ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ის პირველი ქართველია, ვინც 100-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოლიმპიური მედალი აიღო.
აზერბაიჯანელ კოცოიევთან სულამანიძის დაპირისპირების შედეგზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა წარმოიქმნა. კოცოიევისა და სულამანიძის შეხვედრას, ევროპის ძიუდოს კავშირიც გამოეხმაურა. დაიწერა, რომ კოცოიევმა ფინალში მოგება საჩუქარად მიიღო.
გვჯერა, ილიას წინ კიდევ ბევრი წარმატება და ოქროს მედალი ელოდება. ახლა კი გაგაცნობთ, რა ხდებოდა მისი ასპარეზობის დროს ილიას ოჯახში, როგორი ბიჭია, რა თვისებებითაა გამორჩეული, ვინ არის მისი რჩეული? ჩემი რესპონდენტი ილიას დედა, ქალბატონი მანანა გოჩელაშვილი გახლავთ.
- ქალბატონო მანანა, ილიას ვიცე-ჩემპიონობას გილოცავთ! თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ.
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის! ილიას სახე რომ დავინახე, როგორ გამოვიდა ტატამიდან, ვერც ავხსნი, რა ემოცია დამეუფლა. იმ წუთებში არც ვერცხლის და არც ოქროს მედლებზე არ ვფიქრობდი. ჩემს ცხოვრებაში ისეთი ილია არასდროს მინახავს.
- მის სახეზე რა წაიკითხეთ?
- წაშლილი სახე ჰქონდა, ჩემი შვილი ვეღარ ვიცანი. იმედგაცრუებამ შეიძლება მიმიკები ცოტათი შეგიცვალოს სახეზე ადამიანს, მაგრამ ილიას თავისი სახე სულ აღარ ჰქონდა. დედის გამო ეს მარტივი გადასატანი არ არის, შემძრა ამ სურათმა.
- მისი პირველი ზარი როგორი იყო?
- რომ დაგვირეკა, უკვე ცოტათი დაწყნარებული იყო. როცა ოჯახი ილიას მდგომარეობას განვიცდით, ის აქეთ გვაწყნარებს. ისეთი ბიჭია, ჩვენზე ნერვიულობს. მე სულ ვცდილობ, ილიასთან ჩემი განცდები და ემოციები დავმალო, სულ ვამხნევებ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, დავამშვიდო. მადლობა უფალს ამ მიღწევისთვის. ხალხი კარიერას ისე ამთავრებს, ოლიმპიადაზეც ვერ ხვდება.
- 17 წელია, რაც ილია ამ სპორტშია, როგორი იყო ეს 17 წელი?
- იყო ბევრი სირთულე, ბევრი წარმატება, ბევრი გამარჯვება, ბევრი სიხარული... მამის დაჟინებული თხოვნა იყო ილიას ჭიდაობა დაეწყო. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ჩემი სურვილი იყო, შვილები ხელოვნების მიმართულებით წასულიყვნენ, მაგრამ მეუღლის უდიდესმა მონდომებამ გადასძალა. ჩვენ ცოტათი გვიან დავქორწინდით. ძალიან გონიერი მეუღლე მყავს, ვიცოდი, შვილებისთვის ცუდ არჩევანს არ გააკეთებდა. დღეს სიცილით ვიხსენებთ ერთ დღეს: ოჯახის წევრები ვიყავით შეკრებილები, ვმსჯელობდით, ილია და შაკო (ილიას ძმა) სად გვეტარებინა, ამ შეკრებას ჩემი და ესწრებოდა, რომელიც პედაგოგი გახლავთ. ჩემმა მეუღლემ თქვა, ბიჭები ძიუდოზე უნდა შევიყვანოო, მე და ჩემს დას გვინდოდა ცეკვაზე, მუსიკაზე გვეტარებინა, მაგრამ სიძის ხათრით ჩემმა დამ ვეღარაფერი თქვა, მერე ბიჭებს მიუბრუნდა; კარგი, დეიდა, შედით ჭიდაობაზე და ქორწილებში რომ წავალთ და საცეკვაო მუსიკას დაუკრავენ, თქვენ გამოდით სულამანიძეები და იჭიდავეთო. ამდენი წელია, ამ დღეს სიცილით ვიხსენებთ. ტყიბულში ქორწილებში ილია სულამანიძის სადღეგრძელოს ხშირად სვამენ და ახლა დეიდას ეუბნება, - ხომ მოგწონს და ამაყობო?!
5 წლის ბავშვი თავად ვერ განსაზღვრავს, რა მიმართულება უნდა აირჩიოს. ბიჭები ძიუდოზე რომ შევიყვანეთ, ამ მიმართულებას ჩემი მეუღლე განაგებდა, მე მათ სწავლაზე, განათლების მიღებაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. ჩვენი ოჯახისთვის მუსიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ილიამ მასწავლებელთან ფორტეპიანოზე სიარული რომ დაიწყო, 7 წლის გახლდათ. განაგრძეთ კითხვა