გასულ კვირას ჩემი მეგობრის, ნინოს, სახლში ვიყავი სტუმრად. სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით, ვსაუბრობდით და ვიხსენებდით ჩვენი სტუდენტობის დროინდელ მხიარულ ამბებს.სალაპარაკო და გასახსენებელი კი ნამდვილად ბევრი გვქონდა.თემიდან-თემაზე გადავხტოდით და თითქოს დროის მანქანა ავამუშავეთ, მოგონებებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო გაცოცხლება.ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც პირველი კურსი იყო, როცა ბევრს არავის ვიცნობდით, ცოტათი დაბნეულები და შეშინებულებიც კი ვიყავით.განსაკუთრებით კი რამდენიმე საგანი გვაშინებდა, ლექტორითურთ.ერთ-ერთი ასეთი კი ინგლისური გახლდათ, რომლის გამოცდებზეც ღამეები გვითენებია.- გახსოვს, როგორ ვნერვიულობდით პირველ კურსზე ინგლისურის გამოცდის წინ? - მკითხა ნინომ და თვალები გაუბრწყინდა.
- როგორ არ მახსოვს! - ვუპასუხე მე, - მთელი ღამე ვმეცადინეობდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით სიტყვების დამახსოვრებაში.
- იმდენი ხანია ინგლისურად აღარ მისაუბრია, მგონი დამავიწყდა კიდეც, მოდი, ძველებურად ვცადოთ და რაღაცები გავიხსენოთ! - შემომთავაზა მან ენთუზიაზმით.
მეც ავყევი ამ იდეას და უცებ, ჩვენდა გასაოცრად, დავიწყეთ ერთმანეთში ინგლისურად საუბარი, ოღონდ ისეთი გადაჭარბებული ბრიტანული აქცენტით და თეატრალური ჟესტიკულაციით, რომ ჩვენს სტუდენტობის დროინდელ მცდელობებსაც კი ვაჯობეთ.ამ პერფორმანსს იმდენად შევვყევით, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ შემოვიდა ოთახში ნინოს 4 წლის შვილი ნიკო. პატარა ბიჭი კარებთან გაშეშებული იდგა და გაოცებული თვალებით გვიყურებდა, თითქოს ორი უცხოპლანეტელი დაენახოს თავის სამზარეულოში. მერე უცებ ისეთი ხმამაღალი სიცილი აუტყდა, რომ ჩვენც გამოგვაფხიზლა როლებიდან.
- დედა, რას აკეთებთ? - გვკითხა მან და თან ცდილობდა სიცილი შეეკავებინა.
ნინომ, რომელიც ჯერ კიდევ თავის როლში იყო, უპასუხა ინგლისურად: "We're just having a lovely conversation, sweetheart!"
ბავშვს სახეზე ჯერ დაბნეულობა გამოეხატა, მერე კი თვალები აუციმციმდა მიხვდა, რომ რაღაც სახალისო თამაში მიმდინარეობდა და მოულოდნელად, ისიც ჩაგვერთო.
Me... me... want... play! - თქვა მან დამარცვლით და თან ჩვენი აქცენტის მიბაძვას ცდილობდა.
მე და ნინო გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ნიკო კი აგრძელებდა საგნების ჩამოთვლას ოთახში, Chair! Table! Cup! Spoon!" - ყვიროდა ის აღფრთოვანებით, თან თითოეულ ნივთზე მიუთითებდა.
