თაღლითი ექიმი საკუთარ თავს "ექიმ-მილოგს" უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ მედიცინაში არ არსებობს. თუმცა ამ ფაქტს არავინ დაუეჭვებია სამი წელი."ტირილი ბავშვის საქმეა. ტირილით უფრო მალე აღიდგენს ძალებს და ტვინიც უვითარდება", - ასე "ამშვიდებდა" მშობლებს ნიკოლაი ნიკონოვი, როცა მორიგ ბავშვს "ამტვრევდა".
მის "სასწაულებრივ" მეთოდებზე სოციალურ ქსელში არც ისე ცოტა ინფორმაციაა და კარგი გამოხმაურებებიც "ღმერთისგან მოვლენილ ექიმზე", თუმცა სხვები მას მხეცს და სადისტს უწოდებენ. ალბათ, უფრო ეს უკანასკნელია სიმართლე და ამიტომაც ელოდება მას მალე განსასჯელის სკამი.
"დიდი ხნის ინ უნდა გაესამართლებინათ. და ციხე კი არ მიესაჯათ, არამედ ისეთივე წამება..." - წერენ სოციალურ ქსელში დედები, რომლებიც ერთ დროს თავიანთი ნებით მივიდნენ მასთან, რომ მათი შვილი განეკურნა.
ნიკონოვი და მისი ცოლი უკვე დააპატიმრეს ყაზახეთში და ახლა მოსკოვში უნდა გადაგზავნონ, სადაც გაასამართლებენ.
საექიმო პრაქტიკა კი 2021 წელს დაიწყო და ასეთი იყო მისი წარდგინება - "ერთადერთი ექიმი მსოფლიოში, რომელმაც ათასობით პაციენტი გამოაჯანმრთელა, დიდიც და პატარაც, სხვადასხვა პრობლემისგან". დედების ფორუმებზე მალე გაითქვა სახელი და დედები ერთმანეთს ურჩევდნენ "სასწაულ ექიმს".
ექიმმა თითქოსდა მოიგონა საკუთარი მეთოდოლოგია, თუ როგორ დაეყენებინა ფეხზე ბავშვთა ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვები. სასოწარკვეთილი ოჯახებიც ხავსს ეჭიდებოდნენ და ექიმის სჯეროდათ. მით უმეტეს, უამრავი ვიდეო ჰქონდა გაზიარებული მკურნალს, როგორ აჯანმრთელებდა პატარა პაციენტებს. ვიდეოების ყურება ემოციის გარეშე ძნელია - როგორ წევს იატაკზე 5 წლის ბავშვი და განწირული ყვირის: "დედა, დედა, მტკივა!" დედას შიში აწერია სახეზე, თუმცა მაინც უჭირავს მაგრად ბავშვი, რომ არ გაინძრეს. ბავშვზე კი გაქვავებული ზის ზემოდან მამაკაცი, სხვადასხვა მხარეს საკმაოდ უხეშად და ძლიერად უტრიალებს ხელებს და ფეხებს. ექიმი უმეორებს მშობელს, რომ ცერებრალური დამბლა არის კუნთებში ცუდი ჰორმონების სიჭარბე და ასე ცდილობს ამ ჰორმონების გამოდევნას. მაგალითად, ბავშვის იძულებით ჩასმით შპაგატში.
"ჩემი შვილი ადელინა სამი წლისაა. ორი წელი ვიმუშავეთ ნიკონოვთან, 220 პროცედურა ჩავიტარეთ. დაგვპირდა, რომ სრულად გამოაჯანმრთელებდა და გვითხრა, არ გაგვეფორმებინა ინვალიდობის ჯგუფი, რადგან ნახევარ წელიწადში ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა. ორი წელი აწამებდა ბავშვს, როგორც ინკვიზიტორი, და გვიხსნიდა, რომ ასე უნდა იყოს", - ყვება ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.
