საზარელი შემთხვევა ყაზახეთში მოხდა. 16 წლის გოგონა ნახევარი წელი მონობაში ჰყავდათ მისივე თანაკლასელებს. ისინი გოგონას ნარკოტიკებს უკეთებდნენ და პროსტიტუციას აიძულებდნენ, მშობლების დახოცვის მუქარით და შანტაჟით.
როგორც დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, ყველაფერი იმით დაიწყო,რომ მათთან სტუმრად მისი შვილის თანაკლასელი გოგონა მოვიდა რამდენჯერმე, ხანდახან ღამეც რჩებოდა. მერე კლასელებმა სთხოვეს, რომ ის დარჩენილიყო მათთან ღამე სახლში. მშობლები თავიდან წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა დაარწმუნეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. "იანვარში თურმე ბავშვს ტელეფონი ჩამოართვეს და პროსტიტუციისთვის განკუთვნილ საიტზე დაარეგისტრირეს. მერე იმით აშანტაჟებდნენ, რომ არაფხიზელს, შიშველს გადაუღეს ვიდეო და ამ ვიდეოს გასაჯაროებით ემუქრებოდნენ", - ამბობს გოგონას დედა. ცოტა ხანს გოგონა პერიოდულად დადიოდა სკოლაში, ბოლოს კი სულ ჩაკეტილი ჰყავდათ და პროსტიტუციაში იყო ჩაბმული. "როგორც მერე გავიგე, შეუსვენებლად ამუშავებდნენ და თუ თანხის მათთვის გადაცემას დააგვიანებდა, ცემდნენ. ემუქრებოდნენ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, მშობლების სახლში გაზს გაუშვებდნენ და მთელ მის ოჯახს ამოხოცავდნენ".
მარტში დედამ სკოლას მიმართა, თუმცა დახმარების ნაცვლად იქ მუქარებით დახვდნენ, რომ გოგონას სპეციალურ ინტერნატს გადასცემდნენ, დედას კი მშობლის უფლებებს ჩამოართმევდნენ. "მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, ის ხომ მოზარდი იყო. მის კლასელებს ხელწერილებს ართმევდნენ, თითქოს გოგო სკოლაში დადიოდა, არადა, არ დადიოდა". როცა გოგონამ დიდი ხნით დაიწყო სახლიდან დაკარგვა, მშობლებმა პოლიციასაც მიმართეს, მაგრამ არ ეძებდნენ და ისინიც მშობლებს ემუქრებოდნენ უფლებების ჩამორთმევით. თავად გოგონა ურეკავდა მათ პერიოდულად ონლაინ და უყვებოდა, რომ კაფეში ოფიციანტად მუშაობდა ან ყვავილების მაღაზიაში გამყიდველად. თუმცა როცა მშობლები იქ მიდიოდნენ, ადგილზე ეუბნებოდნენ, რომ ასეთს იქ არავის უმუშავია.
ბოლოს ისევ გოგონამ მოახერხა მონობისგან თავის დახსნა და დედას ყველაფერი უამბო. სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საკმაოდ ბევრი დაზიანებაც ჰქონდა, თუმცა პოლიცია საქმის ძიებას არ ჩქარობდა. დედა ვარაუდობს, რომ კლასელებს შორის, ვინც დანაშაულში იყო ჩართული, ვიღაცას სერიოზული მფარველი ჰყავს და კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ მის კლიენტებს შორის იყვნენ გავლენიანი ადამიანები და ამიტომაც არავის სურს საქმის გამოძიება. მშობლები გაჩერებას არ აპირებენ. მათ გაარკვიეს, რომ ერთ-ერთი პირველი კლიენტი, ვინც გააუპატიურა გოგონა, ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომელი იყო. ბინა კი, სადაც გოგონა ჰყავდათ დატყვევებული, ერთ-ერთი დამნაშავის დედას ეკუთვნოდა და საგანგებოდ იყო მომზადებული ამგვარი შეხვედრებისთვის. მშობლები ეჭვობენ, რომ იმ ქალმაც იცოდა, რომ იქ კაცები დადიოდნენ. გარდა ამ ბინისა, იყო სხვა წერტილებიც (მაგალითად, საუნები), სადაც გოგონას ტაქსით უშვებდნენ კლიენტებთან.
მშობლების თქმით, გოგონა საშინელ მდგომარეობაშია, არ იცინის, არ იღიმის და არც კი ტირის, თითქოს ყველაფერს შეეგუა. ნაშიმშილარია და სხეულზეც ბევრი დაზიანება აქვს. პირველი დღეები არც ეძინა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურებიდანაც არ გამოხმაურებია არავინ ამ ამბავს და გოგონას არავითარი დახმარება არ მიუღია, ყველა ხარჯს მშობლები იღებენ, ფსიქოლოგი იქნება ეს თუ სამედიცინო მომსახურება.
საქმე აღიძრა, თუმცა მოზარდები ჯერჯერობით შინაპატიმრობაში არიან და გოგონას დედა ეჭვობს, რომ მსუბუქი სასჯელით გავლენ ფონს.