ყოველ ჯერზე, როცა სრულიად გარდაქმნილი ამანდა ბაინსის ახალი ფოტოები ქვეყნდება, თან მოჰყვება ხოლმე განხილვები. ამჯერად 38 წლის ამანდა ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. ბაინსი ახლა მანიკიურის სპეციალისტია და საერთოდ აღარ ჰგავს იმ "ოქროს გოგონას", რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, ნამდვილი ვარსკვლავი იყო და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.
ცოტა ხნის წინ თავის ინსტაგრამგვერდზე ამცნო გამომწერებს, რომ ტუჩებიდან ფილერები მოიცილა და უწინდელი ფორმა დაუბრუნა, ასევე ბლეფაროპლასტიკა გაიკეთა და თმაც შავად შეიღება. გარეგნობასთან დაკავშირებით მუდმივად ატარებს ექსპერიმენტებს და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მისი დეპრესიული მდგომარეობის ერთ-ერთი მანიშნებელია.
ახალ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ძირითადად, კრიტიკული. თუმცა ბევრიც გამოესარჩლა ამანდას: "ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ორჯერ უნდა იფიქრო, სანამ ბავშვის გავარსკვლავებას ხელს შეუწყობ", "ის ჰოლივუდმა დაანგრია", "დაანებეთ თავი, როგორც შეუძლია, ისე ცდილობს", "როგორ მწყდება გული, რომ რა ხანია, ის არ არის ის გოგო, რომელიც ყველას გვიყვარდა..."
ამანდა ბაინსი 2000-იანი წლების ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ლინდსი ლოჰანსა და ჰილარი დაფთან ერთად. უამრავ საოჯახო და ახალგაზრდულ კომედიაშია გადაღებული, იყო საკუთარი შოუს ვარსკვლავიც და Kids' Choice-ის ლაურეატი.
2010 წელს გააკეთა სკანდალური განცხადება სოციალურ ქსელში, რომ 13 წლისამ გაიკეთა აბორტი თავისი "ხელმძღვანელისგან" - ყველასთვის გასაგები იყო, რომ მსახიობი თავის პროდიუსერ დენ შნაიდერს გულისხმობდა.
გარდა ამისა, პოპულარობას მალე მოჰყვა სხვა პრობლემებიც - ჯერ კიდევ მოზარდი შეეჯახა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, რის გამოც კარიერის დატოვებაც მოუწია. 2013 წელს რამდენჯერმე მოხვდა პოლიციაში - ნასვამი მართავდა მანქანას, ერთხელ ფანს დაესხა თავს, ერთხელ კი ძარცვაც სცადა. ამანდას დედა დაუნიშნეს მეურვედ, თუმცა მალევე დაიხსნა თავი მეურვეობისგან. 2019 წელს რეაბილიტაცია გაიარა და ამბობს, რომ მას მერე ჯანსაღად ცხოვრობს. მანიკიური ისწავლა და ამ საქმიანობას მისდევს ახლა. თითქოს, მშვიდად ცხოვრობს, თუმცა მისი ყოველი გამოჩენა ახსენებს საზოგადოებას, რა რთული გზა გამოიარა და რას უშვრება ხშირად შოუბიზნესის სამყარო და პოპულარობა ადამიანებს, განსაკუთრებით კი - მოზარდებს.