როდემდე შეგიძლიათ პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა, რა უნდა გააკეთოთ, თუ შეფასებას არ ეთანხმებით და რას ნიშნავს ე.წ. ნედლი ქულა - ყველაფერი, რაც ახლა აბიტურიენტებს აინტერესებთ - მშობლები

როდემდე შეგიძლიათ პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა, რა უნდა გააკეთოთ, თუ შეფასებას არ ეთანხმებით და რას ნიშნავს ე.წ. ნედლი ქულა - ყველაფერი, რაც ახლა აბიტურიენტებს აინტერესებთ

2024-07-24 11:41:15+04:00

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება და ახლა აბიტურიენტები შედეგების გამოცხადებას განსაკუთრებით ელოდებიან. ბევრს პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა ან თავიდან დალაგება სურს. ამავდროულად, პირველად შედეგებთან, აპელაციასთან და გრანტის მიღებასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვთ.

გადავწყვიტეთ, იმ ინფორმაციისათვის, რაც აბიტურიენტებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აინტერესებთ, თავი მოგვეყარა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ცნობარის მიხედვით, მონაცემები გაგვეერთიანებინა.

2024 წელსაც საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში მითითების/ცვლილების შეტანის ვადა, ანუ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, ამოშლა ან ადგილის შეცვლა შესაძლებელი იქნება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით. კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე წინასწარ გამოქვეყნდება.

რა ხდება მაშინ, თუ ორ ან მეტ არჩევით საგანს აბარებთ და ერთ-ერთში ზღვარი ვერ გადალახეთ ან გამოცდაზე საერთოდ ვერ მივედით?

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2024 წელსაც 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები გაიცემა.

ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის (ჩაჭრის) ან გამოცდაზე არგამოცხადების გამო აბიტურიენტი მაინც შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას

სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირზე, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის 1 აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  • იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

აბიტურიენტი აკადემიურ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სამი საგნის შედეგის გათვალისწინებით - ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და მათემატიკის/ისტორიის/გეოგრაფიის/სამოქალაქო განათლების/ლიტერატურის/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის გამოცდებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.

გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ აბიტურიენტის მიერ ამა თუ იმ საგანში მოპოვებული ქულა აბსოლუტური ქულის დათვლისას გაითვალისწინონ, აუცილებელია, რომ აღნიშნული საგნის ჩაბარება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულო იყოს. თუ კონკრეტული საგანი თქვენ მიერ არჩეულ პროგრამაზე არ ბარდება, ამ საგნის ქულით გრანტს ვერ მოიპოვებთ. მაგალითად, თუ პროგრამაზე არჩევით საგნად მხოლოდ ისტორია ბარდება და თქვენ ბიოლოგიასაც აბარებთ, ბიოლოგიის ქულით გრანტს ვერ მოიპოვებთ.

აბიტურიენტი ორ ან მეტ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია რამდენიმე საგანი და აბიტურიენტი ამ საგნებიდან ორს ან მეტს აბარებს.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1 + 164,8 + (164,0X1.5) = 579,9. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 579,9X10= 5799,0.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებით?

თუ აბიტურიენტი მიღებულ შეფასებას არ ეთანხმება, მას შეუძლია ქულა დადგენილ ვადებში გააპროტესტოს. ასეთ შემთხვევაში, მან ელექტრონულად ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი უნდა შეავსოს. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონულად (ინტერნეტით) შევსებისათვის საჭირო პროცედურები და ვადები განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის). გაითვალისწინეთ, თუ ერთზე მეტ საგანში გექნებათ ქულასთან დაკავშირებით პრობლემა, თითოეულ საგანზე 50-50 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა შესაბამის ვადებში, განცხადების საფუძველზე ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს თქვენი ნაშრომი თავიდან, დამოუკიდებლად სწორდება და ქულა შეიძლება, მომატებისკენაც შეიცვალოს ან პირიქით, დაგაკლდეთ.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

"საქართველოს ბანკის" გადახდების პლატფორმით - bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%;

"საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

"საქართველოს ბანკის" ინტერნეტ ბანკის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;

"საქართველოს ბანკის" მობილური აპლიკაციით- mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად შემოწმდება. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან მაქსიმუმ 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე განაცხადი წარადგინოს. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამოსაცდელის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.

რას ნიშნავს ნედლი ქულა?

ნედლი ქულა არის პირველადი შეფასება, რასაც შედეგების გამოქვეყნებისას თქვენს გვერდზე ნახავთ. თუმცა, შესაძლოა, ქულა მოგვიანებით გათანაბრების ან თქვენ მიერ გასაჩივრების შემდეგად შეიცვალოს.

გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას განაპირობებს. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად, ქულების გათანაბრების მეთოდი გამოიყენება. შესაბამისად, შესაძლოა, ე.წ. ნედლი ქულა გათანაბრების შემდეგაც შეიცვალოს, მოგემატოთ განსაზღვრული რაოდენობის ქულა ან უცვლელად დარჩეს. როგორც აღვნიშნეთ, სააპელაციო განაცხადების გადამოწმებას, დაახლოებით, 20 დღე სჭირდება. მას შემდეგ, რაც აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, აბიტურიენტებს მეორე დღის 18:00-მდე კიდევ ექნებათ დრო, რომ არჩეული პროგრამები შეცვალონ. რამდენიმე დღეში კი საბოლოო ჩარიცხვების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, პირველადი შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოს, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან იგეგმება.

თამარ იაკობაშვილი

უფასო ფაკულტეტები სია ახალი სასწავლო წლისთვის - ნახეთ უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სრული ჩამონათვალი