ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა გავლენას ახდენს შვილებზე მშობლების ჩხუბი და როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ უფროსებს ერთმანეთთან, რომ ბავშვი არ დაზარალდეს:
-კონფლიქტი ბუნებრიობაა. ასეც არ შეიძლება, ბავშვის წინაშე ვიღიმებოდეთ, მერე იქით გავიდეთ, ერთმანეთს მოვჩეჩოთ, გამოვიდეთ და ვითომ, არაფერი. ბავშვი ამას გრძნობს... ის ყველაფერს გრძნობს და ხედავს. ზოგჯერ შეიძლება, კონფლიქტი მოხდეს, მაგრამ თუ მის მოგვარებასაც ვაჩვენებთ, თუ ვისაუბრეთ, ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს გავუზიარებთ და შევთანხმდით, ეს მისთვის კარგი მაგალითია. მაგრამ, კონფლიქტსაც გააჩნია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ლექსიკით მივმართავთ ერთმანეთს. შეურაცხყოფა, ერთმანეთის ნეგატიურად შეფასება ძალიან საზიანოა. როცა ბავშვს ესმის, როგორ აფასებს დედა მამას ნეგატიურად ან პირიქით, ერთმანეთს იარლიყებს აწებებენ, განიცდის. ამ დროს ბავშვი ფიქრობს: "მე აქ არაფერს წარმოვადგენ, გინდ ვყოფილვარ, გინდ არა." თითქოს, თავზე ენგრევა ყველაფერი... თუ მშობლები საუბრისას კამათობენ, კონკრეტული არგუმენტებით ლაპარაკობენ ეს შეიძლება, მაგალითიც იყოს. "პატივს ვცემ შენს აზრს, მაგრამ არ გეთანხმები" - მსგავსი ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ერთმანეთი ნეგატიურად შევაფასოთ. ქცევის შეფასების უფლება ყოველთვის გვაქვს. შეიძლება, ბავშვს ბოდიშიც მოვუხადოთ და ვუთხრათ: "მე არასწორად მოვიქეცი, როდესაც შენი თანდასწრებით ზედმეტი მომივიდა და ბოდიშს გიხდი." ესეც კარგი მაგალითია, სწავლობს იმას, რომ როდესაც არასწორად მოიქცევა, მას აქვს შანსი, მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. "სულ უცდომელი ვარ და არაფერი მეშლება" - არანორმალურობაა. ადამიანები ვართ, ოჯახი ცოცხალი პროცესია და ამ ცოცხალ პროცესში შეიძლება, რაღაცაზე ვიდავოთ. მაგრამ, სადაც ურთიერთპატივისცემა იკარგება, იქ აღარ აქვს მნიშვნელობა, რას ვეტყვით ერთმანეთს.