"ეროვნული ნაკრებისგან გვერდში დგომა გვინდოდა, გვეგრძნო... ყვე­ლას მო­სა­წო­ნად ყვე­ლა­ფერს ვერ იტყვი, მაგ­რამ... ყველას გვეწყინა" - ქალთა ნაკრების მეკარე, რომლის მწვრთნელიც გიორგი მამარდაშვილის მამაა, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ - მშობლები

"ეროვნული ნაკრებისგან გვერდში დგომა გვინდოდა, გვეგრძნო... ყვე­ლას მო­სა­წო­ნად ყვე­ლა­ფერს ვერ იტყვი, მაგ­რამ... ყველას გვეწყინა" - ქალთა ნაკრების მეკარე, რომლის მწვრთნელიც გიორგი მამარდაშვილის მამაა, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ

2024-07-31 11:04:02+04:00

ახლახან საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - გოგონები სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიასთან ითამაშებენ. პლეი ოფის მატჩების პირველი რაუნდი შემოდგომაზე, 23 -29 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედითათია გაბუნიაა, რომელიც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კარს იცავს. მისი საფეხბურთო კარიერა ლანჩხუთის "ლანჩხუთში“ იწყება და კლუბ "კვარტალში“ გრძელდება. ის ერთი მათგანია, ვინც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთი ქალის საქმეცაა.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი სპორტს მშვენივრად უთავსებს სწავლას და აქვს ოცნება - რომელიმე ევროპულ კლუბში ითამაშოს, ამისთვის კი, როგორც მეუბნება, ბევრი უნდა იშრომოს და განვითარდეს. მისთვის დიდი პატივია, ბოლო დროს "ქალი მამარდა“, და "დედარდა“ რომ შეარქვეს. ცნობისათვის, თათიას მწვრთნელი გიორგის მამა -დავით მამარდაშვილია.

"ბავშვობაში ძირითადად თავდასხმაში ვთამაშობდი“

- ჩოხატაურში დავიბადე, ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, მუსიკალურ სკოლაში... ფეხბურთის თამაში ეზოში დავიწყე, ძირითადად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მერე მივხვდი, რომ მაინტერესებდა ფეხბურთი, მინდოდა მეთამაშა და გავყოლოდი ამ სპორტს, უბრალოდ, არ ვიცოდი, იყო თუ არა ქალთა გუნდი. ხშირად არ ვამბობ, მრცხვენია იმის თქმა, რომ ფეხბურთის ყურებით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული, ახლაც იშვიათად ვუყურებ... უბრალოდ, მომწონდა კარში ბურთის დარტყმა, ის ხალისი, რაც თამაშს ახლავს, მიყვარდა ბავშვებთან ერთად გართობა. ბავშვობაში, ძირითადად, თავდასხმაში ვთამაშობდი. ერთ დღეს, მამას მეგობარი იყო ჩვენთან მოსული და მითხრა, ლანჩხუთშია ქალთა გუნდი, რომელიც საქართველოში პირველიაო და ამ დღიდან მომივიდა აზრი, რომ იქ წავსულიყავი. სურვილი ოჯახში გამოვთქვი, რასაც მშობლების მხრიდან დიდი ნეგატივი მოჰყვა, მეუბნებოდნენ: შენ გოგო ხარ და არ შეგშვენის ფეხბურთის თამაში, სხვა საქმით უნდა დაკავდე, სწავლას უნდა მიხედოო და ა.შ. მაინც არ დავიშალე... დავიწყე ფეხბურთის თამაში "ლანჩხუთში“, სკოლიდან მინი ტურნირებზე მომიწია გასვლა. ტურნირის დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდა ნაკრების მაშინდელი მწვრთნელითამაზ კოსტავადა შემომთავაზა, მასთან მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში და გუნდს დავხმარებოდი. მან ნაკრებში მიმიწვია, როგორც თავდამსხმელი. დროთა განმავლობაში დამაინტერესა როგორი იქნებოდა მეკარის პოზიცია, მეკარის თვალით დანახული ფეხბურთის თამაში, თამაზმაც შემომთავაზა, მეკარეობა სინჯე, იქნებ უკეთესად გამოგივიდესო და ასე აღმოვჩნდი თავდასხმიდან - კარში.

