ჟანა კალმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ქალი გახდა, რომელმაც პრესისა და ფოტოგრაფების ყურადღება საკუთარი ხანგრძლივი ცხოვრებით არაერთხელ მიიპყრო. ქალმა 122 წელი და 165 დღე იცოცხლა და 1997 წელს გარდაიცვალა. ამიტომაც, მისი დღეგრძელობის საიდუმლო ყოველთვის ბევრ ადამიანს აინტერესებდა. ჟანა ნამდვილად არ იყო იმ ადამიანთა შორის, რომლებიც უპირატესად ჯანსაღ ცხოვრებას ირჩევენ. როგორც ცნობილია, ქალმა მხოლოდ 117 წლის ასაკში დაანება სიგარეტის მოწევას თავი. ჟურნალისტებს კი ინტერვიუებში უთხრა, რომ კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი შოკოლადის შეჭმა შეეძლო და წითელი ღვინის დალევაც უყვარდა.
თუმცა, ქალს სპორტი განსაკუთრებით მოსწონდა. დილით ადრე დგებოდა და ვარჯიშობდა. სიცოცხლის ბოლო წლებამდე ტანვარჯიშით იყო დაკავებული. 85 წლის ასაკში ფარიკაობა ისწავლა, 100 წლის ასაკში ველოსიპედის ტარება, 115 წლის ასაკში კი ფილმში "ვინსენტი და მე" ითამაშა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კალმანის მიმართ აზრთასხვადასხვაობა არ წყდება. მეცნიერები მისი დღეგრძელობის შესახებ დღემდე კამათობენ და ზოგიერთი თვლის, რომ ქალი რეკორდსმენის ტიტულით დაუმსახურებლად დააჯილდოვეს. ერთ-ერთი მეცნიერი, ნიკოლაი ზაკი, იმასაც კი ამტკიცებს, რომ ჟანა კალმანი 1934 წელს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრებით ცხოვრება კი ქალიშვილმა, ივონმა გადაწყვიტა, რომელსაც მემკვიდრეობის მისაღებად გადასახადების გადახდა არ სურდა.
თუმცა, ფრანგმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა 1875-1903 წლებში საფრანგეთში დაბადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეისწავლეს და დაამტკიცეს, რომ ჟანა კალმანი თაღლითი არ იყო და ქალმა მართლაც 122 წელზე მეტხანს იცოცხლა. ფრანგ ქალთან ინტერვიუები არაერთხელ ჩაწერეს, სადაც ის საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ აქტიურად საუბრობდა. დღეს მის რამდენიმე ციტატას გაგიზიარებთ:
"ჩემი დღეგრძელობის საიდუმლო ზეითუნის ზეთშია. მე მას არა მხოლოდ საუზმეზე, ვახშამსა და სადილზე ვიყენებ, არამედ ზეითუნის ზეთით კანსაც რეგულარულად ვიმასაჟებ."
"ყოველთვის გაიღიმეთ. ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებას ამ წესს მივაწერ. მჯერა, როცა მოვკვდები, მაშინაც კი გაღიმებული ვიქნები. ეს ჩემი გეგმის ნაწილია."
"ახალგაზრდობა გონების მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომ, ჯერ კიდევ პატარა გოგო ვარ, უბრალოდ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ცუდად გამოვიყურები." განაგრძეთ კითხვა