რა თქმა უნდა, ექიმსაც უსვამდნენ მშობლები შეკითხვებს, თუმცა პასუხად ყოველთვის ესმოდათ, რომ მარტივი არ არის ეს პროცესი და უნდა მოეთმინათ. ისინიც ითმენდნენ. ასე ითმენდა ადელინას დედაც, ასე გადაუხადა ექიმს 30 ათას დოლარამდე ექვივალენტის თანხა და რასაკვირველია, ადელინა ფეხზე არ დამდგარა. ძვირფასი დროც, ნამდვილი რეაბილიტაციისთვის, დაიკარგა.
როცა მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შედეგით და უკან ბრუნდებოდნენ პრეტენზიებით, ნიკონოვის ცოლი მათ პასუხობდა, რომ მისი ქმარი აღარ მუშაობდა, პენსიაზე გავიდა. თუმცა რეალურად, რეაბილიტოლოგი კვლავ აგრძელებდა ბავშვების წამებას და მორიგ მსხვერპლს აჯერებდა, რომ მისი შვილი ფეხზე დადგებოდა.
"მე ფულს არ ვიღებ. ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ფული მომცა. ექიმობა ეს ხელოვნებაა, მე მომსახურებას არ ვუწევ. მომსახურება ფეხსაცმლის წმენდაა. ვისაც ჩემი ხელოვნება სჭირდება, მათ ესმით, რომ მე ოჯახი მყავს, ამიტომ, მე მათ ვეხმარები, ისინი კი ჩემს ოჯახს ეხმარებიან", - აცხადებდა ექიმი ფორუმში აგორებული მორიგი სკანდალის შემდეგ. არადა, სინამდვილეში საკმაოდ დიდ თანხებს იღებდა, სულ უფრო ზრდიდა თანხებს და მშობლებიც არ ილეოდნენ. ბოლოს სატელეფონო კონსულტაციაშიც კი 200 ევროს ითხოვდა და უხდიდნენ...
"ექიმი პასუხობს შეკითხვებს და ნახულობს ვიდეოს, ბავშვის ფოტოს, სწავლობს ნევროლოგის, ორთოპედის, ქირურგის და სხვა სპეციალისტების დასკვნებს. ამ შეკითხვებზე პასუხი რამდენიმე საათს მოითხოვს", - ასე განმარტავდნენ ნიკონოვის საიტზე კონსულტაციის ღირებულებას. 2 წლამდე ბავშვის სეანსი 300 ევრო ღირდა, 5 წლისთვის - უკვე 500 ევრო, 10 წლის ბავშვს კი უკვე 900 ევრო უწევდა. არც სხვა მხრივ ინდობდა მშობლებს - მოითხოვდა, რომ მის სახლთან ახლოს ექირავებინათ ოთახი, რათა მისთვის იოლი ყოფილიყო სეანსის მერე შინ დაბრუნება...
ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა მისი პარპაში, ადელინას მშობლებს რომ არ დაეწერათ საჩივარი. აშკარა იყო, რომ საქმე შარლატანთან ჰქონდა. საქმეც აღიძრა თაღლითობის მუხლით და ასევე - "მომსახურების გაწევის, რომელიც არ პასუხობდა უსაფრთხოების მოთხოვნებს". ეჭვმიტანილი ორივე მათგანია - 66 წლის ნიკონოვი და მისი ცოლი ლილია, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა ქმარს მშობლებისგან ფულის გამოძალვაში და ახალ-ახალი პაციენტების მოძიებაში.
ძიებისას უკვე გაირკვა, რომ ექიმი ტყუოდა იმ 6 სასწავლებელზეც, სადაც თითქოს სწავლობდა და იმ 12 საავადმყოფოზეც, სადაც თითქოს მუშაობდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გაიხსენეს, რომ 10 წლის წინ ის ჩვეულებრივი მასაჟისტი იყო და ცელულიტის დაშლას, ზურგის ტკივილის მოხსნას, გახდომას ჰპირდებოდა ადამიანებს 2-3 სეანსში. დაახლოებით 2018 წლიდან ანტიცელულიტური მასაჟიდან ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების "გაჯანსაღებაზე" გადავიდა და გახდა ექიმი-მილოგი - რაც ბუნებაში არ არსებობს. იპოვა ოქროს ორმო და არც შეცდა. სასოწარკვეთილი მშობლების რიგი არ წყდებოდა...