ცნობილმა მოჭადრაკემ და ჭადრაკის პედაგოგმა მეტოქის მოწამვლა სცადა - დანაშაული კამერებმა დააფიქსირეს და მას ახლა სასამართლო ელოდება (ვიდეო) - მშობლები

ცნობილმა მოჭადრაკემ და ჭადრაკის პედაგოგმა მეტოქის მოწამვლა სცადა - დანაშაული კამერებმა დააფიქსირეს და მას ახლა სასამართლო ელოდება (ვიდეო)

2024-08-08 10:27:16+04:00

სანამ მსოფლიოს ყურადღება ოლიმპიადისკენაა, დაღესტანში, მახაჩყალის საჭადრაკო ტურნირზე დიდი სკანდალი მოხდა. პარტიის დაწყებიდან ნახევარ საათში მონაწილემ გულისრევა და თავბრუსხვევა იგრძნო, მერე კი უცებ დაინახა, რომ დაფის ქვემოდან პატარა ვერცხლისფერი ბურთულა გამოგორდა, რომელიც ვერცხლისწყალს ჰგავდა. გოგონა მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა თავს უკეთ გრძნობს. მომხდარი კი ვიდეომეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირა და ასე გამოავლინეს დამნაშავე.

როგორც გაირკვა, ცნობილი მოჭადრაკე და ჭადრაკის სკოლის ხელძღვანელი ამინა აბაკაროვა, რომელიც პატარა ბავშვებს ამეცადინებს, თამაშამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა დარბაზში და დაფაზე მეტოქის - უმაიგანატ ოსმანოვას მხარეს მომწამვლელი ნივთიერება გადაუსვა. მოგვიანებით თანამშრომლებმა გაიხსენეს, რომ აბაკაროვა დაინტერესდა, იყო თუ არა დარბაზში კამერები. მას უთხრეს, რომ კამერები არ მუშაობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მუშაობდა და დანაშაულის ფაქტიც დააფიქსირა.

40 წლის ამინა იქვე დააპატიმრეს, როცა სახლში აპირებდა დაბრუნებას. ჭადრაკში სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა მარტო ეს სასჯელი არ ელის. მის ქმედებას შეეძლო ადამიანი მოეკლა, ამიტომ ახლა საქმეს სამართალდამცველები იძიებენ.

728x484-1-8c5d99ad31bf1ff064e844cf9fd0635b1200x797-0xk2eyhlor-9827846503864304151-1723099965.jpg
ამინა აბაკაროვა

ნაცნობები გაოცებულნი არიან აბაკაროვას ქცევით. აღწერენ, როგორც კეთილ ადამიანს და კარგ მწვრთნელს. მას თავისი საჭადრაკო სკოლა აქვს და კარპოვის სკოლაშიც მუშაობს მწვრთნელად. სავარაუდოდ, მას არა მხოლოდ მეტოქის გათიშვა სურდა ტურნირიდან, პირადი კონფლიქტიც იყო მათ შორის. მოჭადრაკეები ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, ხშირად უწევთ მეტოქეობა და არაერთხელ დაამარცხა ოსმანოვამ. გარდა ამისა, აბაკაროვამ აღნიშნა, რომ დანაშაულისკენ ოსმანოვასთან ბოლო კონფლიქტმა უბიძგა - მან ცუდად მოიხსენია მისი ნათესავები. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ოსმანოვამაც დაიჩივლა აბაკაროვას წინააღმდეგ - მსაჯებს უთხრა, რომ ამინა პარტიის დროს ხშირად დგებოდა ტუალეტში გასასვლელად და ვარაუდობდა, რომ იქ მოჭადრაკე სპეციალურ აპლიკაციას იყენებდა, რომელიც სვლების გამოთვლაში ეხმარებოდა.

691x600-1-fa1d56716b6c2d47c7ddcf5670417fbd1169x1015-0xg8w6f4t5-8763611244249367554-1723098670.jpg
დაზარალებული ოსმანოვა