„სიბრძნე სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია. როგორც თხზულების ხელნაწერში ვკითხულობთ, ავტორმა ის „ჟამსა სიჭაბუკისასა“ ანუ ახალგაზრდობაში, ბერად აღკვეცამდე დაწერა. კრებულში 300–ზე მეტი იგავია გაერთიანებული.
საინტერესოა, რომ რომ იგავ–არაკთა სათაურები თავად სულხან-საბას არ ეკუთვნოდა. ძველ ხელნაწერებში ისინი უსათაუროდაა შეტანილი. დასათაურებული იგავები პირველად გაჩნდა 1861 წელს შექმნილ ხელნაწერში, რომელიც ე.წ. ყრმათა საკითხავად განკუთვნილი წიგნი იყო. შემდეგ კი დასათაურებული იგავები 1892 წლის ბეჭდურ გამოცემაში გვხვდება. მას შემდეგ სულხან-საბას თხზულებები დასათაურებული ფორმით იბეჭდება და ვრცელდება.
ილია ჭავჭავაძემ, თავის პუბლიცისტურ წერილში „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე–სიცრუე“, გამოთქვა მოსაზრება სულხან–საბას „სიბრძნე–სიცრუის“ შესახებ და ისაუბრა ზოგადად იგავ–არაკებზე. წერილის დასაწყისში ავტორი ამბობს, რომ ხშირად უფიქრია, თუ რატომ დაარქვა სულხან–საბა ორბელიანმა თავისი იგავების წიგნს „სიბრძნე–სიცრუისა“. ის აღნიშნავს, რომ სიბრძნესა და სიცრუეს ერთამენეთთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს და ეკითხება თავის თავს, თუ რატომ უნდა ეკადრა საბა ორბელიანს, დარბაისელ კაცს, სიბრძნეში სიცრუის გარევა. შემდეგ კი ილია თვითონ სცემს პასუხს დასმულ კითხვებს. მისი აზრით, სულხან-საბას უნდოდა ეთქვა, რომ სიმართლეს ზღაპრით ამბობს, ზღაპარი კი „მოგონილი ამბავია, არაა მართალი, მაშასადამე, სიცრუეა“. ეს არ არის ის ტყუილი, „რომელიც სწამლავს და ჰშხამავს ადამიანს“. ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, იგავ–არაკია, ამისთანა ტყუილი კი, წერილის ავტორის თქმით, გამართლებულია. მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ამ ნაწარმოების სახელწოდება მოფიქრებულია „ვარლაამისა და იოსაფის“ წიგნის სათაურის მიხედვით, რომელსაც ქართულად „სიბრძნე ბალავარისა“ ჰქვია.
იგავ-არაკების ლიტერატურული ენა გამორჩეული და სახასიათოა. სულხან-საბა ძველ ქართულ მწერლობაში გავრცელებულ სიმბოლურ–ალეგორიული გამოხატვის ერთ–ერთ ფორმას – იგავურ ალეგორიზმის ხერხს იყენებს. თავისი კრიტიკული და ამავდროულიად, სატირული წერის მანერის ადამიანების არაერთ მანკიერ თვისებას ამხელს.
არსებობდა მოსაზრება, რომ სულხან–საბაზე გავლენა მოახდინა ფრანგმა მეიგავემ ჟან დე ლაფონტენმა. თუმცა რეალურად ეს მოსაზრება მცდარია, რადგან სულხან–საბამ ევროპაში 1713–1716 წლებში იმოგზაურა, ხოლო ლაფონტენი 1694 წელს გარდაიცვალა. სულხან–საბამ ფრანგული ენა „სიბრძნე სიცრუისას“ დაწერის შემდეგ შეისწავლა, ამიტომ ლაფონტენთან ლიტერატურული ნაცნობობაც გამორიცხულია. სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ სულხან–საბაზე გავლენა იქონია ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ. მის წიგნში მრავლად გვხვდება ქართული ხალხური იგავები.
თხზულება სრულად თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, პოლონურ, უნგრულ, ჩეხურ, სომხურ და უკრაინულ ენებზე, ხოლო ნაწილობრივ ფრანგულ ენაზე. 1991 წელს რეჟისორმა ნანა ხატისკაცმა, სულხან–საბა ორბელიანის იგავების მიხედვით გადაიღო ფილმი „სიბრძნე სიცრუისა“. რეჟისორმა მერაბ სარალიძემ გადაიღო იგავ–არაკ „სოფლის მაშენებელნიზე“ დაფუძნებული ორი მულტფილმი – „ტყის კვარტეტი“ და „ქვეყნის მაშენებლები“.
იცოდით, რომ საქართველოს ოფიციალური დევიზი, „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2004 წელს დამკვიდრდა, სულხან–საბა ორბელიანის ამავე სახელწოდების იგავზეა დაფუძნებული? აღნიშნული იგავის მიხედვით, მომაკვდავმა მეფემ მოუხმო თავის ოცდაათ შვილს და დააბარა ოცდაათი ისრის მოტანა. მეფემ შეკრა ისრები კონად და გადატეხა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ დაშალა და თითო–თითო ადვილად დატეხა, შვილებს მიუბრუნდა და უთხრა: „თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა“.