"მეკარეობა და კაპიტნობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაა“

- სიმაღლით 173სმ. ვარ, სურვილი მექნებოდა, მეტის ვყოფილიყავი... ზოგადად, მეკარეს სიმაღლე და ბევრი სხვა რამ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უწევს ბევრი სირბილი, მაინც ისევე იღლება, როგორც ყველა ფეხბურთელი. ვარჯიშზე შეიძლება მეკარე უფრო დაიღალოს, ვიდრე ფეხბურთელი, რადგან ამ სფეროს სხვა სპეციფიკა აქვს. მას სჭირდება გამძლეობა, სიზუსტე, ხტომა, სისწრაფე, სისხარტე, კონცენტრაცია და ყველაფერი. ნაკრებში 17 წლამდელებში, შემდეგ 19 წლამდელებშიც კაპიტანი ვიყავი, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა. მეკარე გუნდის 50%-ს წარმოადგენს, თუ სიტყვაზე, მთელი გუნდი ცდილობს გოლი გაიტანოს, დაცვა ცდილობს კარი დაიცვას, შენც მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მოგებული თამაში არ შეტრიალდეს და კარი შეინარჩუნო.

"სტერეოტიპები დავამსხვრიეთ..."

- სტერეოტიპები მართლაც დავამსხვრიეთ... ადრე თუ ყველას ეჩვენებოდა, ქალის ფეხბურთი სისულელეა, ახირებაა და მშობლები გოგონებს ამ სპორტზე არ უშვებდნენ, დღეს მათაც დაინახეს, რომ ეს ადამიანის თავისუფალი, ჯანსაღი მისწრაფებაა. ჩემს არჩევანს თავდაპირველად თუ აპროტესტებდნენ, დღეს ჩემი დედ-მამა, ოჯახი ჩემი პირველი გულშემატკივარია.

ჩვენსა და ვაჟთა ნაკრებს შორის ის განსხვავებაა, რომ იქ სხვანაირი სისწრაფე, ფიზიკური მონაცემები და სხვა ხარისხია. ჩვენ უფრო ახალბედები ვართ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფეხბურთს ჩვენამდეც თამაშობდნენ. ჩვენთან ეს სპორტი იმდენად აქტუალური არ იყო, ბევრმა არ იცოდა მისი არსებობა, ქალთა ფეხბურთმა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უფრო წამოიწია. ერთმანეთთან საერთო ის გვაქვს, რომ როგორც ვაჟთა ეროვნულ ნაკრებში არიან ერთიანნი და აქვთ შეკრული გუნდი, ჩვენც ისე გავდივართ მოედანზე, როგორც ერთი ოჯახი. ვთვლით, რომ ჩვენც და ბიჭებიც ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ.

"გამიხარდებოდა, სხვა ფორმით ეთქვა სათქმელი“

- სამწუხაროდ, ამდენი წვალების და თავის გამოჩენის შემდეგ მაინც ხდება ისე, რომ ზოგიერთები ჩვენს მიმართ ნეგატიურ შეფასებას გამოთქვამენ. მესმის, ეს მათი შეხედულებაა და გემოვნება, ყველას აზრს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ, თხოვნა მექნება, სანამ რამეს იტყოდნენ, გამოხატვის ფორმას დაუკვირდნენ, იცოდნენ, სად, რა და როგორ თქვან. მით უმეტეს ახლა, როცა ქალთა ნაკრებს მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს - წინ ერთა ლიგის პლეიოფია, ზუსტად ახლა გვჭირდება ელემენტარული გამხნევება - "აბა, თქვენ იცით, გოგონებო, წარმატებას გისურვებთ“ და არა ის, ქალებს რა გაწივლებთ და გაკივლებთო. ამასწინათ, თამაშის ბოლოს პენალტი რომ გავიტანეთ, ამის ვიდეო შემხვდა, რასაც ბევრი უხეში კომენტარი ახლდა - რა გაწივლებთ, პენალტი იყო, რა გააკეთეს და რა უხარიათ ამისთანა და მსგავსები. თუმცა, საბედნიეროდ, მარტო ნეგატივიც არ არის, ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა...

განაგრძეთ კითხვა