1961 წლის 12 ნოემბერს ტრაგიკული მოვლენები რომ არ განვითარებულიყო, შესაძლოა, მსოფლიოს ტერი დიუპეროს შესახებ ვერასდროს გაეგო. ერთი დღით ადრე გოგონა საკუთარ ოჯახთან ერთად იახტაზე ისვენებდა, ზღვას გაჰყურებდა და სანახაობით ტკბებოდა, თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მშვენიერი მოგზაურობა, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა...
41 წლის არტურ დიუპერო ოჯახთან ერთად გრინ-ბეიში, ვისკონსინის შტატში ცხოვრობდა. წარმატებული ოფთალმოლოგი იყო და შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. მეზობლები მას, როგორც ძალიან თბილ და მეოჯახე ადამიანს ახასიათებდნენ. მისი მეუღლე, 38 წლის ჯინი, დიასახლისი იყო და სამ შვილზე ზრუნავდა. წყვილს 14 წლის ბრაიანი, 11 წლის ტერი და 7 წლის რენე ჰყავდა. დიუპეროს ოჯახში ყოველთვის სიმშვიდე სუფევდა და მათგან ხმაურიანი შემთხვევა არავის არასდროს გაეგო.
ერთ დღეს არტურმა გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად იახტით გაესეირნა და დიდი ხნის ოცნება აეხდინა. 1961 წლის შემოდგომისთვის მან ბილეთებიც იყიდა. იახტას Bluebelle ერქვა და ბაჰამის კუნძულებისაკენ მიემართებოდა.
გემის კაპიტანი, ჯულიან ჰარვი, ამ საქმეში საკმაოდ გამოცდილი ადამიანი იყო. ის არა მხოლოდ მსგავს მოგზაურობებს აწყობდა, არამედ მეორე მსოფლიო ომის გმირიც იყო. ამიტომ, მგზავრები უპრობლემოდ ენდობოდნენ.
"შემდეგი კვირის განმავლობაში მე თქვენი მფარველი ანგელოზი და ამავე დროს, იმ გემის მესაჭე ვარ, რომელიც სიამოვნებით გახდება თქვენი სახლი," - უთხრა ჰარვიმ დიუპეროს ოჯახის წევრებს და მეუღლე, მერი დენე, რომელიც ასევე შეფ-მზარეულად მუშაობდა, ყველას გააცნო.
მოგზაურობის პირველი რამდენიმე დღე შესანიშნავი იყო. მგზავრები ისვენებდნენ, ბანაობდნენ, უგემრიელეს ზღვის პროდუქტებს მიირთმევდნენ. თუმცა, 12 ნოემბერს ყველაფერი შეიცვალა.
11 წლის ტერი საშინელმა ყვირილმა გააღვიძა და როდესაც ოთახიდან გარეთ გავიდა, სისხლის გუბე დაინახა. გემის კაპიტანი, ჰარვი კი იარაღით ხელში იდგა... გემი იძირებოდა... თავად ჰარვი სულ მალე სამაშველო ნავში ჩაჯდა და თავს უშველა, გაოგნებული და შეშინებული ბავშვი კი იახტაზე დატოვა, რომელიც უკვე იძირებოდა...
სანამ მოგზაურობას დაიწყებდნენ, ტერის და მის დედმამიშვილებს მამამ საგანგებო სიტუაციებში თავის გადარჩენისათვის საჭირო არაერთი მითითება მისცა და ასწავლა, როგორ გადაერჩინათ თავი საგანგებო სიტუაციებში. ბავშვმა გაიხსენა მამის მითითებები და იახტაზე სამაშველო რგოლი იპოვა. ჩაჯდა რგოლში და წყალში ჩაეშვა. 11 წლის გოგონა, თხელი პიჟამებით, ოკეანის შუაგულში სრულიად მარტო დარჩა. არც საჭმელი ჰქონდა და არც არავინ ჰყავდა გვერდით. ერთადერთი, რაც აძლიერებდა, იყო იმედი, რომ გადარჩებოდა...
ერთი დღის შემდეგ 11 წლის დიუპერომ ცაზე პატარა წითელი თვითმფრინავი შენიშნა. ნიშნის გაკეთება სცადა. თუმცა თვითმფრინავიდან გოგონა ვერ შენიშნეს. მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. მზემ კანი ისე დაუწვა, რომ ბუშტუკები გაუჩნდა, საშინელი ქარი იყო და თვალები ქვიშით ჰქონდა სავსე. საბოლოოდ, ბავშვმა გონება დაკარგა და როდესაც გაიღვიძა, დაინახა, რომ უზარმაზარი გემი მის მახლობლად მიცურავდა.
ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ბავშვი შემთხვევით დაინახა და მაშინვე მის გადასარჩენად გაემართნენ. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი კვირა გაატარა. მას დეჰიდრატაცია და მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა. თუმცა, იმდენად შეშინებული იყო, რომ საკუთარ სახელსაც ვერ იხსენებდა.