ნინო გაოცებული მეკითხებოდა: საიდან იცის ამდენი სიტყვა? ბაღში კი ასწავლიან, მაგრამ…
აღმოჩნდა, რომ ნიკო გარდა ბაღის გაკვეთილებისა, ტელეფონით სარგებლობისთვის გამოყოფილ დროს უცხოენოვან მულტფილმებს უყურებდა, საიდანაც სხვადასხვა სიტყვებს თავისებურად, მაგრამ მაინც სწორად იმახსოვრებდა, თუმცა დამოუკიდებლად აქამდე არასდროს უცდია ინგლისურად საუბარი. ჩვენი "სპექტაკლი" კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას თავისი ფარული ცოდნა გამოემჟღავნებინა.ამ აღმოჩენით შთაგონებულებმა, გადავწყვიტეთ მთელი საღამო თამაშისთვის დაგვეთმო. ვითამაშეთ "მაღაზიობანა" ინგლისურად, სადაც ნიკო გამყიდველი იყო და ჩვენ მყიდველები. შევქმენით რესტორანი, სადაც ნიკო გვთავაზობდა თავის "სპეციალურ კერძებს" (რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან უცნაური ინგრედიენტებისგან შედგებოდა!).ყველაზე სახალისო მომენტი კი მაშინ დადგა, როცა მან გადაწყვიტა "ინგლისური გაკვეთილი" ჩაეტარებინა თავისი მეგობარი სათამაშოებისთვის.მთელი საღამო ასე გავატარეთ - ვთამაშობდით, ვიცინოდით და ვსწავლობდით. ნიკო ცდილობდა ყველა ახალი სიტყვა გაემეორებინა. ზოგჯერ სწორად გამოსდიოდა, ზოგჯერ კი ისეთ სიტყვებს იგონებდა, რომ ჩვენც კი გვიჭირდა სიცილის შეკავება. მაგრამ ყოველ ჯერზე ვაქებდით და ვამხნევებდით, რაც მას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევდა.
ბოლოს, როცა ჩემი წასვლის დრო მოვიდა, მომიახლოვდა და ჰაეროვანი კოცნებით ინგლისურად დამემშვიდობა Goodbye,see u soon - მალე გნახავო, ისე, თითქოს მთელი ცხოვრება ინგლისურად ლაპარაკობდა.მეც კარგად ჩავჯუჯგნე და დავპირდი, რომ შემდეგ მოსვლაზე ბევრ საინტერესო წიგნს მოვუტანდი ინგლისურად და ერთად ვითამაშებდით.მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ მიმავალ გზაზე ამ უცნაურად კარგ ამბავზე ვფიქრობდი: აი, როგორ შეიძლება უცხო ენის სწავლა იყოს სახალისო და ბუნებრივი პროცესი ბავშვისთვისმეთქი.მაგრამ ამავდროულად, ბევრი კითხვა გამიჩნდა: როდის არის საუკეთესო დრო ბავშვისთვის უცხო ენის სწავლების დასაწყებად? თუ ადრეულ ასაკში ვასწავლით ინგლისურს ან სხვა უცხო ენას, მშობლიური ენის სწავლებაში ხელს ხომ არ შეუშლის? რა მეთოდებია ყველაზე ეფექტური ენის სასწავლად? როგორ შეუძლიათ მშობლებს ხელი შეუწყონ ბავშვის ინტერესს და მოტივაციას ენის სწავლის პროცესში? და რა როლი აქვს ტექნოლოგიებს, მულტფილმებს და აპლიკაციებს, ამ პროცესში?ამ ფიქრებით შთაგონებულმა, გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩავძიებოდი ბავშვებში უცხო ენის სწავლების საკითხს.მე მშობელი არ ვარ, მაგრამ თუ მშობლის პერსპექტივიდან შევხედავ მოცემულობას, თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ალბათ, მეც მენდომებოდა, რომ ადრეული ასაკიდან მესწავლებინა ჩემი შვილისთვის, რომელიმე ერთი უცხო ენა, სავარაუდოდ ინგლისური. რადგან დღესდღეისობით ინგლისური ყველაზე მოთხოვნადი ენაა და სხვადასხვა შეფასებით, მსოფლიოში დაახლოებით 1.5-2 მილიარდი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე.ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშობლიურ, ისე არამშობლიურ მოსაუბრეებს.აქედან გამომდინარე, ინგლისური ენის ბავშვობიდანვე სწავლა შეიძლება დაეხმაროს ბავშვს/ მოზარდს გლობალურ სამყაროში უკეთ ინტეგრირებასა და მომავალში მეტი კარიერული თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობების მიღებაში.ბევრი მშობელი ცდილობს, რომ მათმა შვილებმა უცხო ენის შესწავლა რაც შეიძლება ადრე დაიწყონ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ უცხო ენის შესწავლა შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს მშობლიურ ენაზე მეტყველების განვითარებისთვის. თუმცა, ეს მოსაზრება არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით. პირიქით, კვლევები აჩვენებს, რომ:
🔹 ბავშვის ტვინს შეუძლია პარალელურად აითვისოს რამდენიმე ენა ისე, რომ ერთის სწავლით არ დააზიანოს მეორე. ფაქტობრივად, ენების ცოდნა ერთმანეთს აძლიერებს.
