პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ იმაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვიდრე ალბათ თავად ორგანიზატორებიც ელოდნენ. განხილვის თემად, სხვა თემებთან ერთად ასევე იქცა ცნობილი ამერიკელი რეპერის სნუპ დოგის გამოჩენა ჩირაღდნით ხელში. ბევრი აღაშფოთა ამ ფაქტმა, რადგან ჩათვალეს, რომ ამერიკელ რეპერს (არა სპორტსმენს და არა ფრანგს) და თანაც, მავნე ჩვევებით ცნობილს, არაერთგზის დაპატიმრებულს არ უნდა მიეღო მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაზე. მოგვიანებით გააშარჟეს კიდეც სნუპის ფოტოები.
თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ცნობების თანახმად 52 წლის რეპერი ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რადგან უნდა იმუშაოს NBC-ის არხისთვის. თავის დროზე ის სერიოზულად იყო გატაცებული სპორტით - ამერიკული ფეხბურთით, კალათბურთითა და ჰოკეით და სპორტსმენობასაც გეგმავდა. ახლაც გამუდმებით ესწრება თამაშებს და სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებებს ესწრება. რაც შეეხება მავნე ჩვევებს, შარშან გამოაცხადა, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებს ექიმების რეკომენდაციების გამო და ყველაზე მეტად ამ გადაწყვეტილებაზე იმან იმოქმედა, რომ შვილიშვილი გაუჩნდა და რეპერს სურს ნახოს, როგორ გაიზრდებიან მისი შვილიშვილები. ასე რომ, სნუპ დოგი განახლებული ძალებითა და ცხოვრების წესით დაუბრუნდა საზოგადოებას და ოლიმპიადაზე მისი ახალი ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყება. აქ არ უხსენებია მარიხუანა, რომლის აქტიურ მომხმარებლადაც მიიჩნეოდა წლების განმავლობაში და რომლის მოხმარება-გასაღების ბრალდებით არაერთი ქვეყნის სამართალდამცველებთან ჰქონდა პრობლემები. ვივარაუდოთ, რომ ესეც იგულისხმა. მით უმეტეს, რომ ბევრი აფასებს გულწრფელობის გამო და არასოდეს მალავს იმას, რასაც სხვა ვარსკვლავები არ ამჟღავნებენ ხოლმე.
სნუპ დოგის ნამდვილი სახელი კელვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსია და 1971 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა ამერიკაში, კალიფორნიაში. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული რეპერია მსოფლიოში. 23 მლნ-ზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული აშშ-ში და 35 მლნ-ზე მეტი მსოფლიოში, მიღებული აქვს "ემი" და 17-ჯერ არის ნომინირებული "გრემიზე", არაერთ ფილმში უთამაშია, როგორც მსახიობს. 2022 წელს მისი ქონება 140 მლნ დოლარს შეადგენდა და ერთ-ერთი უმდიდრესი რეპერია.
Snoopy (ინგლ. "ცნობისმოყვარე") დედამ შეარქვა ბავშვობაში, უჩვეულო მზერის გამო და როცა მუსიკის წერა დაიწყო, ფსევდონიმად აიღო Snoop Doggy Dogg - მულტფილმების ცნობილი პერსონაჟის პატივსაცემად. მის გარდა ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა. მამა ომის ვეტერან იყო, რომელიც გოსპელ-ჯგუფში ტამბურინზე უკრავდა. თუმცა ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა კელვინი 3 თვის იყო. დედა მალევე გათხოვდა მეორედ და კელვინს მამინაცვალთან ერთად ზრდიდა. ასევე აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მის აღზრდაში ბაბუას.
კელვინი ბავშვობიდან მღეროდა - საბავშვო საეკლესიო გუნდში, უკრავდა ფორტეპიანოზე. რეპის კითხვა კი მეექვსე კლასში დაიწყო. ასევე გატაცებული იყო სპორტით, თუმცა ცუდ წრეშიც სკოლიდანვე მოხვდა - დანაშაულებრივ ორგანიზაცია Rollin 20s Long Beach Crips-ის წევრი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ კოლეჯში ჩააბარა და მალევე დაიჭირეს კოკაინის შენახვისთვის. ექვსი თვე ციხეში გაატარა.
კოლეჯი საბოლოოდ დაამთავრა, თუმცა ციხეში კიდევ რამდენჯერმე მოხვდა იმ წლებში.
საკვანძო მოვლენა მის ცხოვრებაში მოხდა, როცა ცნობილი რეპერი და პროდიუსერი Dr. Dre გაიცნო. მან კელვინის ჩანაწერი მოისმინა და გადაწყვიტა თანამშრომლობა. რამდენიმე სიმღერამ დიდი წარმატება მოიპოვა, 1993 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომი Doggystyle კი უზომოდ წარმატებული გამოდგა და მისი რამდენიმე სიმღერა რეპისა და ჰიპ-ჰოპის კლასიკად იქცა.