ვიდრე ტერი ამ განსაცდელს ებრძოდა, გემის კაპიტანი, რომელმაც საშინელი სასაკლაო მოაწყო, ბედნიერად ცხოვრობდა. მან მესაზღვრეებს განუცხადა, რომ იახტა ქარიშხალში აღმოჩნდა, შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ჩაიძირა. კაცმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, 7 წლის რენეს ცხედარი სანაპიროსკენ გადაიტანა. ამტკიცებდა, რომ მათ დახმარებას ცდილობდა.
გემიდან განგაშის სიგნალი არ განხორციელებულა და არც იმ დღეებში იყო შტორმი მოსალოდნელი. ეს კი შეკითხვებს ბადებდა. როდესაც პოლიციამ შეიტყო, რომ გადარჩენილი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაშინვე ადგილზე გაჩნდა.
ბავშვმა თქვა, რომ იახტაზე ხანძარი არ ყოფილა და არც ქარიშხალში მოხვედრილან. მიუხედავად იმისა, რომ თავად უშუალოდ მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია, ტერიმ გაიხსენა, რომ სალონში მისი დედისა და ძმის ცხედრები და სისხლის გუბეები ნახა.
პოლიცია ჰარვის დასაკავებლად გაეშურა. ყველაფერი გაირკვა და გემის კაპიტანს სიკვდილით დასჯა ელოდებოდა. თუმცა, ვიდრე დააკავებდნენ, კაცმა თავი მოიკლა. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში არკვევდნენ, რატომ მოიქცა ჯულიან ჰარვი ასე სასტიკად...
როგორც ცნობილია, კაცი მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი იყო. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, საკუთარ საქმესა და მოწოდებას აქტიურად ეძებდა. შესანიშნავად გამოიყურებოდა, ამიტომაც ქალების ყურადღება არასოდეს აკლდა. ვიდრე ის მერი დენიზე დაქორწინდებოდა, იქამდე 5 ცოლი ჰყავდა.
ჰარვის ანგარიშზე რამდენიმე ჩაძირული იახტა იყო, რომლებიც სრულიად უცნაურ ვითარებაში ჩაიძირნენ. შედეგად, კაპიტანმა დიდი სადაზღვევო გადასახადებიც მიიღო. საკმაოდ კარგი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი დაკარგა - ბოლო განქორწინების დროს, ცოლისთვის დიდი თანხის გადახდა დაეკისრა, ამიტომაც ახალი გეგმა სჭირდებოდა, რომ ფული ეშოვა.
44 წლის მამაკაცმა Bluebelle-ის იახტის მფლობელთან კონტრაქტი გააფორმა და გემის კაპიტანი გახდა. იახტა დიუპეროს ოჯახმა იქირავა, რომ ბედნიერი საოჯახო მოგზაურობა მოეწყო. ჰარვი მიხვდა, რომ ფინანსური პრობლემებისაგან გათავისუფლებისათვის შესანიშნავი შანსი ეძლეოდა.
გამგზავრებამდე მან ცოლის - მერი დენის სიცოცხლე 20 ათას დოლარად დააზღვია. ეს ფული სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ ახალი იახტა ეყიდა და უდარდელად ეცხოვრა. 12 ნოემბრის ღამეს მან საკუთარ ცოლს უთხრა, რომ უბედური შემთხვევის მოწყობას აპირებდა. თუმცა, მისი საუბარი უნებლიეთ არტურ დიუპერომ გაიგო. შემდეგ, მამაკაცმა ცოლი და დიუპეროს ოჯახის ყველა წევრი იარაღით მოკლა. უცნობია, როგორ გადაურჩა ტერი ფსიქოპატს, თუმცა მამაკაცს ეგონა, რომ ბავშვი იახტასთან ერთად ჩაიძირებოდა და ამიტომ მის მოკვლაზე "აღარ მოცდა".
მას შემდეგ, რაც ტერიმ გამოჯანმრთელება დაიწყო, მასზე მეურვეობა მამიდამ აიღო. ბავშვი ფსიქოლოგებთან გამუდმებით დაჰყავდათ, რომ ტრავმისგან გათავისუფლებულიყო. მოგვიანებით გოგონამ ფსიქოლოგ რიჩარდ ლოგანთან ერთად წიგნი დაწერა და ისაუბრა იმ განსაცდელზე, რაც გადაიტანა:
„თუ ერთი ადამიანი მაინც განიკურნა ცხოვრებისეული ტრაგედიისგან ჩემი ამბის გაცნობის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ იმას, რაც დამემართა, უფრო მაღალი მნიშვნელობა ჰქონდა და არ იყო უშედეგო.“ - თქვა ტერიმ. ქალი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და სამი შვილი შეეძინა. საბოლოოდ, ოკეანის შეყვარებაც შეძლო და წყლის რესურსების რეგულირებისა და ზონირების განყოფილებაში მუშაობდა.
დიუპეროს ოჯახის ტრაგედიის შემდეგ, იახტით მგზავრთა გადაყვანის პირობები შეიცვალა და წესები გამკაცრდა.