"ქეით მიდლტონის ავადმყოფობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, ის ოპერაციამდე ბევრად ადრე გახდა ავად" - მშობლები

"ქეით მიდლტონის ავადმყოფობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, ის ოპერაციამდე ბევრად ადრე გახდა ავად"

2024-08-17 10:43:55+04:00

ქეით მიდლტონის დაავადება იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოება გაიგებდა - წერს Daily Beast Daily Mail-ის მასალებზე დაყრდნობით.

Daily Mail-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ მიდლტონი ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე გახდა ავად. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, მისი ავადმყოფობა საზოგადოებისთვის დამალული იყო. ოპერაციის შემდეგ კი მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

"არა მგონია, ხალხს ესმოდეს, რა განიცადა მან და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს. ავადმყოფობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ხალხს ჰგონია" - განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ. როგორც გამოცემამ გაარკვია, პრინცესას ადრინდელ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება არ იგეგმება. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მიდლტონი მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში მიიღებს მონაწილეობას.

ქეით მიდლტონმა საზოგადოებაში გამოჩენა 2023 წლის დეკემბერში შეწყვიტა. მისი არყოფნა თავდაპირველად მუცლის ღრუს მოულოდნელ ოპერაციას მიეწერებოდა, რომელიც მან 2024 წლის იანვარში გაიარა. მარტისთვის ქეითის ხანგრძლივი დუმილი მრავალი შეთქმულების თეორიის მიზეზი გახდა. საბოლოოდ კი პრინცესა იძულებული გახდა, ვიდეომიმართვა ჩაეწერა, სადაც განაცხადა, რომ კიბოს ებრძოდა.