გერმანელმა მოცურავემ ტიმო ბარტელმა პარიზის ოლიმპიადაზე არც თუ ისე კარგი შედეგი აჩვენა. მაn და მეორე გერმანელმა წყალში მხტომელმა ჯეიდენ ეიკერმანმა საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავეს 364,41 ქულით.
ოქროს მედლის მოპოვება ჩინეlმა ლიან ჯუნჯიემ და ჰაო იანგმა მოახერხეს.
მოგვიანებით ბარტელმა ჩინელი სპორტსმენების უპირატესობის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინელ სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადამდე სამი წელია, არ უნახავT ოჯახი. ბარტელი ამტკიცებს, რომ ჩინეთის წყალში მხტომელთა გუნდის მკაცრი რეჟიმი დიდ როლს თამაშობს ოლიმპიურ თამაშებზე მათ წარმატებაში.
„გერმანიაში მედალი მნიშვნელოვანია. ამაზე ყველა საუბრობს, მაგრამ მეოთხე ადგილით დავასრულებდით თუ მეშვიდეთი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, ვამაყობ ჩვენი შედეგით და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხეთ. ფინალში გავედით, მეშვიდე ადგილზე ვართ და ამას ვერავინ წაგვართმევს. ეს იყო ყველაზე რთული შეჯიბრი, გიჟური. არ ვიცი, ადრე მინახავს თუ არა ვინმეს აეღო 490 ქულა. გასაოცარი კონკურენცია იყო“ - განაცხადა ბარტელმა და ჩინელი სპორტსმენების რთული გრაფიკის შესახებ ისაუბრა.
„ისინი პანსიონში ცხოვრობენ, ოთხნი ერთ ოთახში. თორმეტი საათის განმავლობაში ვარჯიშობენ. წყალში ხტომის გარდა არაფერი იციან. მათ არ აქვთ ისეთი პირადი ცხოვრება, როგორიც ჩვენ გვაქვს, შეყვარებულთან ან პარტნიორთან ერთად გავდივართ, ნაყინს ვჭამთ, რესტორნებში დავდივართ, ვხვდებით ოჯახს. ზოგჯერ ისინი ოჯახს სამი წლის განმავლობაში ვერ ხედავენ.ეს არის განსხვავება აბსოლუტურ მსოფლიო კლასსა და ჩვენს დღევანდელ შესრულებას შორის. მაგრამ ასევე ჩნდება კითხვა - გნებავთ ასეთი მედალი? გსურს ასეთი ცხოვრება გქონდეს ოქროს გამო?“ - ამბობს ბარტელი.
ის ასევე აღიარებს, რომ ოქროს მოპოვებისთვის შეთავაზებული საპრიზო თანხა არ არის იმდენი, რომ ჩინელი სპორტსმენების ცხოვრების წესად ღირდეს.
„გერმანიაში ოქროს მედლისთვის 20 000 ევროს ვიღებთ. ღირს 20 000 ევროდ მთელი ცხოვრების შეჩერება? სამწუხაროდ, ფული ჩვენთვის არ თამაშობს დიდ როლს“, - თქვა ბარტელმა.
ბარტელი იმ საკითხს შეეხო, რომელიც საყოველთაო განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. "ჩინური სტილის" სახელით მსოფლიოშია ცნობილი აღზრდის საკმაოდ მკაცრი მეთოდი. პირველად აღზრდის ჩინური სტილის შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც გამოვიდა ემი ჩუას წიგნი "ძუ ვეფხვის საბრძოლო ჰიმნი". ამ წიგნში იელის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი ემი ჩუა საუბრობს თავისი ორი ქალიშვილის აღზრდის მკაცრ ჩინურ მოდელზე. მისმა გოგონებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუმცა წიგნს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, რადგან აღზრდის ბევრი მეთოდი სისასტიკესაც გულისხმობდა.
