"მეცადინეობა საჭირო არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვმა არაფერი იცოდეს" - რა უნდა შეეძლოს მომავალ პირველკლასელს - მშობლები

"მეცადინეობა საჭირო არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვმა არაფერი იცოდეს" - რა უნდა შეეძლოს მომავალ პირველკლასელს

2024-08-05 11:12:31+04:00

თუ რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე, მშობლებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სრულებით არ არის საჭირო სკოლისთვის რაიმეს სწავლა წინასწარ, რადგან იქ ყველაფერს ისწავლის. ზოგი კი ფიქრობს, რომ ჯობია გარკვეული ცოდნა მანამდე მისცეს, რათა ბავშვმა სკოლაში უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს თავი და ადვილად დაძლიოს პროგრამა.

შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი მიდგომა არ არის ბოლომდე სწორი. საგნობრივი ცოდნა ბავშვს ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ სასკოლოდ მომზადება აუცილებელია. სასკოლო ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ცოდნა, რამდენადაც ამ დაკვირვების, ფაქტების შედარების და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების უნარი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს ცნობისმოყვარე, შეეძლოს გუნდში მუშაობა, იცავდეს სკოლის წესებს, შეძლოს თავის კონტროლი და პასუხისმგებლობას გრძნობდეს საკუთარ საქციელზე.

მომავალ პირველკლასელს უნდა შეეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა, წესების დაცვა, ასაკისთვის შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზება და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა. ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სხეული ცხოვრების ახალ რეჟიმს შეეგუოს. და, რაც მთავარია, ნამდვილად უნდა სურდეს სკოლაში სიარული, ელოდებოდეს, რომ იქ რაღაც ახალს და საინტერესოს ისწავლის..

ცხოვრება კოლექტივში

ბავშვი ახალ გარემოში თავს თავდაჯერებულად უნდა გრძნობდეს, შეეძლოს სხვა ბავშვებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა, არა მხოლოდ სწავლა, არამედ თამაში და მონაწილეობა კლასის ცხოვრებაში.

რა უნდა ასწავლოთ მომავალ პირველკლასელს:

  • ელემენტარული ქცევის ძირითადი ნორმები და წესები;
  • მოლაპარაკების და რაღაცაზე შეთანხმების უნარი;
  • საკუთარი და სხვისი საქციელის აღქმა;
  • გამართული მეტყველება.

ინტელექტუალური მზაობა

ეს უკვე სააზროვნო პროცესების განვითარებას ეხება, ზოგადი კავშირებისა და კანონზომიერების აღქმას.

რა უნდა შეეძლოს:

  • ასაკისთვის შესაბამისი ინფორმაციის გააზრება;
  • მსგავსების და განსხვავებების პოვნა, მეტის და ნაკლების გარჩევა.
  • მოვლენებსა და ქმედებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნა ასაკის შესაბამისად;
  • ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;

ყველა ეს ჩამოთვლილი უნარი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უმარტივეს დონეზე მოეთხოვებათ. მაგალითად, იპოვოს განსხვავებული ნივთი მსგავს საგნებს შორის, რამდენიმე საგანი მიაკუთვნოს რომელიმე ჯგუფს და ა. შ.

მსგავსი აქტივობები თამაშის ფორმით ძალიან ხშირად არის მოცემული ჟურნალ „საბავშვო კარუსელში“.

qda-agvisto-1722502917.jpg

კარგად უნდა იყოს განვითარებული კონცენტრაცია . როგორ შევამოწმოთ ეს? ნახეთ, შეუძლია თუ არა თქვენს შვილს:

  • შეინარჩუნოს ყურადღება ნებისმიერ საქმიანობაში 15-20 წუთის განმავლობაში;
  • დავალების შესრულებისას არ ეფანტებოდეს ყურადღება;
  • შეეძლოს ყურადღების გადართვა ერთი ობიექტიდან მეორეზე.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი დამახსოვრების უნარია. შეუძლია თუ არა ჩვენს მომავალ პირველკლასელს 10-დან რამდენი სიტყვის ან ციფრის, სურათის, ფიგურის, სიმბოლოების დამახსოვრება?. შეუძლია თუ არა ზეპირად ისწავლოს მოკლე ლექსები; შეეძლოს გადმოსცეს მოსმენილი ამბავი, ზღაპარი...

Ფიზიკური მზაობა

ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ კარგი ჯანმრთელობის გარდა, გარკვეული ფიზიკური მომზადებაც საჭიროა - განვითარებული კუნთები და მოტორული უნარები, მათ გარეშე ბავშვს გაკვეთილზე ჯდომაც გაუჭირდება და წერის ათვისებაც.

წერის სწავლა რთული პროცესია, ის ნატიფ მოძრაობებს და ხელის მცირე კუნთების კოორდინირებულ მოძრაობას მოითხოვს.

რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილს:

  • სწორად დაიჭიროს კალამი (ფანქარი, ფუნჯი);
  • დახაზოს როგორც სწორი, ასევე ტალღოვანი ან წყვეტილი ხაზები;
  • გადაიტანოს ნიმუში უჯრებში;
  • ამოჭრა და ჩაწებება
  • ელემენტარულ დონეზე ხატვა და ძერწვა.

მოტივაცია

ამის გარეშე ბავშვს სწავლისა და ცოდნის მიღების ინტერესი არ ექნება. დაეხმარეთ თქვენს შვილს ნიჭის აღმოჩენაში. წაახალისეთ, შეაქეთ შედეგისთვის, აჩვენეთ როგორ გამოიყენოს ცოდნა, წაახალისეთ, იფიქროს. არ არსებობს არც ერთი ბავშვი, რომელსაც რაიმე ინტერესი არ აქვს. თქვენი ემოციური მხარდაჭერა დაეხმარება თქვენს შვილს წარმატებული იყოს.

თავის მოვლის უნარები

ამ უნარების უმეტესობას ბავშვი ბაღში ეუფლება, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ასე არ მოხდა, უმჯობესია ზაფხულის დარჩენილი პერიოდი ამ ხარვეზების შესავსებად გამოიყენოთ.

რა უნდა ასწავლოთ შვილს:

  • ტუალეტში დამოუკიდებლად შესვლა, უნიტაზის გამოყენება და ხელების დაბანა;
  • თასმების, ღილების, ელვას შეკვრა. სასკოლო ტანსაცმლის ყიდვისას დარწმუნდით, რომ ღილები და შესაკრავები წინა მხარეს არის და ბავშვს მათი შეკვრა გაუადვილდება, თუ თასმების შეკვრა ჯერ კიდევ უჭირს, „ფხრიწიანი ფეხსაცმელი“ შეუძინეთ.
  • თამამად მიმართოს მასწავლებელს, როცა ტუალეტში გასვლა ან რაიმეს კითხვა უნდა, თუ მასწავლებლის ახსნილიდან რამე ვერ გაიგო.
  • გაუფრთხილდეს სასწავლო ნივთებს და ყოველდღიურად არ დაკარგოს ან არ დააზიანოს ისინი.
  • შეეძლოს დამოუკიდებლად აკურატულად ჭამა ჩანგლისა და კოვზის გამოყენებით;