ახალი და საკმაოდ მავნე თაღლითობის შესახებ სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში დაწერა ინტერნეტმომხმარებელმა და მას ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუდასტურა კომენტარებში, რომ თავადაც გახდა ამგვარი თაღლითობის მსხვერპლი:
"ხალხო, არ მოტყუვდეთ. ახალი აფიორაა. გირეკავენ სახლის ტელეფონზე, რომ თქვენს ნათესავს, დედას, ცოლს, შვილს მანქანა დაეჯახა და სასწრაფოდ ფული უნდა გადაურიცხოთ. დღეს დილით "დედამ" დამირეკა, მისი ხმა იყო, წითელზე ვითომ გადადიოდა და მანქანა დაეჯახა, ფეხი, ხელი მოტეხილი ჰქონდა, მობილური დამტვრეული, ამიტომაც სახლის ტელეფონზე რეკავდა. მძღოლი სიკვდილის პირასაა და მძღოლის ოჯახი განცხადებას წერს, რომ დედა ციხეში ჩასვან. მერე აძლევს ყურმილს ვიღაც გამომძიებელს, რომელიც მეუბნება, რომ თუ ოპერაციის თანხას 21 000 $-ს გადავიხდით, მაშინ საჩივარს არავინ არ დაწერს. და თუ სრული თანხა არ მაქვს, ნაწილებად დამერიცხა. დედის ნომერიც გამორთული იყო, იმწამსვე დავურეკე. რა მექნა, გამოვიძახე ტაქსი, წავედი რესპუბლიკურში ვაჟაზე. თურმე საავადმყოფო სექტემბრამდე დაკეტილია. ადგილზე დაცვა დამხვდა, და მისი თქმით, მე ამ კვირაში მე-10 თუ მე-11 ადამიანი ვიყავი, ვინც კანკალით მოდიოდა საავადმყოფოში. ხალხი მართლა ურიცხავს თანხას და მერე იგებენ სინამდვილეს.
ფრთხილად იყავით, ჯერ ყველაფერი გადაამოწმეთ, დარეკეთ საავადმყოფოში, ზარი თუ არ გადის, მიდით და ადგილზე გაარკვიეთ. ამ კაცმა მერე კიდევ დამირეკა და მემუქრებოდა, რომ ციხეში აღმოვჩნდებოდით... ლაპარაკობენ როგორც ქართულად, ასევე რუსულად. მაქსიმალურად გაავრცელეთ, ყველას მოუყევით".