ცნობილი ექიმი და ბლოგერი არჩილ მარაშანია "მაიმუნის ყვავილის" საფრთხეებზე და მკურნალობის გზებზე საუბრობს:
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იგივე მდგომარეობა იყო გამოცხადებული 2022 წელს, თუმცა, წლევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ არის ახალი შტამი, რომელიც წინანდელზე უფრო საშიშია.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის მაიმუნის ყვავილი?
ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა.
ენდემურად ის გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში.
რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული ამჟამად?
აფრიკის კონტინენტზე, მინიმუმ 13 ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირებისა და 500-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა, რომელთა უმეტესობა მოდის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
აფრიკის კონტინენტის გარეთ, პირველი შემთხვევა დაფიქსირებულია შვედეთში.
რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს?
ძირითადად, ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია ხელებზე, პირზე, სახეზე, გულმკერზე და გენიტალიების არეზე.
ასევე, შესაძლოა, განვითარდეს ცხელება, სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება, თავის, წელისა და კუნთების ტკივილი, რომელიც 2-დან 4 კვირამდე გრძელდება.
როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი?
ინფექციის გადაცემა ხდება დაავდებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით (ახლო კონტაქტი - კანით კანზე, გამონაყართან კონტაქტით, ლორწოვანთან კონტაქტით, ნერწყვთან კონტაქტით, ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით და/ან სექსუალური კონტაქტით).
როგორია მაიმუნის ყვავილის მკურნალობა?
ხელმისაწვდომი მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს (თუმცა, მიმდინარეობს კვლევები და არსებობს რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი). მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია.
როგორია მაიმუნის ყვავილის პრევენციული ღონისძიებები?
პრევენცია შესაძლებელია სავარაუდოდ ინფიცირებულ ადამიანთან/ცხოველთან კონტაქტისთვის თავის არიდებითა და ვაქცინაციით.
მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს, თუმცა, მისი რაოდენობა შეზღუდულია და მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.
ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე, ევროპაში გავრცელების რისკი დაბალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს განცხადება, პირველ რიგში, ემსახურება საერთაშორისო რეაგრების აუცილებლობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე კონცენტრირებას".