სოციალური ქსელებიდან "კოპლებიან გოგოს" - მარიამ ჭაჭუას, რომელიც განსხვავებულ, ლამაზ აქსესუარებს ამზადებს, ბევრი იცნობს.
მარიამი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა უკვე ძლიერი, შემდგარი პიროვნება გახლავთ. ინტერვიუსაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა და გულახდილად გვესაუბრა თავის ცხოვრებაზე, იშვიათ დიაგნოზზე - ვიტილიგოზე (რომელსაც მის ენაზე "სიყვარული" ჰქვია), წარსულში დარჩენილ კომპლექსებზე, ტრავმებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე...
- "ტიკტოკზე" და საერთოდ, სოციალურ ქსელებში გამოვჩნდი ერთი მთავარი მიზნით - დამემარცხებინა ჩემი კომპლექსები, რომლებიც პატარა ასაკში ძალიან მაწუხებდა და გარემოებიდან გამომდინარე, საკუთარი თავის და სხეულის დამალვა მუდმივად მიწევდა. ვიტილიგო 9-10 წლისას მეწვია. იმ პერიოდში ჩემთვის სხეულზე ასეთი უცხო ლაქების მიღება სტრესული იყო. ამას საზოგადოების ცივი და უტაქტო დამოკიდებულება ემატებოდა, რაც უცოდინaრობის გამო ხდებოდა. ხშირი იყო დაცინვა, ბულინგიც, თუმცა ყველაზე მეტად იმ წესების დაცვა მიჭირდა, რაც მკურნალობას სჭირდებოდა: ზღვაზე, მზეზე გასვლა არ შეიძლებოდა, რის გამოც საკუთარ სურვილებზე უარის თქმა მიწევდა. როცა ჩემი თანატოლები ეზოში თამაშობდნენ, თავად სახლში ვიჯექი, მზეს უნდა მოვრიდებოდი. ამის გამო, გარეთ გვიან საღამოს, 1-2 საათით გავდიოდი, როცა ბავშვები უკვე სახლში იყვნენ. ზაფხულობით, შორტებისა და მოკლემკლავიანი მაისურების ნაცვლად, ჯინსის შარვლით, ქუდით და გაშლილი თმით სიარული მიწევდა, რათა ჩემს კანს მზის ნაკლები სხივი მოხვედროდა. ამ გარემოებამ ის გამოიწვია, რომ უმეტესად შინ ვიყავი და მრავალმხრივ ვიზღუდებოდი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე, ყველას ჩამოვშორდი და გადავწყვიტე, რომ თუ ადამიანებისაგან თავს შორს დავიჭერდი, ნაკლებ ნეგატიურ დამოკიდებულებას მივიღებდი, მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ამით მხოლoდ თავს ვიტყუებდი. ეს ყოველივე ჩემს ფსიქოლოგიურ, მენტალურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა. აქვე დავამატებ, რომ მკურნალობა ძალიან ხარჯიანი იყო: ძვირად ღირებული წამლები, ნემსები, ტაბლეტები ჩემთვის დამთრგუნველი გახლდათ, რადგან ეს ყველაფერი რუტინაში გადაიზარდა. მივხვდი, რომ ეს ის ცხოვრება არ იყო, რომლითაც 10 წლის გოგოს მსურდა მეცხოვრა. გადავწყვიტე, ექიმთან დამეზუსტებინა, ჩემი ჯანმრთელობისთვის ვიტილიგო რამდენად სახიფათო იყო, რომ შემდეგ ცხოვრებაში დიდი და მთავარი ნაბიჯი გადამედგა. ექიმმა ამიხსნა, რომ "კოპლებიანი კანი" ჩემი ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა - უბრალოდ, "კოსმეტიკურ დეფექტად" აღიქმებოდა. ვიტილიგო მარტივად დასაყოლიებელი საკითხი არ არის: შეიძლება, გაქრეს, შეიძლება - არა, თუმცა ყველაფერს წესების დაცვა სჭირდება, რასაც ნაწილობრივ არ ვიცავდი, რადგან ეს პროცესი არ მიყვარდა. წამლებსაც ხშირად ვყრიდი, დალევის ნაცვლად და ა.შ. ექიმთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, მშობლებისთვის ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, რაც მათთვის მარტივად მისაღები არ იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ 10 წლის ბავშვი სიტუაციას სწორად ვერ შეაფასებდა. მეუბნებოდნენ, - როცა გაიზრდები, არ გვინდა, დაგვადანაშაულო, რომ მკურნალობის შეწყვეტაზე დაგთანხმდით და არ დაგაძალეთო. ჩემი პოზიცია ისეთი მყარი იყო, რომ მშობლები მკურნალობის შეწყვეტაზე დავითანხმე. იმ დღიდან საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა, შესწავლა, დაფასება და სიყვარული დავიწყე.
- როცა საჯაროდ გამოჩნდი, ხალხისგან დიდ გამოხმაურებას ელოდი? ყურადღება მოგწონს?
