ნინო სალუქვაძის გზა წარმატებისკენ, მორაგბე მეუღლე და შვილი, რომელიც მის გზას აგრძელებს - "12 წლის მოუსვენარი, ცელქი გოგო ვიყავი და დედამ გადაწყვიტა, რომ მამას ტყვიით სროლაზე მივეყვანე" - მშობლები

ნინო სალუქვაძის გზა წარმატებისკენ, მორაგბე მეუღლე და შვილი, რომელიც მის გზას აგრძელებს - "12 წლის მოუსვენარი, ცელქი გოგო ვიყავი და დედამ გადაწყვიტა, რომ მამას ტყვიით სროლაზე მივეყვანე"

2024-07-27 15:28:29+04:00

მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მე-10-ჯერ იღებს მონაწილეობას. პირველად იქ 19 წლისა მოხვდა, წელს კი, უკვე 55 წლის, მრავალგზის ჩემპიონის სტატუსით გამოჩნდება. სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს - 1988 წელს, სეულში, ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი - ბრინჯაოს. ასევე პრეცედენტი შექმნა 2016 წელს - ის და მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი იყვნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.

nino-salukvadze-1721639638-1722081347.png

ცნობილი სპორტსმენი 1969 წლის 1-ელ თებერვალს არის დაბადებული თბილისში. როგორც თავად იხსენებს, სერიოზული სპორტი მის ცხოვრებაში 12 წლის ასაკში გამოჩნდა.

"12 წლის მოუსვენარი, ცელქი გოგო ვიყავი და დედამ გადაწყვიტა, რომ მამას ტყვიით სროლაზე მივეყვანე. მანამდე 4 წელი კალთბურთზე დავდიოდი. ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ძალიან ბევრ წრეზე დავყავდი მშობლებს. ძალიან მიყვარდა კალათბურთი. ძალიან კარგად ვხატავდი, დიზაინერობა მომწონდა, დიდი გარდერობი ჰქონდა ჩემს თოჯინებს. ამ პროფესიაში რომ არ მეპოვა თავი, დიზაინერობას ვცდიდი", - ყვება ნინო sportall.ge-სთან ინტერვიუში.

მართლაც, მცდელობამ გაამართლა და ნინო ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი გახდა, მამაც სულ მის გვერდით იყო, კარიერის განმავლობაში:"რეგალიები თუ ჩამოვყევი, შორს წაგვიყვანს. 32 მსოფლიოს რეკორდი მაქვს დამყარებული მარტო, მაგრამ რადგან ვრჩები ამ საქმეში და ვაგრძელებ მოღვაწეობას, ვცდილობ, რომ უფრო მეტი მიღწევა მქონდეს. ტყუილად ხომ არ მიიღებ მონაწილეობას შეჯიბრებაზე. ახლა შეჯიბრებაზე მამა არ მახლდა, აღარ ვატარებთ, 88 წლისაა უკვე. ლიცენზია რომ ავიღე ჩინეთში, ამის შესახებ ძლივს მივაწვდინეთ ხმა საქართველოში. დროში დიდი განსხვავებაა და ვახოს ჩემი მეგობრის დედამ დაურეკა. ეს ქალბატონი მიყვება, რომ მე აქეთ ვტიროდიო და ის - იქითო".

saluqvadzeebi2-1722081348.jpg

სპორტსმენს მეუღლე და ქალ-ვაჟი ჰყავს. ასევე სპორტის ამ სახეობაში გამოდის ნინო სალუქვაძის ვაჟი ცოტნე: "ცოტნე მორაგბე იყო, ოთხი თუ ხუთი წელი ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმების გამო ვეღარ შეძლო გაგრძელება. თავიდან სერიოზულად არ მიუდგა სპორტის ამ სახეობას, მაგრამ მერე რომ ნახა გამარჯვების გემო, უფრო მეტად მოინდომა. 18 წლის ასაკში მოიპოვა ოლიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია და პირველად მოხდა ოლიმპიადების ისტორიაში, რომ დედა-შვილი მონაწილეობდა ერთდროულად. ეს მერე გავიგეთ, რიოში რომ ჩავედით. ჩემი ქალიშვილიც ვარჯიშობდა, მაგრამ ექიმებმა აუკრძალეს და სხვა საქმიანობას მიჰყო ხელი. ჩემი მეუღლე მორაგბეა".