Better Home & Garden-თან ინტერვიუში 57 წლის პამელა ანდერსონმა გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაიწყო მებაღეობა, რის გამო თქვა უარი მაკიაჟის გამოყენებაზე და როგორ რეაგირებენ მისი ვაჟები წარსულზე, რომელიც არაერთი სკანდალით იყო სავსე:
2020 წელს, პანდემიის დროს, პამელა ანდერსონმა მალიბუში დიდი სახლი გაყიდა და კანადაში, ვანკუვერში დასახლდა, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მსახიობი პატარა ქალაქში ორ ვაჟთან - ბრენდონთან და დილანთან ერთად გადასახლდა.
როგორც პამელა ამბობს, ის კანადაში სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად გადავიდა, რადგანაც გრძნობდა, რომ იმ იმიჯისაგან, რაც საზოგადოებაში ჰქონდა შექმნილი, აბსოლუტურად განსხვავდებოდა:
"ძალიან სევდიანი და მარტოსული ვიყავი. ვერავინ მიგებდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ცხოვრება გავაფუჭე და ბევრი შეცდომა დავუშვი. საკუთარ თავს ძალიან მკაცრად ვუდგებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ბევრი უსიამოვნება გადავატანინე. ამიტომაც, გადავწყვიტე, ამ სივრცისგან გავმქრალიყავი და მებაღეობა დავიწყე." - ამბობს პამელა ანდერსონი.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ცხოვრების მიმართ ახლა სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და ამ პროცესისაგან სიამოვნებას იღებს. ხოლო ის, რაც აქამდე უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა, ახლა მნიშვნელოვანი გახდა.
პამელა ანდერსონს მუსიკოსისაგან, ტომი ლისგან, ორი ვაჟი - 28 წლის ბრენდონი და 26 წლის დილანი ჰყავს. მსახიობი ტომი ლიზე 1995 წელს დაქორწინდა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი ინტიმური შინაარსის ჩანაწერი უკანონოდ გავრცელდა, რამაც წყვილის ურთიერთობა განსაკუთრებით დააზარალა და საბოლოოდ, ქორწინება განქორწინებით დასრულდა.
ინტერვიუში პამელამ ეს შემთხვევაც გაიხსენა და თქვა, რომ ახლა მისი შვილები საკმარისად დიდები არიან, რომ ყველაფერი რაციონალურად გაიგონ და შეაფასონ, თუმცა ბავშვობაში პამელასთან დაკავშირებული სკანდალები მათზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა:
"ისინი წლების განმავლობაში ჩემი წარსულიდან მათი ასაკისთვის შეუსაბამო და შეუფერებელ ინფორმაციას იგებდნენ, სამწუხაროდ, ფიქრობდნენ, რომ სხვები ჩემით სარგებლობდნენ." - ამბობს მსახიობი.
პამელა ანდერსონი აღნიშნავს, რომ ახლა მისი ცხოვრება იმ იმიჯისაგან, რაც სერიალში "მალიბუს მაშველები" ჰქონდა, აბსოლუტურად განსხვავდება:
"აღარ ვარ იგივე ადამიანი. უკან რომ ვიხედები, მესმის, რაც გავაკეთე. მაგრამ, დიასახლისობა ყოველთვის მომწონდა. ჩემს სახლში ბავშვები ხშირად იყვნენ. სპაგეტის მეზობლებისთვისაც ვამზადებდი და ჩემი შვილებიც ჩემი ცხოვრების ამ მხარეს ხედავდნენ. მათთვის ძალიან მტკივნეული იყო იმაზე ფიქრი, რომ სხვა ადამიანები მათ დედას მხოლოდ "ფლეიბოის" ან სხვა ტიპის გადაღებებიდან იცნობდნენ." - ამბობს პამელა.
პამელამ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან დაიღალა, მაკიაჟის საათების განმავლობაში გაკეთებით, ამიტომაც მასზე საერთოდ უარი თქვა:
"კარიერის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ეს ნიღაბი მჭირდებოდა. ახლა ხალხი ქუჩაში მაჩერებს და მეუბნება: "იცი, ადრე არ მომწონდი, ახლა მომწონხარ". ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის კომპლიმენტია." - აღნიშნავს ანდერსონი
ახლა მსახიობი საჯარო ღონისძიებებზე უმაკიაჟოდ ან ძალიან მსუბუქი მაკიაჟით ჩნდება და ყველას ყურადღებას იპყრობს. მან, ფაქტობრივად, ახალი ტრენდი შექმნა და ყველას აჩვენა, რომ ბუნებრივი სახის ჩვენებაში ცუდი არაფერია. 2022 წელს სერიალი "პემი და ტომი" გამოვიდა. სერიალში მთავარ როლებს სებასტიან სტენი და ლილი ჯეიმსი ასრულებენ და საუბარია იმაზე, თუ როგორ იმოქმედა პამელა ანდერსონისა და მისი პირველი მეუღლის ურთიერთობაზე სექს-სკანდალმა, რომელიც მათი ინტიმური შინაარსის ჩანაწერის გავრცელებამ გამოიწვია.