1994 წლის 22 მარტს, შერემეტიევოს აეროპორტიდან 20:39 საათზე აფრინდა Airbus A310-308. მგზავრები ჰონგ-კონგისკენ მიემგზავრებოდნენ. თითქოს, ყველაფერი სრულ წესრიგში იყო. თვითმფრინავი ახალი და გამართული იყო. მასში ეკიპაჟის 12 წევრი და 63 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო. თვითმფრინავი უპრობლემოდ აფრინდა. 23 მარტს, 00:56 საათზე, აფრენიდან ოთხი საათის შემდეგ, ის რადარებიდან საერთოდ გაქრა. მალევე გაირკვა, რომ თვითმფრინავი კემეროვოს ოლქის ქალაქ მეჟდურეჩენსკთან ჩამოვარდა და მისი ყველა მგზავრი დაიღუპა...
რა მოხდა, დიდხანს ვერავინ გაიგო. ტერორისტების თავდასხმა გამოირიცხა. 2001 წლის 11 სექტემბრამდე ეს თემა აქტუალური არ ყოფილა. თვითმფრინავი ახალი და სრულად გამართული იყო, მისი მართვა კი გამოცდილმა ეკიპაჟმა დაიწყო. არსებობდა ვერსია, რომ თვითმფრინავზე კონტროლი ამინდის გაუარესების ან რთულ მეტეოზონაში მოხვედრის გამო დაკარგეს. თუმცა, ეს ვერსიაც არ დასტურდებოდა, რადგანაც იმ დღეს რაიმე განსაკუთრებული პრობლემა, ამ კუთხით, არ ყოფილა.
შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მაშველებმა შავი ყუთები აღმოაჩინეს, ექსპერტებმა გაშიფრეს და მაშინ კატასტროფის ნამდვილი მიზეზი ნათელი გახდა. ეს დაუჯერებელი ამბავი ადღემდე ახსოვთ...
როგორც გაირკვა, ფრენა შუაღამემდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა. თვითმფრინავს 39 წლის იაროსლავ კუდრინსკი მართავდა. ეკიპაჟის მეთაური, 40 წლის ანდრეი დანილოვი სამგზავრო სალონში ისვენებდა. 33 წლის იგორ პისკარევიც მათთან ერთად იყო, რომელსაც ფრენის ასევე დიდი გამოცდილება ჰქონდა.
დაახლოებით 00:40 საათზე, ხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სალონში კუდრინსკის შვილები - 13 წლის იანა და 15 წლის ელდარი შევიდნენ. სამი წუთის შემდეგ, იაროსლავ კუდრინსკი სამუშაო ადგილიდან ადგა და მართვა მთლიანად ავტოპილოტს მიანდო. ამის შემდეგ, კუდრინსკის შვილები მეთაურის სავარძელში რიგ-რიგობით ჩასხდნენ და მართვა დაიწყეს... ეს ფრენის წესების უხეში დარღვევა იყო. მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე არა პროფესიონალ პილოტს, არამედ მის არასრულწლოვან შვილებს ებარათ, მგზავრებმა არაფერი იცოდნენ. კუდრინსკი და მისი კოლეგა ბავშვებს აქებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათგან კარგი პილოტი დადგებოდა. სრულიად გაუაზრებელმა და დაუფიქრებელმა ნაბიჯმა კატასტროფა გამოიწვია.
კუდრინსკი თავის ქალიშვილს უხსნიდა, როგორ უნდა ემართა საჭე, ავტოპილოტზე მართული თვითმფრინავი ჯერჯერობით სვლას ჩვეულად განაგრძობდა. მეორე პილოტიც, რომელიც წესით ამ დროს ადგილზე უნდა ყოფილიყო, რატომღაც მთლიანად ამ პროცესში ჩაერთო და თავისი ადგილი უმეთვალყურეოდ დატოვა.
00:51 საათზე გოგონა პილოტის ადგილიდან ადგა და მის ნაცვლად 15 წლის ელდარი დაჯდა. მამამ ახლა მისთვის დაიწყო რაღაცების ახსნა. თუმცა, ბიჭმა მოულოდნელად მამას სთხოვა, რომ თვითმფრინავის მობრუნება უნდოდა. კუდრინსკი უხსნიდა, საჭე როგორ უნდა მოეტრიალებინა. თუმცა, ბავშვმა გარდა იმისა, რომ მხოლოდ საჭეს ატრიალებდა, სხვა არაფერი იცოდა. ამიტომაც, როდესაც საჭე ოდნავ გადახარა, თვითმფრინავმა წონასწორობა დაკარგა, რის გამოსწორებასაც ავტოპილოტი ცდილობდა. ბიჭი და ავტოპილოტი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში "ებრძოდნენ" ერთმანეთს, მაგრამ თვითმფრინავი სულ სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავდათ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თავდაცვის ბევრი საშუალება თვითმფრინავებში, არც სიგნალიზაცია ირთვებოდა ავტოპილოტის მწყობრიდან გამოსვლისას. ამიტომ, როცა ავტოპილოტი გაითიშა და პატარა ციმციმაც აინთო ამ დროს პილოტის საჭესთან, ეს არავის დაუნახავს და ძალიან გვიან მიხვდნენ მფრინავები, რომ თვითმფრინავს მართლა 15 წლის ბავშვი მართავდა. სწორედ ის მიხვდა ყველაზე ადრე, რომ რაღაც ისე არ იყო და მამას უთხრა. ორივე პილოტმა მალე გაიაზრა, რაც ხდებოდა, თუმცა თვითმფრინავს უკვე დაკარგული ჰქონდა მიმართულება და ძალიან დიდი სისწრაფით ქვემოთ მიექანებოდა. კაბინაში ქაოსი დაიწყო.
კუდრინსკი, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი საჭიდან აეყენებინა, თავზე ედგა და ისე ცდილობდა საჭესთან მიწვდენას. ბავშვს უყვიროდა, რომ უკეთესად მოსჭიდებოდა და საჭე გაესწორებინა. ავტოპილოტი აღარ მუშაობდა, ამიტომაც პარამეტრები დამოუკიდებლად უნდა შეეცვალათ. მფრინავებმა უკვე გაფუჭებული საქმის გამოსწორება ვეღარ შეძლეს, ამას ისიც დაემატა, რომ ბავშვმა ხელი სრულიად არასაჭირო ღილაკს დააჭირა... 00:58 საათზე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფთაგან ვერავინ გადარჩა...
მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა სრულად ეკიპაჟს დაეკისრა, რომელმაც გაბედა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე დაუდევრად ბავშვს ანდო, თანაც ისე, რომ ბოლო მომენტამდე ყურადღება არ მიუქცევიათ. ზოგიერთი ეკიპაჟის გამართლებას ცდილობდა და ამბობდა იმასაც, რომ როდესაც თვითმფრინავს ავტოპილოტი აკონტროლებს, ბავშვის საჭესთან დასმა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, ბავშვმა იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ავტოპილოტი საერთოდ გაითიშა...
გაირკვა ისიც, რომ კუდრინსკი შვილს ვიდეოკამერით უღებდა და იმის ნაცვლად, რომ გაეაზრებინა, რა ხდებოდა, ამ სანახაობით ტკბებოდა...
მას შემდეგ, რაც საშინელი კატასტროფა მოხდა, თვითმფრინავის მართვის სახელმძღვანელოში არაერთი რამ შეიცვალა, ეს ფაქტი კი ყველა პილოტისთვის მაგალითად გადაიქცა.