ყველაზე ტოქსიკური ფრაზები, რომლებსაც მშობლები შვილებს ეუბნებიან - მშობლები

ყველაზე ტოქსიკური ფრაზები, რომლებსაც მშობლები შვილებს ეუბნებიან

2024-08-14 00:13:43+04:00

როდესაც მექანიკურად ვამბობთ ფრაზებს, რომლებიც ბავშვობაში საკუთარი მშობლებისგან არაერთხელ გვსმენია, ვერც კი ვამჩნევთ, რომ ბავშვს ფსიქოლოგიურ ზიანს ვაყენებთ.

რომელ ფრაზებს უნდა მოერიდოთ და რა უნდა თქვათ მათ ნაცვლად?

1. "რა სისულელეა"

ბავშვები ხშირად ჭირვეულობენ ჩვენთვის სრულიად მარტივი და "სულელური" მიზეზების გამო. მაგრამ ემოციები, რომლებსაც ბავშვები განიცდიან, სულაც არ არის სისულელე - ისინი ძალიან რეალური და ძლიერია, ამიტომ მათი გაუფასურება არ შეიძლება. როდესაც თქვენ შვილის დამშვიდებას ამ სიტყვებით ცდილობთ, რეალურად ეუბნებით მას: „სულ ერთია, რას გრძნობ, არ აქვს მნიშვნელობა“. ან: „რაკი გეშინია და დამწუხრებული ხარ, ესე იგი სულელი ხარ“.

2. „ ყოველთვის ასე იქცევი...“ ან „ამას რატომ არასდროს აკეთებ..“

ამის ნაცვლად, შეეცადეთ უთხრათ მსგავსი რამ: „შენ ახლა შეშინებული, გაღიზიანებული, იმედგაცრუებული ხარ. გინდათ ვისაუბროთ ამაზე და მივიფიქროთ, რა გავაკეთოთ?

დიახ, ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, საკუთარი ქცევის ნიმუშები აქვთ. მაგრამ იმის თქმა, რომ „ყოველთვის“ აკეთებენ რაღაცას ან „არასდროს“ აკეთებენ რაღაცას, ართმევს მათ იმედს, რომ როდესმე რამეს შეცვლიან. ბავშვი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორც არ უნდა მოიქცეს, თქვენი აზრი მის შესახებ არ შეიცვლება.

3. " ვნერვიულობ, რომ ეს გააკეთე"
რასაკვირველია, ბავშვებს თავიანთი ქცევით მშობლების განერვიულება შეუძლიათ, მაგრამ ეს თქვენი გრძნობებია და არა მათი. იმის დემონსტრირებით, რომ არსებობს კავშირი თქვენი შვილის ქცევასა და თქვენს განწყობას შორის, თქვენ მომავალ მანიპულატორს ზრდით. ბავშვმა შეიძლება სიხარულით გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და განაგრძოს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ბევრად უფრო ეფექტურია უბრალოდ მკაცრი საზღვრების დაწესება. მაგალითად, "დივანზე დახტომა არ შეიძლება" ან შესთავაზეთ მარტივი არჩევანი: " სახლში ითამაშებ თუ სასეირნოდ წავიდეთ?"

4. "კარგად უნდა დაფიქრებულიყავი..."

ამ ფრაზით თქვენ ცდილობთ ბავშვს მის ქმედებებზე პასუხისმგებლობა აგრძნობინოთ, მაგრამ რეალურად ეს იქამდე მიგიყვანთ, რომ ბავშვი მუდმივად თავისმართლების რეჟიმში გადავა და საერთოდ არ მოგისმენთ, რას ეუბნებით. იმის თქმით, რომ მას უნდა განეჭვრიტა, რა მოჰყვებოდა მის ქმედებებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, თქვენ რეალურად უგზავნით ბავშვს შეტყობინებას: „იმდენად სულელი და გაუაზრებელი ხარ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებ". ამ გზით ბავშვს მიწას აცლით ფეხებქვეშ, ართმევთ მას თავდაჯერებულობას.

ჯობია ისეთი რამ უთხრათ: „ როგორც ჩანს, გვიჭირს! მოდი, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ საქმე“. ფოკუსირება საჭიროა არა თავად პრობლემაზე, არამედ შესაძლო გადაწყვეტილებებზე. ეს დაეხმარება ბავშვს პრობლემების გადაჭრა, შეცდომების გამოსწორება ისწავლოს და ასევე გააცნობიეროს გამონათქვამის სიმართლე "ჯერ დაფიქრდი და შემდეგ გააკეთე".

5. „მომეცი, მე გავაკეთებ"

როცა გაუთავებლად ელოდებით,როდის დაასრულებს ბავშვი რაიმე საქმეს, თქვენი ინსტიქტია ჩაერიოთ. მაგრამ, რაც არ უნდა რთული იყოს, შეეცადეთ,ასე არ მოიქცეთ. იმიტომ, რომ ამით თქვენ ეუბნებით ბავშვს: „შენ ვერ ახერხებ, ამიტომ მე უნდა ჩავერიო“. ეს კი დემოტივაციას და იმედგაცრუებას იწვევს.

მიეცით თქვენს შვილს დრო, რომელიც დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად სჭირდება ან თუ დრო ნამდვილად იწურება, ის მაინც აუხსენით, რატომ აღარ შეგიძლიათ ლოდინი. თან უთხარით: "ამჯერად მხოლოდ დაგეხმარები, რადგან მართლა დავაგვიანეთ, მაგრამ შემდეგ ერთად გავაკეთოთ"

6. „მორცხვი და მოუხერხებელი ხარ“

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ, რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ შვილებისთვის, უარი თქვან იარლიყებზე. იარლიყები ანგრევს ურთიერთობებს, რადგან იმ ნეგატიურ თვისებებს ატარებს, რომელსაც მშობლები ბავშვებში ხედავენ და რომლებთან გამკლავება პატარებმა არ იციან.

მეტიც, თუ ბავშვს მშობლებისგან გამუდმებით ესმის, რომ ის არის ასეთი თუ ისეთი, ის საბოლოოდ თავს სწორედ ასეთად ჩათვლის, მაშინაც კი, თუ თავიდან ასე არ ფიქრობდა საკუთარ თავზე.

პოზიტიურ იარლიყებსაც კი მოაქვს ზიანი. მაგალითად, თუ ბავშვს ჭკვიანს უწოდებთ, ეუბნებით, რომ გამოცდა იმიტომ ჩააბარა, რომ ჭკვიანია და თუ ბავშვი შემდეგ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ეს მისთვის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს. შესაბამისად, მოტივაციასა და თავდაჯერებულობას დაკარგავს.

ამიტომ, შეამჩნიეთ და შეაქეთ ძალისხმევა და არა შედეგი.