ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სათამაშოების უმეტესობას ერთი დიდი პრობლემა აქვს - ბავშვი მათთან თავს არა თამაშის სუბიექტად, არამედ თამაშის ობიექტად გრძნობს. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი თამაშში მთავარ როლში იყოს, რაღაც შეიმეცნოს, ამის ნაცვლად პასიურ როლშია, სათამაშოთუ კი არ ერთობა, სათამაშო ართობს მას, ის არის პროცესის მთავარი წარმმართველი, რაც კარგი სულაც არ არის.
ევროპელი ფსიქოლოგების უმეტესობა უფრო და უფრო იხრება მინიმალიზმის იდეამდე. რას ნიშნავს ეს?... სათამაშოების რაოდენობის შემცირებას. პირველ რიგში ორი ერთნაირი დატვირთვის სათამაშოები უნდა გამოხშიროთ, თუნდაც ეს საგანმანათლებლო სათამაშო იყოს. მაგალითად, თუ ბავშვს უკვე აქვს ერთი ანბანი, მაშინ მეორე აღარ არის საჭირო. რაც ნაკლებია სათამაშო, მით უფრო მეტად უფრთხილდება ბავშვი მათ, ხოლო როცა ბევრია, თამაშიდან ნამდვილ სიამოვნებას ვერ იღებს.
ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბავშვი თამაშობს იმით, რასაც ხედავს. ამიტომ თუ სათამაშოები კარადაშია, შეიძლება არც გაახსენდეს ისინი. ამიტომ ბავშვის ოთახში სივრცე ისე გაანაწილეთ, რომ სათამაშოები მისი მხედველობის არეში იყოს განლაგებული და და არჩევა შეეძლოს. სათამაშოები, რომლებითაც დიდი ხანია, არ უთამაშია, სავარაუდოდ აღარც დაგჭირდებათ.
დროთა განმავლობაში ჩნდება სათამაშოები, რომლებისთვისაც ბავშვი უკვე დიდია. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებიან ფავორიტები, მაგრამ ყველა ნამდვილად არა. შეგიძლიათ მოიცილოთ ასეთი სათამაშოები.
როგორც წესი, ფსიქოლოგები განმავითარებელ სათამაშოებს ძალიან აფასებენ. საუბარია ფანქრებზე, საძერწ მასალაზე, ასაკობრივ კონსტრუქტორებსა და ფაზლებზე, გასაფერადებლებსა და საბავშვო ჟურნალებზე. ამ ყველაფერს ისინი "მომგებიანი საჩუქრად" მიიჩნევენ, რომლებიც ბავშვს გართობის გზით ავითარებენ, წარმოსახვას უაქტიურებენ.
შეგიძლიათ შემოიფარგლოთ სათამაშოების მცირე რაოდენობით, შედეგად ბავშვი რჩება იმ სათამაშოების გარემოცვაში, რომლებიც მოსწონს, რომლებიც მის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ. ასეთი სათამაშოებით თამაშები უფრო ცოცხალი ხდება და ბავშვიც მეტი გატაცებით ერთვება მათში. შედეგად, ის მეტად აფასებს თავის სათამაშოებს.
ასე რომ, არ არის აუცილებელი, შვილი სათამაშოების ზღვაში ამყოფოთ. ნურც ისე ჩათვლით, რომ სათამაშო არ სჭირდება. პირიქით, სათამაშო აუცილებელი, რომელიც დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ და იმასაც დააკვირდეთ, რამდენად სასარგებლოდ იყენებს მას.