სნუპი ვარსკვლავად იქცა, თუმცა უსიამოვნებები სულ თან სდევდა. 1993 წელსვე, MTV-ს ცერემონიაზე დააკავეს ცნობილი დამნაშავის ფილიპ ვოლდემარიუმის მკვლელობის ბრალდებით, რომელიც მისმა პირადმა მცველმა მოკლა. 1996 წელს ბრალდება მოუხსნეს, რადგან დადგინდა, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა.
რეპერმა გააგრძელა საქმიანობა, ძირითადად, ე.წ. განგსთა-რეპის სტილში, რომელიც კონგრესშიც კი განიხილებოდა. 1995 წელს ხმის ჩამწერი კომპანია Doggy Style Records დააფუძნა და მეორე ალბომიც გამოუშვა, რომელიც გარდაცვლილი თუფაქ შაკურის ხსოვნას მიუძღვნა.ის და თუფაქი ძალიან დიდხანს მეგობრობდნენ და ამბობენ, თუფაქის სიკვდილის შემდეგ სნუპი ექვსი კვირა სახლიდან არ გამოდიოდა.
შემდგომ წლებში წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას და ყოველი მორიგი სინგლი თუ ალბომი სულ უფრო მეტ პოპულარობას მატებდა.
2006 წელს ისევ დააპატიმრეს თავისი ჯგუფის ხუთ მონაწილესთან ერთად, ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში ჩხუბისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. ზემდეტი ხმაურის გამო ის და მისი მეგობრები აეროპორტის ვიპ-დარბაზში არ შეუშვეს, მოგვიანებით კი დუტი-ფრის მაღაზია დაარბიეს და პერსონალს ეჩხუბნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელთაც ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და სნუპი თანმხლებ პირებთან ერთად განყოფილებაში წაიყვანეს. მეორე დღეს გირაოთი კი გაათავისუფლეს, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ კომპანია British Airways-მა აუკრძალა სნუპს მისი რეისებით ფრენა. ბრიტანეთში შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა შემდეგი ორი წელი. 2008 წელს აკრძალვა მოიხსნა ვიდეოჩანაწერის საფუძველზე, რომელიც იმ ინციდენტის დროს არის გადაღებული და მასზე ჩანს, როგორ თამაშობს სნუპი ბავშვებთან, უცებ კი პოლიციელი უახლოვდება, იატაკზე აგდებს და მუსიკოსი არ უწევს წინააღმდეგობას. "ბავშვები იცინოდნენ, მუსიკას უსმენდნენ და მღეროდნენ", - აღნიშნა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
მომღერალს საქმიანობა ფაქტობრივად არ შეუწყვეტია. ბოლო ალბომი 2019 წელს გამოუშვა, მას მერე კი მუდმივად გასტროლებზეა და კონცერტებზე გამოდის. 2015 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა.
2012 წელს სნუპმა ჯიბის წიგნი გამოსცა სახელწოდებით Rolling Words. წიგნი იმით არის საინტერესო, რომ შექმნილია თუთუნის, მარიხუანის გასახვევი ფურცლებით, რომლებზეც უსაფრთხო მელნით არის დატანილი რეპერის სიმღერების ტექსტები. ყველა ფურცელი ადვილად იხევა. ყდა კანაფით არის დამზადებული. პროექტი ამერიკულ სარეკლამო კომპანიას Pereira O’Dell-ს ეკუთვნის და პროექტი შეიქმნა ამ ბრენდის მიერ გამოშვებული თუთუნის გასახვევი ქაღალდების დასარეკლამებლად.
ასევე გამოშვებული აქვს მობილური თამაში, არის ქალთა საფეხბურთო გუნდის მფლობელი, პორნოფილმების პროდიუსერი, უყვარს ძვირად ღირებული მანქანები და მის ფარეხში რამდენიმე ასეთი მანქანაა. 2020 წელს ღვინოც გამოუშვა, რომელიც კალიფორნიაში იწარმოება.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ფიგურირებს, რომელიც სკოლიდან უყვარს - შანტე ტეილორი. წყვილს სამი შვილი ჰყავს.
შანტემ დიზაინერობა სცადა და თავისი მარკაც გამოუშვა Co Co Ri. ასევე თავისი ლეიბლი ჩამოაყალიბა და ახალგაზრდა რეპერებს ეხმარება.
წყვილი მცირე ხანს განქორწინებულიც იყო, 2004 წელს, თუმცა 2008 წელს ისევ განაახლეს ურთიერთობა. კალიფორნიაში, კლერმონტში ცხოვრობენ. 2015 წელს შვილიშვილიც ეყოლათ და ძალიან ბედნიერები არიან ამ სიახლით მათ ცხოვრებაში.