მეცნიერებმა, რომლებმაც აღზრდის ასეთი მეთოდების კვლევა ჩაატარეს, დაადასტურეს, რომ მიუხედავად მართლაც უდიდესი მიღწევებისა და შედეგებისა, რაც ამგვარ აღზრდას მოსდევს, ბავშვის ფსიქიკა სერიოზულ სტრესს განიცდის, რაც შემდგომში ნეგატიურად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, მის ხასიათსა და სოციალიზაციაზე. აღმოჩნდა, რომ მკაცრი აღზრდის შედეგი ხშირად არის ბავშვის კომპლექსები, სხვადასხვა ნევროზი და დეპრესიული მდგომარეობა. გარდა ამისა, ბავშვი, რომელიც მცირე ასაკიდან მიჩვეულია ზეწოლას, კრიტიკას მშობლების მირიდან, შემდეგ ხშირად უჭირს სკოლის კოლექტივთან ადაპტირება.
მოსწავლეების ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები მხოლოდ აკრიტიკებდნენ და სჯიდნენ, ახალ-ახალი და უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით, სხვებზე მეტად ჰქონდათ მიდრეკილება დეპრესიისა და ნევროზებისკენ. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ხშირად აქებდნენ და სიყვარულსაც გამოხატავდნენ მათ მიმართ, გაცილებით უკეთ სწავლობდნენ და უფრო მაღალი თვითშეფასება, გაწონასწორებული ფსიქიკა ჰქონდათ.
ჩინური აღზრდის მეთოდის შესახებ ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩინელ სპორტსმენებს საუკეთესო შედეგები აქვს ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რაც განსაკუთრებულად გაიზარდა ბაზარზე მოთხოვნა ჩინელ მუშახელზე, ამტანსა და საოცრად შრომისუნარიანზე. საიდან მოდის ეს გამძლეობა, ამტანობა და სიბეჯითე? ჩინელები ამბობენ, რომ საიდუმლო სწორედ აღზრდის მეთოდია, მათებური, განსაკუთრებულად მკაცრი. ჩინეთში ხომ ბავშვების კომპიუტერზე დამოკიდებულებასაც განსაკუთრებული სიმკაცრით ებრძვიან – პატარებს ნამდვილ სამხედრო ბანაკებში გზავნიან, სადაც ხანგრძლივი ვარჯიშებით და ქანცის გაცლით ცდილობენ, კომპიუტერულ თამაშებს და მათზე დამოკიდებულებას გადააჩვიონ. რაღა გასაკვირია, რომ მომავალ სპორტსმენებსაც მკაცრად ზრდიან. თუმცა რამდენიმე წლის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა ჩინელი ტანმოვარჯიშეების მომზადების და წვრთნების შესახებ, მსოფლიო მაინც გააოგნა. ფოტოებზე თვალნათლივ ჩანს, როგორ არა მხოლოდ მკაცრად, დაუნდობლადაც კი ავარჯიშებენ პატარა ბავშვებს, რომლებიც უეჭველია, მომავალი ჩემპიონები არიან, თუმცა თუ იმავე მეცნიერების დასკვნას მოვიშველიებთ, ეჭვგარეშეა, მათ ფსიქიკას სერიოზული ზიანი ადგება.
მშობლები, რომლებსაც ბავშვებს ნებაყოფლობით აბარებენ ამგვარ დაწესებულებებში, სადაც მათ "გამოწრთობასა" და აღზრდაზე ზრუნავენ, არანაირ სიმკაცრეს თუ ფიზიკურ ზეწოლას არ აპროტესტებენ, ბავშვებს კი ისღა დარჩენიათ, ცრემლებით გამოხატონ თავიანთი მდგომარეობის აუტანლობა, რათა წლების მერე უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიონ და საზოგადოება "დაარწმუნონ", რომ სწორედ ასეთი, მკაცრი აღზრდის მეთოდია საუკეთესო წარმატების მისაღწევად.