ნორვეგიის კრონპრინცესა მეტე-მარიტის შვილი, 27 წლის პრინცი მარიუს ბორგ ჰეიბი თავის შეყვარებულზე ძალადობაშია ბრალდებული - 20 წლის რებეკა ჰელბერგზე, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვეა ხვდება. მარიუსმა გოგონა ცემა და დებოში მოაწყო მის სახლში. მას ელოდება ჯარიმა ან წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუმცა თუ ფიზიკური დაზიანებები მძიმე აღმოჩნდება, ვადა შეიძლება ექვს წლამდეც გაიზარდოს. დღეს მარიუსმა პირველად გააკეთა კომენტარი ინციდენტზე და ბრალი აღიარა.
განცხადებაში, რომელიც ადვოკატთან ერთად შეადგინა და ნორვეგიულ ტელეარხს გადასცა, მან აღიარა, რომ ნარკოტიკებს იღებდა და ბოდიში მოუხადა თავის ოჯახს და შეყვარებულს. "გასულ უქმეებზე მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ფიზიკური დაზიანება მივაყენე და ბინაში ნივთები დავამტვირე, რადგან ალკოჰოლისა და კოკაინის მოქმედების ქვეშ ვიყავი, მორიგი ჩხუბის შემდეგ..." ასევე მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ტიპის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასაც ებრძოდა ადრე. მკურნალობის განახლებასაც გეგმავს. "ნარკოტიკების გამოყენება და ჩემი დიაგნოზები არ ამართლებს იმას, რაც მოხდა გასულ უქმეებზე. მინდა პასუხი ვაგო ჩემს ქმედებებზე და მართალი ვიქნები პოლიციასთან..."
დასძინა, რომ მისთვის ახლა მთავარია გოგონას წინაშე ბოდიშის მოხდა. "მან არ დაიმსახურა ის, რაც მოხდა იმ საღამოს, არც სასტიკი დევნა ნორვეგიული და უცხოური პრესისგან. ფოტოგრაფების და ჟურნალისტების თვალთვალი ასეთ მომენტში, ვიცი, რომ ძნელი გადასატანია".
მარიუსი უფროსი ვაჟია ნორვეგიის 50 წლის კრონპრინცესა მეტე-მარიტ ტიოსე ჰეიბისა, წინა ურთიერთობიდან. ის მანამდე დაიბადა, ვიდრე მეტე-მარიტი, ყოფილი ოფიციანტი, ნოვერგიის მეფის ჰარალდ მეხუთის ვაჟ ჰოკონს გაჰყვებოდა ცოლად. ქორწინების შემდეგ მეტე-მარიტმა ნორვეგიის კრონპრინცესის ტიტული მიიღო და მეფის ვაჟისგან ორი შვილი გააჩინა - 10 წლის პრინცესა ინგრიდი და 8 წლის პრინცი სვერე მაგნუსი, რომლებიც ტახტის მემკვიდრეები არიან. კრონპრინცესას უფროს ვაჟზე სამეფო პრივილეგიები და ტიტულები არ ვრცელდება და ის არც ტახტზე პრეტენდენტებს შორის არის. თუმცა საკმაოდ პოპულარულია ნორვეგიაში და სასურველი სასიძოა, ბევრი გოგონას გულთამპყრობელი.
ინციდენტი 4 აგვისტოს მოხდა - მარიუსი გოგონაზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს. ძალადობის შემდეგ გოგონამ მარიუსი სახლიდან გამოაგდო და პოლიცია გამოიძახა. ის კლინიკაში ტვინის შერყევით გადაიყვანეს და მეორე დღეს გამოწერეს. პრესაში ინციდენტის შემდეგ გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა: დამსხვრეული ჭაღი და კედელში გარჭმული დანა. გარდა ამისა, პრესაში წერდნენ, რომ პოლიციას აქვს აუდიოჩანაწერი მარიუსის ზარისა გოგონასთან, ინციდენტის შემდეგ. ის გოგონას სამეფო რეზიდენციიდან ურეკავდა და ემუქრებოდა მთელი მისი ქონების გადაწვას, თუ ისე არ მოიქცეოდა, როგორც თავად ეტყოდა.
მარიუსი მალევე დააპატიმრეს, კამერაშიც მოათავსეს და ანალიზებიც აუღეს, რომ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დონე შეემოწმებინათ. 30 საათში გაუშვეს, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებიათ. ახლა მას სასამართლო ელის.