"25 წელია, მე და ნიაზი ერთად ვართ, ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და სხვა ეტაპზე გადადის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია" - რატომ არ დადის ნიაზ დიასამიძე ცოლის სპექტაკლებზე და უძღვნის თუ არა მეუღლეს სიმღერებს - მშობლები

"25 წელია, მე და ნიაზი ერთად ვართ, ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და სხვა ეტაპზე გადადის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია" - რატომ არ დადის ნიაზ დიასამიძე ცოლის სპექტაკლებზე და უძღვნის თუ არა მეუღლეს სიმღერებს

2024-07-25 11:29:06+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი მაია გელოვანი გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" მეუღლის, ნიაზ დიასამიძის გაცნობის ამბავს იხსენებს და საუბრობს, როგორ განვითარდა მათი სიყვარულის ისტორია:

- ნიაზ დიასამიძე ნიკო გომელაურთან გავიცანი. მაშინ მისი წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. შორიდან ვიცნობდი, მაგრამ პირადად ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა გამაცნო. ქუჩაში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მერე უკვე სერიოზული ურთიერთობა ნიკო გომელაურის სახლში შეხვედრით დაიწყო. მე და ნიკო სპექტაკლში ერთად ვთამაშობდით, ძალიან ვმეგობრობდით, მასთან სახლში ხშირად ვიკრიბებოდით და ერთ-ერთ შეკრებაზე ნიაზიც იყო...

თავიდან ურთიერთობაზე არც მიფიქრია, მაგრამ რაღაცნაირად ასე მოხდა. ძალიან დავახლოვდით. წინანდალში წავედით, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. მერე იგივე შეკრება ბათუმში იყო და იქ უფრო და უფრო განვითარდა ურთიერთობა.

სიყვარულში გამოტყდომა ურთიერთობამ მოიტანა. სიყვარულზე რაღაცნაირად ვერ ვლაპარაკობ. როცა ძალიან გიყვარს, ეს რთულია და მართლა დიდი ბედნიერებაა, რომ ადამიანი ცხოვრებაში ასე ძალიან შეგიყვარდება. 25 წელია, მე და ნიაზი ერთად ვართ. ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და სხვა ეტაპზე გადადის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მაგრამ, ამაზე ვერ ვლაპარაკობ.

როდესაც ნიაზი ახალ სიმღერას, ახალ ალბომს უშვებს, მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის ერთ-ერთი ვარ მე, რომელიც პირველი ვისმენ ხოლმე ნამუშევარს. ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ. ახლა ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ და ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა იმიტომ, რომ მათ ეს პროცესი ძალიან უყვართ. ნიაზი ჩემს სპექტაკლზე არასდროს ყოფილა იმიტომ, რომ ძალიან ღელავს. ამიტომ, მე უკვე შევეჩვიე იმ ფაქტს, რომ ის სპექტაკლზე არ დადის. რა თქმა უნდა, სერიალებსა და ფილმებს უყურებს. იქაც ღელავს, მაგრამ ამას უყურებს. სპექტაკლს ვერ ესწრება... ეს უფრო ცოცხალი ამბავია, დარბაზში მაყურებელი ზის და ღელავს.

მის კონცერტებზე დავდივარ, ნერვიულობაც არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეს არ არის გადამეტებული ნერვიულობა, მაგრამ ყველა კონცერტზე აუცილებლად მივდივარ.

ნიაზს ბევრი სიმღერა აქვს, რომლებიც ჩემზეა და იქ სახელი საერთოდ არ არის ნახსენები. მაგრამ, სიმღერა, სახელად "მაია" ზუმბას სიმღერა იყო, რომელსაც "ბაია" ერქვა, რომელიც ნიაზმა შეასრულა, რაღაცები შეცვალა და ბაიას ნაცვლად მაია ჩასვა. ამ სიმღერის არსებობის შესახებ არ ვიცოდი და სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ კონცერტზე მოვისმინე.