური კარიერის განმავლობაში ლამარმა საკმაოდ ბევრ ფილმში მონაწილეობა მოასწრო, მათ შორის იყო "ალჟირი". "უცნაური ქალი", "სამსონი და დალილა" და ა.შ. საერთო ჯამში 30 მლნ დოლარი გამოიმუშავა კინოგადაღებებით, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული თანხა გახლდათ.
ჰედი ლამარი ექვსჯერ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავდა.
1966 წელს, უკვე 52 წლისა, კვლავ აპირებდა ეკრანზე დაბრუნებას, თუმცა მის გარშემო საკმაოდ მტრული გარემო იყო. ჰედის ხისტი ხასიათი ჰქონდა, დაუფარავად ლანძღავდა იმას, ვინც გასალანძღი იყო და მკაცრად აკრიტიკებდა ჰოლივუდსა დ ამის წესებს. ამიტომ, საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავდა, თანაც, გავლენიანები. ერთხელ ფლორიდაში ფეხსაცმლის მაღაზიაში ასდოლარიანი ფეხსაცმლის მოპარვა დააბრალეს. ლამარი კი გაამართლეს და ცრუ ბრალდება აღმოჩნდა, თუმცა მისი რეპუტაცია დიდი ხნით შეიბღალა.
კიდევ უარესი აღმოჩნდა მისი რეპუტაციისთვის 1966 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნი "ექსტაზი და მე", რომელიც მის მიერ დაქირავებულმა მწერლებმა ლეო გილდმა და საი რაისმა დაწერეს. ლამარს გამოქვეყნებამდე არ მოეწონა საბოლოო პროდუქტი და აღნიშნა, რომ მასში ბევრი რამ მოგონილია, ვულგარული, სკანდალური და უხამსი. ამის გამო სასამართლოშიც კი იჩივლა, რომ წიგნი აღარ გამოეცათ, თუმცა წააგო.
1998 წელს ჰედი ლამარმა კომპანია Corel-ს უჩივლა, რომელმაც მისი გამოსახულება გამოიყენა გრაფიკული რედაქტორის CorelDRAW-ს კოლოფების გარეკანისთვის. ლამარმა 15 მლნ დოლარი მოითხოვა კომპენსაციის სახით, თუმცა კომპანიამ საპასუხოდ თქვა, რომ მათ არ გამოუყენებიათ მსახიობის ფოტო, არამედ გამოიყენეს ვინმე ჯონ კორკერის მიერ CorelDRAW-ს პროგრამაში შესრულებული ნახატი, რომელიც მხატვრის კუთვნილებაა და არა ჰედი ლამარის. საბოლოოდ მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე და კომპანიამ ხუთწლიანი ლიცენზია მიიღო ჰედი ლამარის გამოსახულების გამოყენებაზე, თუმცა კომპენსაციის თანხა არ გასაჯაროებულა.
რასაკვირველია, ცალკე აღნიშვნის ღირსია ჰედი ლამარის მოღვაწეობა, როგორც გამომგონებლის. 1942 წელს მან ჯორჯ ანტეილთან ერთად გამოიგონა და დააპატენტა სისტემა, რომელიც ტორპედოების დისტანციურად მართვის საშყალებას იძლეოდა. "მორბენალი სიხშირეების" ტექნოლოგია მხოლოდ ბევრი წლის წინ დააფასეს.
გამოგონების ბიძგად იქცა 1940 წლის 17 სექტემბერს ჩაძირული საევაკუაციო გემის შესახებ ცნობა, რომელზეც 77 ბავშვი დაიღუპა. ლამარს განსაკუთრებული უნარები ჰქონდა ზუსტ მეცნიერებებში და ამან მისცა შესაძლებლობა, თავისი კვლევებისთვის გამოეყენებინა და გადაემუშავებინა ტექნიკური დეტალები იარაღის შესახებ საუბრებიდან, რომლებსაც მისი პირველი ქმარი კოლეგებთან აწარმოებდა. თავისი ქვეყნისთვის რომ სამხედრო უპირატესობა მიენიჭებინა, თავის მეგობართან, ავანგარდულ კომპოზიტორ ჯორჯ ანტეილთან ერთად, ჰედი ლამარმა რადიომართვადი ტორპედოს გამოგონება დაიწყო, რომლის დახშობა ან დაჭერა შეუძლებელი იქნებოდა. მას გაუჩნდა იდეა - თუ მართვად ტორპედოს სამიზნის კოორდინატებს დისტანციურად ერთი სიხშირით გადასცემდი, მტერი ადვილად დაიჭერდა სიგნალს, დაახშობდა ან გადაამისამართებდა ტორპედოს სხვა მიზნისკენ, ხოლო თუ გადამცემზე გამოიყენებდნენ შემთხვევით კოდს, რომელსაც ცვლადი გადაცემის არხი ექნებოდა, მაშინ ასეთივე სიხშირის გადასვლების სინქრონიზება მიმღებზეც იქნებოდა შესაძლებელი. კავშირის არხების ასეთი ცვლა ინფორმაციის უსაფრთხოდ გადაცემის გარანტია იქნებოდა. ამ დრომე ფსევდოშემთხვევითი კოდები გამოიყენებოდა იმ ინფორმაციის დასაშიფრად, რომელიც კავშირის უცვლელი ღია არხებით გადაიცემოდა. ახალი აღმოჩენით კი ნაბიჯი წინ გადაიდგა - საიდუმლო გასაღების გამოყენება შესაძლებელი გახდა ინფორმაციის გადასაცემი არხების სწრაფი ცვლისთვის.
1942 წლის აგვისტოს ლამარმა და ანტეილმა მიიღეს პატენტი გამოგონებაზე "საიდუმლო კავშირის სისტემის". თუმცა ამერიკულმა ფლოტმა მაშინ უარყო ეს პროექტი, მისი რეალიზაციის სირთულეების გამო. მისი გამოყენება მხოლოდ 1962 წელს დაიწყეს შეზღუდულად, ხოლო ნახევარი საუკუნის შემდეგ პატენტი დაედო საფუძვლად გაფართოებული სპექტრის კავშირებს, რომლებიც უკვე მასობრივად გამოიყენებოდა მობილური ტელეფონებიდან Wi-Fi-მდე. 1997 წელს ჰედი ლამარი ოფიციალურად დააჯილდოეს თავისი გამოგონებისთვის, ხოლო 2014 წელს აშშ-ის გამომგონებელთა ეროვნულ დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ჰედი ლამარი 86 წლისა გარდაიცვალა 2000 წლის 19 იანვარს, ფლორიდაში. ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი მის სამშობლოში, ავსტრიაში, ვენის ტყეში მიმოფანტეს.