"არავითარი ტრანსგენდერი... ის ქალია და ყოველთვის ქალი იყო" - სიმართლე მოკრივე ქალზე, რომელიც ოლიმპიური ორთაბრძოლისას ტრანსგენდერ მონაწილედ აღიქვეს - მშობლები

"არავითარი ტრანსგენდერი... ის ქალია და ყოველთვის ქალი იყო" - სიმართლე მოკრივე ქალზე, რომელიც ოლიმპიური ორთაბრძოლისას ტრანსგენდერ მონაწილედ აღიქვეს

2024-08-02 14:27:22+04:00

სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა აღშფოთებული საზოგადოების პროტესტმა ტრანსგენდერი მოკრივე ქალის ასპარეზობის შესახებ.

ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქალთა კრივში ოლიმპიურ ტურნირზე მერვედფინალი გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ალჟირელი სპორტსმენი იმან ხელიფი იტალიელ ანჯელა კარინის შეხვდა. კარინმა 46 წამში ბრძოლა შეწყვიტა, რადგან რამდენიმე ძალიან მტკივნეული დარტყმა მიიღო. მან მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა და ტირილით დატოვა რინგი. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცხვირის მოტეხილობა მიიღო.

ამ ინცინდენტს უკმაყოფილო კომენტარები მოჰყვა - ამბობდნენ, რომ ტრანსგენდერი სპორტსმენი ქალს შეებრძოლა და ეს დიდი უსამართლობა იყო. ილონ მასკმა და ჯოან როულინგმაც კი გააკრიტიკეს.

ვინ არის ხელიფი

25 წლის სპორტსმენი ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კრივით დაინტერესდა. 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა. 2022 წელს კი ხელიფმა ქალთა კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2023 წლის მარტშიც ხელიფმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე იბრძოლა, მაგრამ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) გადამწყვეტი ბრძოლა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერა. მიზეზი ის იყო, რომ გოგონამ ტესტოსტერონის განმსაზღვრელი ტესტი ვერ ჩააბარა.

ოლიმპიადაზე კი IBA-ს წესები არ მოქმედებს, რის გამოც ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცური ჰორმონების ტესტი არ ბარდება და ხელიფი თავისუფლად ასპარეზობს, ისევე როგორც ჰიპერანდროგენიის მდგომარეობის მქონე სხვა ქალი სპორტსმენი - ტაივანელი ლინ იუტინგი (ის ასევე გამორიცხეს 2023 წლის მსოფლიო თასზე მედლისთვის ასპარეზობიდან). დიახ, იმან ხელიფი არა ტრანსგენდერი, არამედ ქალია ჰიპერანდროგენიის მდგომარეობით (რომელიც განპირობებულია ანდროგენების ჭარბი სეკრეციით, ან მათი გაძლირებული მოქმედებით) და შესაბამისად, ტესტოსტერონის მაღალი დონით. პასპორტშიც ქალი უწერია, როგორც გენდერი. და საერთოდაც, ოლიმპიადაზე არც ერთი ტრანსგენდერი არ მონაწილეობს.

452790988-483826984403051-4563891248202151983-n-1722594960.jpg

რაც მონაწილეებმა თქვეს

კარინი განადგურებული იყო და ცრემლებს ვერ იკავებდა ვერც რინგზე და ვერც ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ბევრჯერ მითხრეს, რომ ძლიერი მებრძოლი ვიყავი, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობისთვის გაჩერება ვარჩიე. ასეთი ძლიერი დარტყმა არასდროს მიგრძნია. დანებებას არ ვაპირებდი, მაგრამ დარტყმა ძალიან მტკივნეული იყო. ამიტომ ვუთხარი საკუთარ თავს "საკმარისია“. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა ასპარეზობნდეს და ვინ არა, მე, უბრალოდ, ჩემი საქმე უნდა ვაკეთო". - განაცხადა იტალიელმა სპორტსმენმა.

რას ამბობს ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია: „ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სპორტში დისკრიმინაციის გარეშე. ოლიმპიადაზე სპორტსმენების სქესი და ასაკი პასპორტის მიხედვით განისაზღვრება. ხელიფი მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ქალთა საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო ჩემპიონატებში და კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) სხვა ტურნირებში“.

განცხადებაში IOC-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესიის მზარდი ტალღა IBA-ს ქმედებების შედეგია, რომელმაც მანამდე 2023 წლის მსოფლიო თასზე მედლებისთვის ბრძოლაში სპორტსმენები მამრობითი სქესის ჰორმონების ტესტის გამო დაბლოკა. „ხელიფისა და იუტინგის მიმართ აგრესია მთლიანად ეფუძნება ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომელიც ყოველგვარი სათანადო პროცედურის გარეშეა მიღებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა. IOC აღშფოთებულია იმ შეურაცხყოფით, რომელსაც ამჟამად ეს ორი სპორტსმენი განიცდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

როდის არის მათი შემდეგი ბრძოლები?

ტაივანის წარმომადგენელი ლინ იუტინგი ოლიმპიადაზე ასპარეზობას პარასკევს, 2 აგვისტოს დაიწყებს. მისი მეტოქე 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უზბეკი სიტორა ტურდიბეკოვა იქნება.

ალჟირელი ხალიფი უნგრელ ანა ლუკა ჰამორს 66 კგ-მდე ქალთა მეოთხედფინალში შაბათს, 3 აგვისტოს დაუპირისპირდება.