🔹 ორი ენის სწავლა აძლიერებს ტვინის მოქნილობას, რაც ხელს უწყობს ზოგადად სწავლის პროცესს, მათ შორის მშობლიური ენის ათვისებასაც.თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური პრობლემები:სასურველია ორივე ენას დავუთმოთ საკმარისი დრო, არ შევაწყვეტინოთ ბავშვს მშობლიურ ენაზე საუბარი და კითხვა, თვალი ვადევნოთ მის წინსვლას და შეცვალოთ მიდგომა საჭიროებისამებრ.
რა ასაკიდან სჯობს ინგლისურის სწავლა ბავშვებისთვის?
იდეალურ შემთხვევაში, უცხო ენის გაცნობა შეიძლება დაიწყოს ძალიან ადრეულ ასაკში, 2-3 წლიდან, მარტივი სიმღერებით, თამაშებით და ყოველდღიური ფრაზებით. 5-6 წლის ასაკიდან კი შეიძლება უფრო სტრუქტურირებული სწავლების დაწყება.ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ იდეალური პერიოდი 3-დან 7 წლამდეა, როდესაც ბავშვის ტვინი განსაკუთრებით მოქნილია ენების ათვისებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ამ დროის შემდეგ უცხო ენის სწავლას ვერ შევძლებთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასდროსაა გვიან ენის სწავლის დაწყება. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ სხვა უპირატესობები, როგორიცაა უკეთესი ანალიტიკური უნარები და მეტი მოტივაცია. მთავარია, სწავლების პროცესი იყოს სახალისო, ბუნებრივი და მორგებული ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე.
რა მეთოდებია ენის სასწავლად ყველაზე ეფექტური?
ამ საკითხზე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე, მეთოდები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და ინდივიდუალურ თავისებურებებზე, მაგრამ ზოგადად, შემდეგი მიდგომები ითვლება წარმატებულად:
🔹 ბუნებრივი მიდგომა: ეს მეთოდი გულისხმობს ენის სწავლას ისე, როგორც ბავშვები სწავლობენ მშობლიურ ენას - ბუნებრივად, ყოველდღიური სიტუაციების მეშვეობით. მაგალითად, სადილობისას შეგვიძლია დავასახელოთ საჭმელები და სამზარეულოს ნივთები უცხო ენაზე, ან სეირნობისას ვისაუბროთ ამინდზე, ბუნებაზე და ა.შ. ამ გზით ბავშვი სწავლობს ენას რეალურ კონტექსტში, რაც ეხმარება მას უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს ახალი სიტყვები და ფრაზები.
🔹იმერსიული მეთოდი: ეს მეთოდი გულისხმობს ბავშვის "ჩაძირვას" უცხოენოვან გარემოში. ამისთვის კი შეიძლება შევთავაზოთ საზაფხულო ბანაკები, სადაც მხოლოდ სამიზნე ენაზე საუბრობენ, ან თუნდაც რამდენიმე საათიანი გაკვეთილები, სადაც მასწავლებელი მხოლოდ უცხო ენას იყენებს. Ამ მეთოდის იდეაა, რომ ბავშვი, ასე ვთქვათ, იძულებულია გამოიყენოს ახალი ენა კომუნიკაციისთვის, რაც დააჩქარებს სწავლის პროცესს.