- პირველი, რითაც კომპლექსებთან ბრძოლა დავიწყე, სოციალური ქსელები და ამ სოციალურ ქსელში აღმოჩენილი, ულამაზესი, უცხოელი, ვიტილიგოიანი მოდელი ჭინნიე Hარლოწ იყო. მიზნად დავისახე, ვიტილიგოს შესახებ ყველასთვის მეცნობებინა, ეს "დაავადება" ხალხამდე დიდ სილამაზედ "მიმეტანა", რადგან ეს თავდაჯერებულობისთვის მჭირდებოდა. ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებაზე უარი ვთქვი, რაც იმ სიტუაციაში ჩემი მტერი და მაცდური იყო - შენიღბულ სილამაზეზე მიმაჯაჭვებდა და მაშინ, როცა მაკიაჟის მოშორების დრო დადგებოდა, საკუთარ თავს ყველაზე მეტად შემაზიზღებდა. შევცვალე დამოკიდებულება, უარვყავი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, მიზნად დავისახე, რომ მათ გავეცანი, როგორც "კოპლებიანი გოგონა" და ეს შევძელი კიდეც. თავდაპირველად ხალხისგან გულთბილ დამოკიდებულებას და სიყვარულს არ ველოდი, პირიქით - მეშინოდა, რადგან სოციალური ქსელი ბევრად რთული საკითხია: აქ ყალბი ანგარიშებიდან ადამიანის დაკნინებას მარტივად შეძლებენ, თუმცა ისეთი მტკიცე ხასიათი გამოვავლინე, რომ მსგავსი ფიქრებიც "გვერდით გადავდე" და კამერით იმ სილამაზის ესთეტიკურად აღბეჭდვა დავიწყე, რომელსაც ვიტილიგო ჰქვია. თავდაპირველად სახეს ვერ ვაჩენდი, ვერ ვბედავდი... ამიტომ ხელების გამოჩენით დავიწყე, თუმცა საბოლოო ჯამში, იმხელა სიმამაცე გამოვიჩინე, რომ საზოგადოების წინაშე მთლიანი სხეულით წარვდექი და ვიდეოს შესაბამისი ჰეშთეგებიც დავაწერე: ("კოპლებიანი გოგო", "კოპლებიანი ხელები" და ა.შ.), რაც საზოგადოებამ მალევე აიტაცა. ხალხისთვის ამოუცნობი და საინტერესო გარეგნობა სილამაზე გახდა. იყო "ჰეითიც", მაგრამ უფრო მეტად პოზიტიურ დამოკიდებულებას ვიღებდი. 10 წლისამ ჩემი გარეგნობა თავაწეულმა, ამაყად ვაღიარე და უკვე 8 წელია, ერთად ვიზრდებით. 18 წლის ვარ, თუმცა ბავშვობის ის ტკივილი და ტრავმა ისევ დარჩენილი მაქვს და ამაზე საუბარი დღემდე მაინც მიჭირს, თუმცა ბევრად თამამი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს "კოპლები". ჩემი უცხო გარეგნობა ისე შემიყვარდა, რომ უიმისობა ვერ წარმომიდგენია.
- ბევრი იფიქრე, ვიდრე ვრცელ ვიდეოს გამოაქვეყნებდი, რომელშიც შენი იშვიათი დიაგნოზის შესახებ საუბრობდი?
- მიუხედავად იმისა, რომ პატარა გახლდით, ძალიან ბევრ რამეს ვიაზრებდი და ვფიქრობდი, რადგან უმეგობროდ, მარტო ვიყავი საკუთარ თავთან და ფიქრის დროც მეტი მქონდა. თავს 2 წელი ვებრძოდი, რომ ხმა ამომეღო, ხმის ამოღება კი მშობლების გამოც გადავწყვიტე, რომლებიც ძალიან განიცდიდნენ, რომ ვნერვიულობდი, მათ თვალწინაც ხშირად მეტირებოდა. ისეთი რთული გზა გავიარე და ისეთი ზეწოლა გადავიტანე, არ მინდოდა, იგივე სხვასაც გადაეტანა. ვიცოდი, ერთადერთი "კოპლებიანი" გოგო არ ვიყავი და ისიც ვიცოდი, ყველა ჩემნაირად ძლიერი ვერ იქნებოდა. ამიტომ მსურდა, ეს სტერეოტიპი დამემსხვრია - "მახინჯი ვიზუალი" ბევრისთვის საოცნებო სილამაზედ მექცია. ეს შევძელი. აქამდე თუ 100-დან 1 დადებითი, დანარჩენი კი უარყოფითი დამოკიდებულება "მოდიოდა", ახლა საზოგადოებისგან 1000 პოზიტიურ რეაქციას ვიღებ. მთხოვენ კიდეც, რომ ვასწავლო, როგორ გაუჩნდეთ "კოპლები", რაზეც ხშირად მეცინება.
- ჟურნალის მკითხველებსაც უთხარი, ვიტილიგო რა ტიპის დიაგნოზია, როდის გამოგივლინდა?..
- ვიტილიგოს კანის დაავადებას ეძახიან, რასაც ექიმები უარყოფენ, რადგან დაავადებად არ მიიჩნევა და მხოლოდ "კოსმეტიკურ დეფექტს" უწოდებენ, რაც უკვე მათზეა დამოკიდებული, ვისთვის დეფექტია, ვისთვის კი - სილამაზე. ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ეს გახლავთ ვიტამინის ნაკლებობა და მელანინის დეფიციტი: იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმი მელანინს ვერ გამოიმუშავებს, კანი და თმა თეთრდება. მკურნალობას ზოგჯერ ექვემდებარება, ზოგჯერ - არა. ისეთი უცნაურია, რომ არ იცი, როდის მოვა და გაქრება. განაგრძეთ კითხვა