უძველესი სამკურნალო საშუალების კვალი ოლიმპიურ სპორტსმენების სხეულზე - რისთვის დასჭირდათ მათ კოტოშები - მშობლები

უძველესი სამკურნალო საშუალების კვალი ოლიმპიურ სპორტსმენების სხეულზე - რისთვის დასჭირდათ მათ კოტოშები

2024-08-08 10:57:24+04:00

მედიცინის განვითარების მიუხედავად, უძველესი სამკურნალო საშუალებები მაინც არ კარგავს აქტუალობას.

ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს სპორტსმენებმა, რომლებსაც სხეულზე უძველესი სამკურნალო საშუალების, კოტოშების კვალი ეტყობოდათ.

კოტოშები მინის პატარა ქილებია, რომლებსაც ძირითადად, ბრონქიტის და პნევმონიის სამკურნალოდ იყენებდნენ. გამოყენების წინ ქილებს სპირტით წმენდნენ, შემდეგ აცხელებდნენ და პაციენტს ზურგზე ასვამდნენ. ქილების მოხსნის შემდეგ ავადმყოფს თბილად აფარებდნენ საბანს და აუცილებელი იყო ის გაუნძრევლად 30 წუთის განმავლობაში წოლილიყო.

კოტოშების კვალი საკმაოდ მუქია და ზოგიერთი ზურგზე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი რჩება.

კოტოშების პრინციპი დღესაც გამოიყენება. მაგალითად, სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული ანტიცელულიტური ვაკუუმური მასაჟის აპარატი.

რატომ დასჭირდათ ის სპორტსმენებს? საქმე ისაა, რომ თანამედროვე მიდგომით, კოტოშების პროცედურა გავლენას ახდენს როგორც სპორტსმენის ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. კოტოშების შემდეგ კუნთები დუნდება, ტკივილი ქრება, იგრძნობა ძალის მატება და უმჯობესდება განწყობა. კოტოშებს სპორტსმენებს რბილი ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების გასაუმჯობესებლად უკეთებენ.