2023 წლის ზაფხულში მომხდარმა შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წარმოქმნილმა ღვარცოფმა 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის, ორი მაშველიც იყო - მათ გაუჭირდათ ამ უმძიმესი ემოციების გადატანა და ორივე მათგანს ინფარქტი განუვითარდა.
გია დუდაშვილი,თოჯინით ხელში, ტალახის მასაში ოჯახის წევრების ძებნისას - ამ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მეუღლისა და სამი შვილის ერთად დამკარგავმა მამამ 2 წლის შვილის, ანასტასიას თოჯინა იპოვა და თან დაატარებდა. გია დუდაშვილის მეუღლე ნატო ჭელიძე და უფროსი შვილი, 7 წლის ლუკა ტრაგედიიდან მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს, შემდეგ 4 წლის ანდრია… სულ ბოლოს კი თოჯინას პატრონი, 2 წლის ანასტასია, რომელიც მამამ ექსპერტიზაზე 24 აგვისტოს ამოიცნო.
ჩვენს საზოგადოებაში, ალბათ, არავინ მოიძებნება, ვისაც ამ დროს სამი შვილის დამკარგავი მამისთვის ნუგეშის მიცემა და გვერდით დგომა არ სურდა. მაგრამ ეს სამწუხაროდ, შეუძლებელია, არ მოიძებნება არცერთი სიტყვა, რომელიც ამ მდგომარეობაში მყოფს ანუგეშებს. არც თავად უძებნია. ამ მოკრძალებულ ადამიანს არავისთვის მიუმართავს, თავისი ტრაგედია ერთი სიტყვითაც არავისთვის მოუხვევია. ვიდრე შვილები ცოცხლები ეგონა, ხელისუფლებას სთხოვდა, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დროულად გაეგზავნათ.
ერთადერთი, რითაც ტრაგედიის შემდეგ, მთელი ამ დროის მანძილზე გამოჩნდა, თავისი ანასტასიასათვის დაბადების დღის მილოცვა იყო:
"ანასტასიას დაბადების დღეა. სამი წლის გახდი. გილოცავ ანასტასია", - წერდა გია დუდაშვილი. მილოცვისას მამიკომ თავის გოგონას გულებიანი მიკი მაუსის ვარდისფერი ტორტიც "აჩუქა". განაგრძეთ კითხვა