🔹თოთალ ფიზიკალ რესპონს (TPR): ეს მეთოდი აკავშირებს ენის სწავლას ფიზიკურ მოძრაობებთან. მაგალითად, ვამბობთ "ადექი" უცხო ენაზე და ვაკეთებთ მოქმედებას, შემდეგ კი ბავშვებიც იმეორებენ.ან "დაჯექი", "გაიქეცი", "დახატე" და ა.შ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია პატარა ბავშვებისთვის, რადგან ეხმარება მათ დააკავშირონ სიტყვები რეალურ მოქმედებებთან და უკეთ დაიმახსოვრონ ისინი.
🔹 სტორითელინგი: ამ მეთოდის დროს ენის სასწავლად ვიყენებთ ამბებსის თხრობას და ზღაპრებს.ვუყვებით მარტივ ისტორიებს უცხო ენაზე, ვიყენებსთსურათებს, ჟესტებს და ინტონაციას, რათა დავეხმაროთ ბავშვებს გაიგონ შინაარსი. შემდეგ ბავშვები იმეორებენ ფრაზებს, პასუხობენ კითხვებს, ან თავადაც ყვებიან ამბებს. ეს მეთოდი ეხმარება მათგაიუმჯობესონ მოსმენის და საუბრის უნარები.
🔹სწავლების თამაშად ქცევა - ეს მეთოდი აქცევს სწავლის პროცესს თამაშად. მაგალითად, შეგვიძლია გამოივყენოთ სიტყვების ლოტო, მეხსიერების თამაშები, როლური თამაშები და ა.შ.
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს, ან მულტფილმებსა და აპლიკაციებს ამ პროცესში ?სწორად გამოყენების შემთხვევაში, ტექნოლოგიები შეიძლება გახდეს ძლიერი იარაღი ბავშვის ენობრივი უნარების განვითარებისთვის.მულტფილმებსა და აპლიკაციებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ უცხო ენის სწავლის პროცესში. ისინი ქმნიან ბავშვებისთვის ენის ასათვისებლად სახალისო და ეფექტურ გარემოს.თუმცა, როგორც ყველაფერში, აქაც მნიშვნელოვანია ბალანსი.
როგორ შეუძლიათ მშობლებს ხელი შეუწყონ ბავშვის ინტერესს და მოტივაციას ენის სწავლის პროცესში?
თქვენი, როგორც მშობლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მოტივაციის შენარჩუნებასა და ენის სწავლის პროცესში:
ძალიან დადებითი შედეგი ექნება სწავლების პროცესში ისეთი კომპეტენტური პირის ჩართულობასაც, როგორიცაა მასწავლებელი/რეპეტიტორი.ის არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს ბავშვს, არამედ მოტივაციასაც შეუნარჩუნებს და მოარგებს სასწავლო პროგრამას ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ბავშვის უნარები, ინტერესები და სწავლის ტემპი.თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, შესაძლოა ფიზიკურად ვერ გიხერხდებოდეთ სკოლის ან ბაღის შემდეგ ბავშვის მასწავლებელთან ტარება, თუმცა ონლაინ სწავლების ეპოქაში ეს ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.
ინგლისურის შესწავლა ონლაინ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც საკმაოდ გამოცდილი და აქტუალური პრაქტიკაა.ონლაინ სწავლება საშუალებას გაძლევთ თქვენ, როგორც მშობელს დაზოგოთ დრო და ტრანსპორტირების ხარჯები, ხოლო ბავშვმა ისწავლოს მისთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას.ერთ-ერთი ეფექტური გზა ამისთვის არის ონლაინ რეპეტიტორის აყვანა. მაგალითად, ამ საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი კვალიფიციური ინგლისური ენის მასწავლებელი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ასაკის და დონის მოსწავლეებთან. საბოლოოდ, კი, რომ შევაჯამოთ, უცხო ენის სწავლა ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკობრივი ჯგუფისა, არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თანმიმდევრულობას და კრეატიულობას.მთავარია, ეს პროცესი იყოს სახალისო და საინტერესო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ მოტივაციასა და წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
NS